ოცნება
ხელოვნების მიზანია შექმნა სილამაზისა, მშვენიერებისა, პოეზიისა და ხელოვანი ყველგან დაეძებს ამ სილამაზეს; დაეძებს მას ცაში, დაეძებს მიწაზე, ოცნებაში, სინამდვილეში, სიყვარულში და სიძულვილში. იგი ფუტკარსა გავს, რომელიც მარტო ერთ ყვავილს კი არ ეტანება, არა, იგი ყველგან მიფრენს, სადაც ტკბილი ნექტრის ამოწუწვნა შეუძლია. პოეტს დიახაც ნება აქ, სადაც უნდა იქ ეძიოს მშვენიერება, ოღონდ კი იპოვოს იგი და ჩვენთვის ხილულ გახადოს. ჩვენ არ შეგვიძლია უბრძანოთ მას, გინდა თუ არა, ამა და ამ ადგილზე იპოვე მშვენიერებაო, სხვაგან ნუ დაეძებო, თუნდა ვთქვათ, იგი მიწაზე ეძივო, როგორც ამბობენ ზოგნი. არა, ეს შემცდარი აზრია. დე პოეტმა თუნდა საზიზღრობიდანაც ამოიღოს მშვენიერება, მხოლოთ კი მშვენიერება იყოს! იგი თავისუფალია. ასეც რომ არ იყოს, რატომ მარტო სიყვარულშია მშვენიერება და არა სიძულვილში? რატომ უნდა ვეძიოთ იგი სინამდვილეში და არა ოცნებაში? მე თუ მკითხავთ, სინამდვილეში სილამაზე არცაა. სინამდვილე ტლანქია, მოუხესავი; იგი გონებისთვისაა და გულს არ ეკარება; თუ ოცნებაში არ გაიბანა, გალამაზდა, ისე გულში ვერ შეიჭრება. როდესაც თქვენ სინამდვილით ტკბებით, გგონიათ, ეს მართალია? არაა. თქვენ მაშინ გაბრუებულივით ხართ, თქვენ მაშინ ოცნების ნელი სიო გიბერავთ და იმ სიოს ნაზი ხმა სინამდვილეს ახშობს და თქვენ ტკბებით. სინამდვილე მხოლოდ ჩონჩხათ თუ გამოდგება, თორემ ხორცი მას ოცნების უნდა შეასხა არ არსებული და მაშინ განიცდით სილამაზეს. რაც არ არსებობს, ჩვენ ის გვატკბობს, ხოლო არსებული გვემწარება. ამიტომაა რომ გვიყვარს მუსიკა. იგი გვავიწყებს სინამდვილეს, ზღაპრებში გვაცურებს და ჩვენ ტკბილ მელოდიით, არყოფნის მხარეში გადატყორცნილნი, ვნეტარებთ. იქ თავს მსუბუქათა ვგრძნობთ. ვიცით, რომ იქ სინამდვილის გულის მსერავი ტანჯვა არ არსებობს და ამიტომ მუსიკის სევდაც კი ტკბილია. სინამდვილით დატკბობა შეუძლებელია, მოუხერხებელი. ყოველ დღიურ სინამდვილეში გარმონია არ არსებობს, არ არსებობს მშვენიერება. ის პოეტი რომელიც სინამდვილეს აღწერს თუ იქ გარმონიას თვით არ შექმნის მაშინ მისი შემოქმედება მშვენიერების ხატება არ იქნება, ესთეთიურ განცდას ვერ გამოიწვევს, და თუ გარმონიას შექმნის, პოეტი უკვე სასწაულმოქმედია, იგი სინამდვილის საზღვრებს სცილდება და ოცნებიდან სესხულობს. ამიტომაცაა, რომ ვამბობთ, ,,მგოსნმა შექმნაო''; იგი გარმონიას, პოეზიას ქმნის, კი არა ხატავს! და თუ სინამდვილე დატკბობის წილ გვტანჯავს, თუ მშვენიერება ბოლოს და ბოლოს მაინც ოცნების ნაყოფია, არ შეიძლება, რომ ბარემ ჩონჩხიც ოცნებიდან ავიღოთ, რომ სინამდვილე აღარაფერმა გაგვახსენოთ და სრულ თავდავიწყებით უფრო ღრმად განვიცადოთ მშვენიერება! ძალიან შემცდარი არიან, როდესაც ზოგიერთი კრიტიკები და ხან პოეტებიც, ტენდეციებით ხელძღვანილნი, მოუწოდებენ ნამდვილ ხელოვნებს: ,,სინამდვილე ხატეთო''. არა ბატონებო! ისინი მხატვრები კი არა, შემოქმედნი არიან და ოცნების სამეფოში უფრო თავისუფლათ მოიქნევენ მგოსნის ჩაქუჩს და თქვენ, თუ გემარჯვებათ, სინამდვილეში ეძიეთ მშვენიერება, ოღონდ ნამდვილი მშვენიერება დაგვანახეთ. „ჩონგური“ № 3,4 ენკენისთვე, 1911 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი