პოეტი და მკითხველი
კულტურა კონუსით შენდება: მეტი მაღალი მეტი ვიწროა და მწვერვალებზე დგომა შეუძლია მარტო ერთეულებს. პოეზია ყველგან ერთია არსებითად, მაგრამ ადამიანის განცდას აქვს საფეხურები და ისტორიის სიგრძეზე პოეტური თრთოლვა იცვლება და წვრილდება, იცვლება პოეტური ხედვის ობიექტი, სიუჟეტი, იცვლება თვითონ ხედვის მახვილობა და მომართვა. როგორც მუსიკალური ხმები, ისე პოეტები არიან სხვა სიმაღლის. მოვლენასთან მისვლას აქვს ნაირი დაღუნვა და აფერადება სანახაობის. არი აღმართები და დაღმართები, მაგრამ საერთო ხაზი მაინც აღმართია. არი პოეტური ხედვის დაფერვა, არი პოეზიის კულტურა: მიწვდომა, გაჩვევა, გზის გაგნება. ყოველი შემდეგი ეპოქა უფრო რთულია და ახალი. ფრანგმა პარნასელებმაც კი – წმინდა – ლიტერატურულმა შკოლამ – პოეზიას ახალი ბოროტების ყვავილები დაამყნეს: გჲუგომ მისწერა ახალგაზრდა ბოდლერს - ,,პოეზიაში თქვენ მოიტანეთ ახალი თრთოლვა". ჰო, ბოდლერი, მალარმე – ესაა ხაზი ამ ახალი თრთოლვის. ,,ყორანი",,ბოროტების ყვავილები", ,,ზამთრის თრთოლვა". შემდეგ ლაფორგი ირონიით და ტკივილით. მისი ჩივილები ჭეშმარიტად ახალი ხილვაა სამყაროსი, ,,გაბზარული ვაზის". ასევეა სიტყვიერ და ყოველ სხვა ხელოვნებაში. ჩვენი ათვისების მთავარი გზები – სმენა, მხედველობა – არაა ერთნაირად ღია და გატკეცილი. კულტურა, დისციპლინა სვლის შვენიერი ათვისების კანონებს. ერთეულებში ყოველთვის არი შესაძლებლობა ძველით დადაღვის და წყურვილი ახალი სპეტაკი ხილვის. ვაგნერი, სკრიაბინი, თავისუფალი ლექსი, იმპრესიონიზმი, თავის დროზე საერთო დონეზე მაღლა დგომა იყო. არის კონუსი ოსტატობის. მწვერვალებმა იცის სიცივე მარტოობის. პოეტს შეუძლია იყოს მარტო: ამაში ერთნაირი სიამივნებაც არი – სიამოვნება ტანჯის. ხელოვანისთვის მარტოობა სიკვდილია. ხელოვნება ხომ თქმაა – თქმას მსმენელი უნდა. მსმენელები მრავლათაა კონუსის დაბლა ფენებში. მსმენელები ჯოგათ მიყვებიან ეპიგონებს უკვე მიღწეულ სიმაღლეზე. კონუსი წვრილდება და ვიწროვდება რკალი მკითხველების. ევოლიუცია ნელი და თანდათანი. ევოლუციას ადვილათ მიყვება ფართო აუდიტორია. მაგრამ რევოლუციონერს – გულივერის დიდი ნაბიჯებით რომ ადის მაღლა ახალი ცის დასანახავათ – ბრბო ვერ გაყვება – ბრბო გატკეცილი გზით მიდის. ოსტატს გენიოსს სჭირდება მკითხველი გენიოსი, რომელიც მისი თანაბარი იქნება ხედვის და სმენის დაწვრილებით. პოეტს გენიოსს უნდა შეხვდეს მკითხველი გენიოსი, რომლის თვალები გაუძლებდეს ქვეყნის ახალი გვერდით დანახვას. მაღალი აუდიტორია ზოგჯერ ამაღლებს ხელოვანსაც და ათქმევინებს მაქსიმებს. მკითხველების სახელებს იშვიათად ინახავს ისტორია – არიან ბედნიერები – მეცენატი, სტანკევიჩი, ბელინსკი, ლუდოვიკ ბავარიელი, არჩილ მიქაძე, ალი არსენიშვილი. ეს ხდება მაშინ, როდესაც მკითხველი შემოქმედების ბედში ერევა ქონებით ან დამფასებელი სიტყვით. მაგრამ მკითხველის პათოსი უფრო ხშირად პასივობაა, სმენაა, მიმღეობაა. როდესაც კითხულობ ლიტერატურის დიდებული ეპოქების ისტორიას, გრძნობ დიდებული ჩრდილების სიახლოვეს. არ ვიცით მათი სახელები და სახეები, მაგრამ კეთილშობილი ჩრდილები მათი უცნაურათ არხევენ და ათბობენ ჰაერს. ჟ. „მეოცნებე ნიამორები“, №9. 1922 იანვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი