რ ო მ ა ნ ი


ტიციან ტაბიძეს

მოსწყინდა პეიზაჟი ბალახვნის ქუჩის: სამიკიტნო, გაყვითლებული ხეები, მტვერი. უსაქმო ქარი აფრიალებს ყურძნით დასვრილ ქაღალდებს.

აგონდება რუსეთი: დიდი ქალაქის ხმაური. საკონცერტო დარბაზი, ამხანაგები, სამოვართან ოცნება საქართველოზე, ქუთაისზე. გრძელი გზა, ჩქარი მატარებელი. ჯერ იალბუზი, მერმე კასპის ზღვა. მელოტი ბაქო, გორის ატმები, რიონის ტყე ხუთი წლის უნახავი. ბალდახინივით ნელი მატარებელი.

დიდი გზა დარჩა რიონში. გამოჩნდა ბაგრატის ტაძრის ჩონჩხი, ბოლოს ქუთაისი: ცოცხლების სასაფლაო - ჩუმი, ნელი, უდარდელი. არღანი, აპატია, შემთხვევითი ნაცნობების ნელი-ნელ ჩამოშორება. კარჩაკეტილობა. ცარიელი იყო წლები. არავინ ახსოვს, რომ მოელანდოს.

სცვივიან ფოთლები უიმედოდ, ეფერებიან ფანჯარას, მიჰყვებიან ქარს.

წყაროსთან ადიოდა აღმართზე. დაიღალა. კენჭი მოხვდა ქუდზე. გული მოუვიდა, აიხედა: ციხის ყორეზე გადმომჯდარა ქალი და კენჭებს ათამაშებს. აუჩქარა, ავიდა, შეამჩნია თეთრი თითები. გულში სარკმელი გაიღო, გრძნობა გაიშალა. გამოჩნდა გელათი, რიონის ჭალა, აჭარის მთები.

ქვაზე ჩამოჯდა შორიახლო. ნატრობს ქალის გამოხედვას. გამოიხედა. ქერა თმა და ამ ცასავით ლურჯი თვალები. სიხარულით თავის ხელს აკოცა. ქალი ნანგრევებისაკენ წავიდა. უნებურად უკან გაჰყვა.

შევიდნენ ტაძარში. ხავსიანი ქვები პატივით ხვდებოდნენ ახალ დედოფალს. უნებურად ქუდი მოიხადა. გახუნებული ბერი თავისებურად უხსნიდა ამაყი კედლების ისტორიას. ნელინელ ბინდში იკარგებიან სუროები და მერცხლის ბუდეები.

ქალმა საათს დახედა, ტუჩზე იკბინა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ტაძრიდან.

მან ბერს ფული აჩუქა, გამოვიდა, ქალი აღარსად იყო.

მთელი ღამე არ უძინია. ფიქრობდა საბედისწერო კენჭზე. იხსენებდა კაბის ფერს. საწოლში ვერ ისვენებდა.

სადილობს.

ზარი ნარვიული, სხვანაირი. სარკმელში გაიხედა და გული აუთამაშდა: კარებთან შეწუხებული სახით იდგა და ზარს რეკდა ის ქალი.

აჩქარდა, სავარძლებს ბუდეები გადააძრო და გაათბო ჰაერი ხავერდის ფერებმა.

დავიწყებული ყელსახვევი გამოისკვნა სარკის წინ, თმა გაისწორა და ფრთხილად გაუღო კარი ძვირფას სტუმარს.

აზიელი მონის მორიდებით ემსახურებოდა ბედნიერი ამაყს, უსიტყვოს, უცნობს.

ქალი წავიდა აბრეშუმის შრიალით.

გაღიმებული თვალებით აშტერდებოდა ქალის ფეხის ნაკვალევს. პაციენტებს აკვირვებდათ მისი სადღესასწაულო ფერი და ზრდილობა.

გაიარა ზამთარმა თოვლით და მარხილებით.

გაშრა მარტის ტალახები. დაცარიელდა თეატრი, კლუბი.

ამწვანდა საფიჩხია და ქალაქის ბაღში გამოეფინენ გადასული მოდებით.

იარა ყველგან, ვეღარ ნახა.

გადაეჩვია ყელსახვევის ლამაზად გამოსკვნას, თითებს აღარ ილამაზებს.

მიატოვა საღამოები, თეატრი, აღარ იპარსავს წვერს ყოველდღე.

ჩაიკეტა ოთხ ოთახში.

მარტო პარასკეობით გამოდის მწვანე ბაზარში და ყაფანზე. თვითონ იმზადებს სადილებს - მოსამსახურეს ვეღარ ჰგუობს. ოთახები არ იგვება. მტვრით იფარება სავარძლები, მაგიდები, ჩარჩოები, იძინებენ ოთახები და ნაცრისფერდებიან.

გაბურძგნული დადის კაბინეტიდან საწოლ ოთახში, იქიდან სამზარეულოში.

ეშინია მარტოობისა და უხარია ცეცხლის დანთება. ადამიანები აღარ უყვარს, აღარც გაზეთები.

გადიან წლები. ქუთაისი არ იცვლება. ძველი ბინა, პაციენტები, მარტოობა.

მთელი ღამეები ფიქრობს ბედნიერ ზაფხულზე.

ობობამ დაქსელა ყველა კუთხე.

სურათები კედლებზე გამოხუნდნენ. დამტვერილ სარკეში არავინ იხედება.



ერთხელ, სიზმარში, დააკაკუნეს, გაიხედა: ის მოსულა თავსაფრით, ფეხშიშველი.

ცეცხლი დაუნთო.

ქალი ხელებს ითბობდა ბუხართან და სწუხდა.

უეცრად, სურათი შეიცვალა: ცხენებით მიდიან რაჭისკენ. დედოფალი მორთულა ფარჩით და ძვირფასი თვლებით. ეს - მისი პირველი ვეზირი, ამალას მიუძღვის და კრძალვით ისმენს დედოფლის ნაჩუქარ სიტყვებს. მზიანი დღეა. აბრეშუმის ფერები ინაზებიან ცხელ სხივებში. გაპობილი კლდეებიდან წყაროები ჩამორბიან დედოფლის სანახავად.

- პირველო ვეზირო, აქეთ ჩვენ ორნი წავალთ,

-ბრძანა დედოფალმა.

გამოშორდნენ ამალას.თეთრი ცხენებით მიარღვევენ გოლიათ კლდეებს. გული უცემს: ელის უცნაურს, კარგს.

გამოაღვიძა ხმაურმა. სამიკიტნოში ჩხუბობდნენ.

მხიარული იყო მთელი დღე.

მეორე ღამესაც მოვიდა სიზმარი, შეხვდნენ ძველი ნაცნობებივით. უამბო თავისი მარტოობა, ტანჯვა, ქალს შეეცოდა, მოეფერა.

ააჟრჟოლა მისმა შეხებამ.

წასასვლელად ადგა სავაძლიდან ძვირფასი სტუმარი. ფარჩა მტვრით დასვროდა. გაუწმინდა, მოუბოდიშა.

დილიდან არავინ მიუღია. მთელი დღე სწმენდდა, ობობას ბინა არ დაუტოვა: სურათებმა ჩარჩოებიდან გადმოიხედეს და სარკე გაპარსულ სახეს იზიდავდა.

შეიცვალა.

დღისით პაციენტებს იღებს, ამთქნარებს, სადილობს ზარმაცად, გვის, სწმენდს სავარძლებს, დაალაგებს მთელ ბინას.

პირს გაიპარსავს, ბუხარში ცეცხლს დაანთებს. აღელვებული გამოისკვნის ყელსახვევს. ასე მორთული გაიარს გაჩირაღდნებულ დარბაზში, მხიარულად დაიფშვნეტს ხელებს.

ნავახშმევს მორთულობას სკამით თავთან დაიწყობს და სიზმრისთვის ჩაწვება სუფთა ლოგონში.

ძილში ავიწყდება ბალახვანი, ავადმყოფები, მარტოობა.

ფეხაკრეფით მოდის ძველი მეგობარი. იხსენებენ პირველ შეხვედრას, მიდიან გელათში, მოწამეთაში.

უხარიათ მონასტრის სიმშვიდე.

მოგზაურობენ უცხო ქვეყნებში, ითოშებიან მოსკოვის ყინვაში და თბებიან ეგვიპტეში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი