ორსახიანი იანუსი


ორი ანტიტეზაა: პოეზია და პროზა, ლექსი და პროზა. პირველში იგულისხმება ფსიქოლოგიური მომენტი, მეორეში სტილისტური. ეს ანტიტეზები ჯვარედინია და არ ფარავენ ერთმანეთს.

ძველიდანვე ბევრი პროზა იწერებოდა ლექსით. პირველი ქართული ბილეთი ლექსად იყო: „შაური ორი, გაბრიელ მაიორი“. მაგრამ პროზისთვის უფრო მოხერხებულია სადაო თქმა.

პოეზიამ თავიდანვე იცოდა ორივე სტილისტური სახე. პოეზიისათვის ყველაზე უფრო თავდადებულ სტეFან მალარმეს რჩეულ კრებულს ჰქვია - „ლექსები და პროზა“. პოეზია ერთია და მისი სამკაული რაგინდ რაფერი და ყველა ძვირფასი. ვინ დაეჭვდება მკვდარ „ბრიუგეს“, უაილდის ზღაპრების, ანდრე ბელის „პეტერბურგის“, დავით კლდიაშვილის „როსტომ მანველიძის“ ან ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონის“ პოეტურ ღირებულებაში!

ევროპაში ლექსმა და პროზამ ძმურად გაიარეს ყველა პოეტური შკოლის სამჭედური. ჩვენში თავიდანვე სხვა პირობები შეიქმნა. X-XI საუკუნიდან ქართული პოეზია მეფის სასახლეში დაბინავდა. კარის მწერლობა არასოდეს არ სწყალობს პროზას: ეს - სადა, შორს სამგზავრო სამოსია, უცხო ამბების მოსასმენი; მისი ბინა სავაჭრო ცენტრები, შარაგზები, დიდი მონასტრები. ფეოდალის სასახლეში საჭიროა ხოტბა, მჩატე, სასიმღერო ფორმები. ლექსი ბრილიანტების და თვალმარგალიტის სამკაულია, მოჭედილი ხანჯალია. იგი უხდება სასახლის მუდმივ დღესასწაულს, ცელქობას და მსუბუქ ინტრიგებს. ლექსის წერაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საქართველოს მეფეები და დიდებულები. ეს მდგომარეობა მეტად დიდხანს გაგრძელდა. ქართული პოეზია ბოლომდე დარჩა მეფის კარზე: იყო პროზის ცდა, მაგრამ ვერ შეითვისა; ლექსის ფორმები დაობდა და სპარსელების მონობაში ღაფავდა სულს.

ამას გარდა ქართული რომანისთვის საბედისწერო შეიქნა „ვეფხისტყაოსნის“ უჩვეულო ავტორიტეტი და მისი ფორმები დღემდე მაგალითად გაუხდათ (ს. შანშიაშვილი). XIX საუკუნეში ჩვენი პოეზია რუსულს აძლევდა ხარაჯას. იქ დიდი ხანია პუშკინს პირველობას ეცილებიან გოგოლი, ტოლსტოი, დოსტოევსკი. მოსკოვიდან პეტერბურგიდან წამოიღეს მათი სიყვარული ახალგაზრდა ქართველებმა და პოეტურმა პროზამ საქართველოშიდაც შეიძინა სახელები: ჭონქაძე, რჩეულოვი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ყაზბეგი, ნინოშვილი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, შიო არაგვისპირელი... მაგრამ რვა საუკუნის კარის მწერლობის ინერცია იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ქართულმა პოეტურმა პროზამ დღემდი ვერ იპოვა მკითხველი და დეკანოზიშვილის მინიატჲურები ყოველდღიურ პრესის ფურცლებზე იკარგებიან. ქართველ მკითხველს გადაავიწყდა იანუსის მეორე სახე.

სულ სხვა იყო ევროპაში. დიდი სახელები ტოლსტოისა და ბალზაკის არ იმტვერებოდა ბუკინისტის თაროებზე. იქ პროზა არ დარჩენილა იაფ რბილ რკინად და სონეტთან ერთად მუშავდებოდა პროზის ბრინჯაოსა და ფოლადის ფორმები. პოეტები იხდიდნენ ვალს იმის წინაშე: ვიქტორ ჰიუგო, პუშკინი, ტეოFილ გოტიე, ვილიე დე ლილ ადანი, გიუსმანი და დიდი ამერიკელი ედგარ პო. ევროპის დიდი ოსტატების ხელში ლექსიც და პროზაც ისე დაიქნა, დაიშალა, რომ ამ ფორმების შესახებ შეიძლება დაიბადოს ახალი აზრი და პერსპექტივა.

ახალმა პოეზიამ არ იცის ლექსისა და პროზის გარკვეული საზღვარი. აქ ნახევარტონებია, თანდათანობით გადასვლა ერთი სტილისტიური ფორმიდან მეორეზე. უკვე შარლ ბოდლლერი ასე აფასებდა პოეტურ პროზას: ,,რომელი ჩვენგანი არ ოცნებობდა სასწაულიან პოეტურ პროზაზე, უმეტროდ და ურითმოდ, საკმაოდ მოქნილზე და მორჩილზე, რომ შეეფარდოს სულის ლირიულ გაქანებათ, ოცნების ხვეულობას, სინდისის შეშფოთებას".

პოეტური პროზა უკანასკნელად დაიფერფლა და დაიწმინდა მალარმეს ხელში. მალარმემ ყველაზე უფრო კარგად ასწონა სიტყვის ფონეტიკა და უკანასკნელად არია ლექსის და პროზის საზღვარი. მისი თქმით „ლექსი არის ყველგან, სადაც კი არის რიტმი, ყველგან, გარდა აფიშებისა და გაზეთების მეოთხე გვერდის. პროზას რომ უწოდებენ, იქ ლექსიც გვხვდება, ხანდახან საოცარი რიტმებით. ბოლოს და ბოლოს,პროზა არც კი არსებობს: არის ალფაბეტი და მერე ლექსები, ბევრად თუ ცოტად შეკრულნი, ბევრად თუ ცოტად არეულნი. ყოველთვის, როცა კი არის მოჭიმვა სტილით, არის ვერსიფიკაციაც“.

ლექსს ახასითებს მეტრი და რიტმი. უაილდისა და მალარმეს პროზაში რიტმი ძალიან მაღლა ადის. ქართულ პოეზიაში რიტმული პროზის ნიმუშები აქვთ ნიკო ლორთქიფანიძეს, [...] არისტო ჭუმბაძეს. მეტრიც თანდათან ჰკარგავს თავის პირვანდელ მნიშვნელობას. ფრანგმა სიმბოლისტებმა დააკანონეს თავისუფალი ლექსი და ემილ ვერჰარნმა ყველაზე უფრო იცოდა მისი ფასი. თავისუფალ ლექსში მეტრის მნიშვნელობა მინიმუმამდე დადის და პროზის რიტმს უახლოვდება: თითებზე დათვლილი ლექსის მონოტონური ხმაური იქ იცვლება ნაირ ზომათა ახალი გარმონიით. თავისუფალი ლექსის კულტურა ჩვენში პაოლო იაშვილს ეკუთვნის. [...] ლექსისა და პროზის უკანასკნელი საზღვარია რითმა. პროზას არ ეგუება და ამახინჯებს წმინდა რითმა (ჩვენში მ. ბოჭორიშვილმა). მაგრამ რითმა – ალიტერაციად გაგებული – პროზას თავიდანვე სჩვევია. ბოლოს და ბოლოს: ლექსი უმთავრესად დამყარებულია ხმოვანი ასოების მეთოდზე. ლექსის ახალი რაინდებიც მეტი ყურადღებით ეპყრობიან თანხმოვანებს (დისონანსი).

ლექსის სასტიკი ფორმები საჭირო იყო მაშინ, როდესაც პოეზია მუსიკის მხლებლად ითვლებოდა. ფრანგ სიმბოლისტების ხელში პოეზიამ იცნო თავისი თავი: მის არსებას შეადგენს სახეები და სიტყვის შინაარსი. ფონეტიკა მხოლოდ სამკაულია მისი. პოეზიის ემანსიპაცია ხდება თანდათან: სონეტის მკაცრი ფორმების გვერდით გაიხარა თავისუფალმა ლექსმა, პროზა დაიწმინდა გიუსმანსის და მალარმეს პროზამდე. ანდრე ბელის ,,სიმფონიებში" საზღვრები იშლება.

პროზისა და ლექსის გზები არაა ბოლომდი პარალელურნი და რადგან მათი სიბრტყე ერთია (პოეზია უმთავრესად), ისინი სადმე შეხვდებიან ერთმანეთს. სადაა ეს მათი საერთო წერტილი? შეიძლება ეს იყოს ვალერი ბრიუსოვის: „ო, დაიფარე შენი მკრთალი ფეხები“. შეიძლება – პოეზიის უკანასკნელი სტილისტიური სახე სათაურია.

ჟ. „შვილდოსანი“ 1920, № 2-3. თებერვალი-მარტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი