სათაური პოეზიაში


ქუთაისი

ამ წერილს ნათლად აზის მოუმწიფებლობის ბეჭედი; მე ახლა ამის მიღება აღარ შემიძლია, მაგრამ ერთგვარ სიმართლეს კი ახლაც ვხედაც შიგ. აქ პირველათ ჩაისახა ჩემი აზრი პოეზიაზე როგორც რაღაც მისტიურზე, გონებისთვის მიუწვდომელზე. მაშინ, ეს აზრი მკაფიო სახით ჯერ კიდე არ მომვლინებია და წერილშიდაც ბუნდოვანი სახე მიიღო, გადამახინჯდა. ალ. ცირეკიძე 4 დეკემბერი, 1911 წ.

სათაური პოეზიაში

პოეტის სახეს ახლა დაეძებენ რითმების ხასიათში და რიტმის ანომალიებში. ადამიანი იცნობა ყელსახვევის გამოსკვნით ან ახალუხის ფერით. ამ მეთოდებით მწერლის დასახასიათებლად შეიძლებოდა სიტყვების, ცალკე ხმების ან სასვენი ნიშნების სტატისტიკური გადარჩევაც. მოვლენებში საგნები ცნაურდებიან მრავალნაირად. ამ მხრივ ყველაზე უფრო შესანიშნავია სათაური. ტეოფილ გოტიეს თქმით, „მოკლე და პოეტურ ფორმაში იგი დაასკვნის საერთო იდეას წიგნისას და აღნიშნავს მის ტენდენციებს“. ჩვენ სხვანაირად ვიტყოდით. ბოლოს და ბოლოს: პოეზია არის მოვლენათა იქით გადახედვა და სახელების დარქმევა საგნებისთვის. ამ სასწორზე უნდა აიწონოს ყველა, ვისაც აქვს პრეტენზიები პოეტის სახელის ტარების. მარტო ეს კრიტერი გამოიცნობს მართალ ხმას და გაზომს მის სიმაღლეს. ამ ხაზით შეგნებულათ მიდის სიმბოლისტების შკოლა. ინტუიციით ამ გზასთან მისულა ბევრი ჭეშმარიტი პოეტი სხვა ჯგუფებიდან. ლექსში, პროზაში – ყველგან მთავარი მომენტია სახელების დარქმევა, მოძებნა ნოთანაბრე სახეების, ინტიმურ განცდათა სიიტყვიერი პარალელების. და, თუ ავტორმა სათაურში რეზიუმე უნდა გაუკეთოს მთელ ნაწარმოებს, მთელ წიგნს, მაშინ სათაურშიდაც არი შემოქმედების მთავარი მომენტი, მაშინ სათაურიც სახელის დარქმევაა უფრო მოკვეთილი და, ამიტომ, უფრო ინტენსიური. განსაკუთრებით ეს ითქმის იმ სათაურის შესახებ, რომელიც იწერება ნაწარმოებზე ადრე: ხშირად აქ მიგნებული ნამდვილი სახელი შრეტს შემოქმედ ნებას და სათაური სჯობნის ვრცელს. ასეთია გრიგოლ რჩეულოვის სათაური - „ქვრივის ლიმონები“. ქმედითი სათაური თანაბარია თვითონ წიგნის და თავისთავად წარმოადგენს ესთეტიურ ღირებულებას. გრძელად თქმა, შედარებებით და აღწერით ასახვა საგნების აღარ აკმაყოფილებს კულტურით დატვირთულ ადამიანს. მეტაფორა თანდათან ფასდება და შეიძლება მინიატიურიზმის გზას რომანიდან სათაურთან მივყავდეთ. შეიძლება წიგნების მაგივრად სათაურების წერა დავიწყოთ. ამის ნიშნები უკვე არი ჩვენ ლიტერატურაში. აქ დავიმოწმებთ ვალერი ბრიუსოსაც: „ო, დაფარე შენი მკრთალი ფეხები''. ამ მხრივ თითქო ბოლომდი მივიდენ რუსი ფუტურისტები: სათაურს გადასცილდენ და ცარიელ ქაღალდებს ჰყიდნენ წიგნებათ. მაგრამ ეს უსიტყვო წიგნები უფრო ახლო იყო სენსაციასთან. მინიატიურიზმის გზა დიდია, გრძელი. მისი თავი აღმოსავლეთში იკარგება, მაგრამ საშიში და ძნელია გზა იგი, ჭეშმარიტათ ბეწვის ხიდია პოეზიის სასუფეველში და მასზე სიარული ემარჯვება მარტო რჩეულებს. „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის'', მაგრამ ყველას არ ვურჩევთ „შაირი''-ს თქმას. პოეტის მთელი ხელოვნება, მისი კულტურა სათაურს დააჩნდება პირველათ. ის სახეები და ის სახელები, რომლებიც აწუხებენ პოეტს, პირველათ მის სათაურში უნდა ვეძიოთ. ბოდლერი: „ბოროტების ყვავილები“, „დონ-ჟუანი ჯოჯოხეთში“, „პარიზის სიზმარი“, „დედაბრები“, „ბრბო“, „ქვრივები“, „ბებერი პაიაცი“, „ნახევარი სამყარო თმებში'', „მიპატიჟება სამგზავროით'', „მთვარის საჩუქრები'', „ლიტანია სატანას''. ამ შემთხვევით ამოწერილ სათაურებშიდაც ხომ ცნაურდება ავტორი, რომელმაც შეხედა ქვეყანას ახალი ასპექტით და მოიტანა ახალი სახელები. ჟიულ ლაFორგის ირონია და მოწყენა, მისი კვირა დღეები ასე განათებულია მის ჩივილებში: „ჩივილი ორგანისტის წმ. ღვთიშობლის ეკლესიაში ნიცცაში'', ,,ჩივილი პროვინციელ მთვარეს'', ,,მაღალი ფიჭვების ჩივილი მიტოვებულ ვილლაში'', ,,სამგლოვიარო მარში მიწის სიკვდილზე'', ,,ზამთრის დაისი'', ,,ახალი მთვარის ლიტანია'', ,,მთვარის სოლო'', „კვირა დღეები'', „კეთილი შემოდგომა'' და ყველა ერთად: ,,ფეერიული სობორო''. მარტო სათაურები რომ დაეტოვებია ჟიულ ლაFორგს, მისი პოეზია ჩვენთვის არ იქნებოდა ნაკლებათ ძვირფასი და გასაგები. თითოეულ ავტორზე ამ მეთოდით შეიძლება დაიწეროს სპეციალური გამოკვლევა. ქართულმა ლიტერატურამ შემთხვევით იცოდა საინტერესო სათაურები. სათაურის კულტურა ჩვენში უეჭველად ახალმა შკოლამ შემოიტანა და „ცისფერი ყანწები''-ს შემდეგ ქართულ სათაურს მეტი პრეტენზიები აქვს. შეიძლება პოეტის სახე მომავალში მარტო სათაურებში ეძიონ. მეტათ გაიზარდა წიგნთსაცავები და აჭრელდა ვიტრინები. პოეტების სახელები ძნელი დასამახსოვრებელი შეიქნა. აღარ დაიტევს ერთი ადამიანის სიცოცხლე ამოდენ წიგნს. იცვლება წერის მანერა. გზა მინიატურით მიდის სათაურისკენ . შეიძლება შეიცვალოს კითხვის მანერაც და მომავალმა ერუდიტმა მარტო სათაურები იცოდეს ალ. ცირეკიძე „მეოცნებე ნიამორები'' წიგნი მესამე, დეკემბერი 1919

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი