ზამთრის ქიმერა
ვალერიან გაფრინდაშვილს კრძალვით და სიცივით მოკუნტულმა შეაღო ყავახანის კარები. კალთამოხეულ სმოკინგს თოვლი ადნებოდა. ჩირაღდნებიან სუფრებზე ქეიფობდნენ სტუმრები. დამჭკნარი სახე გაუსწორდა, მოწყენილი თვალებით დოქებს გაუღიმა. ათქმევინეს ლექსები სიყვარულზე, სიცილზე. ვინმე ზარხოშმა ღვინის ნაჟური მიაწოდა, ეზიარა ქეიფს. სუფრიდან სუფრასთან გადადიოდა. შეკრთა, სმოკინგის მოხეული კალთა ხელით დაიფარა, მოიკუნტა. ამღვრეულმა თვალებმა მოიწყინა და კანკალით გამოვიდა გარეთ. სიცილი და სითბო დარჩა ყავახანაში. გათენებამდე დაბორგავდა თოვლიან ქუჩებში. ბრილიანტებად ბრწყინავდა გაყინული ფიფქი. სმოკინგზე, თმაზე ათოვდა მეოცნებეს. აშენებდა სასახლეებს, ქალაქებს. ფარნის ქვეშ ატირდა თეთრ დედოფალზე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი