მინიატჲურა


ჩვენში ახლა ძალიან გავრცელდა მინიატჲურა.ეს ფორმა ყველაზე უფრო შეიყვარა აწინდელმა ქართულმა ბელეტრისტიკამ.მაგრამ ჩვენში ხალხი და ხშირად კრიტიკაც ყალბი აზრისაა მინიატურაზე.

მეოცე საუკუნეში ყელაფერს მიზეზი უნდა მოეძებნოს და ჩვენში მინიატჲურასაც მოუნახეს მიზეზი. მის გენეზისს ელექტრონის ტრამვაის უკავშირებენ და ამბობენ: ევროპაში ელექტრონის და მოტორის ხანაა; იქ ცხოვრების ტემპი ძალზე აჩქარდა, გრძელი ამბებისთვის, დიდი მხატვრობისათვის აღარავის სცალია; ბუნებრივია, რომ ევროპაში მინიატჲურის წერა დაიწყეს რომანების მაგივრადო. დასძენენ: ჩვენში ცხოვრება ჯერ საკმაოდ ძნელია, აქ მინიატუჲრა ანორმალური მოვლენაა, ჩვენ ჯერ რომანები უნდა ვწეროთო. არაა ეს მართალი.

არც ისაა მართალი, ვინც ყველა მინიატუჲრისტებს ერთ შკოლაში აჯგუფებს.

მინიატუჲრა ფორმაა, ისე როგორც რომანი, ტრიოლეტი, სონეტი. შკოლას უმთავრესად ახასიათებს წერის მანერა და არა ფორმა. სონეტებს სწერდენ კლასიკებიც, პარნასელებიც, სიმბოლისტებიც; და არავის მოსვლია ფიქრად სონეტის ავტორები ერთ რკალში, ერთ სახლში მოემწყვბდია. პეტრარკა, პრიუდომი და მალარმე არ არიან შკოლის მოზიარენი.

მინიატჲურის ფორმა არ შობილა ევროპაში. მისი აკვანი, როგორც ბევრი სხვა ფორმის, აღმოსავლეთშჲი დაირწა პირველად.

მინიატჲურა ყველაზე უფრო მხატვრობაშია ცნობილი. დიდი ხანია ადიდებენ სპარსელ მინიატჲურისტებს და სწორედ აღმოსავლეთში უნდა შობილიყო მინიატჲურიზმი, მიკროსკოპიზმი. დიდ სურათს უნდა ფართო, გაბედული კალმის მოსმა. ეს შეიძლება ჩქარ ქვეყნებში. მინიატჲურა წერტილებით იწერება. იმას ზანტი, მოზომილი ხატვა უნდა. მინიატჲურას მოცლილი სპარსელი უნდა ხატავდეს შუადღისას ჭანდრის ჩრდილში. მონასტრის მშვიდ კედლებში ხატავდენ მინიატჲურებს გელათის სახარებისთვის. სადაც მინიატჲურაზე ფიქრობენ, იქ ცხოვრების ფერადი კარუსელი ისე ნელა უნდა ბრუნავდეს, როგორც არსად სხვაგან: მინიატჲურული ფორმა აღმოსავლეთის კანონიერი შვილია და ევროპაში ის მოგზაურობს მხოლოდ.

ევროპაში მინიატჲურას მაინც ჰყავს თავისი სახელოვანი კავალერები: კატულ მენდესი, შარლ ბოდლერი, ოსკარ უალდი, სტეფან მალარმე, ვილიე დე ლილ ადანი, ალტენბერგი,ტეტმაიერი, რუსეთში - ტურგენევი, რემიზოვი.

საქართველო ევროპის კარებზეა. ჩვენ ევროპას სამხრეთის ლურჯ ჰაერში უნდა შევხედოთ პირდაპირ და არა ჩრდილოეთის გაყინულ სათვალეებით. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს როლი საქართველოსი. ყველაზე უფრო ჩვენ უნდა შევიყვაროთ მინიატჲურის ფორმა და ერთხელ კიდევ გავაკვირვოთ ევროპა, როგორც ჩვენი წინაპრები აოცებდნენ მათ უჩვეულო მინანქრებით.

ჩვენს მწერლობაში მინიატჲურის ფორმა გვიან შემოვიდა და მალე გაბატონდა. ყველგან მინიატჲურებსა წერენ ახლა საქართველოში, მაგრამ ეს მწერლები ეკუთვნიან სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფებს თავის მსოფლმხედველობით, მანერით, ტემპერამენტით, მინიატჲურის ფორმაში შეიძლება ამღერება მრავალნაირად და ჩვენი მინიატჲურისტების მანერაც ნაირგვარია.

ყველაზე ადრე ჩვენში მინიატჲურიზმის გზას დაადგა ვაჟა-ფშაველა. მისი წერის მანერა ძველია,რეალისტურია. ვაჟას უყვარს დეტალების ამოხატვა, მაგრამ ისე, რომ მის ხელს მუდამ მართავს ვაჟას თავისებური პანტეიზმი.

ვაჟა-ფშაველას დროსვე ადრე დაიფერფლა ნიჭიერი დეკანოზიშვილი, ნაზი, უცხო, ვაჟას შემდეგ თანდათან იკლო ქართული მოთხრობის მასშტაბმა და ახლა ქართული ჟურნალ-გაზეთები ნამდვილი მინიატჲურებითაა მოფენილი.

რომანის გადაგვარების პროცესი ჩვენში დამთავრდება მინიატჲურის საბოლოო დაკანონებით და მიღებით.

ჩვენს მინიატჲურისტებში ყველაზე უფრო პოპულარულია ჯაჯუ ჯორჯიკია და ნიკო ლორთქიფანიძე.

ჯორჯიკია დამთავრებულ სიუჟეტს გადმოგვცემს უბრალოდ, მოკლედ.

სულ სხვაა ნიკო ლორთქიფანიძე. მას ერთი გარკვეული წერის მანერა აქვს რომანში და მინიატჲურაში. ლორთქიფანიძე იმპრესიონისტია და, როგორც ასეთი, ნამდვილი შვილია ელექტრონის და სიჩქარის. ლორთქიფანიძის მანერა ფრანგ მხატვარ ლოტრეკის მანერასა ჰგავს. ის აიღებს რომელიმე ნაჭერს მთელისას და ამოხატავს. მის მინიატჲურებში ყოველთვის გრძნობთ, რომ ეს ეპიზოდია მთელის.

კიდევაა ჩვენ მინიატჲურებში საინტერესო სახელები. აღარ ჩამოვთვლი.

მე მინდოდა მხოლოდ ზოგი კორექტივი შემეტანა პოპულარულ აზრებში მინიატჲურის შესახებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი