პოეზიის ნაპირები


სამთავროს პოეზიის არაა შემოხაზული საბოლოოთ. პოეზიას ყოველთვის სჩაგრავდენ და მეტოქეებიც. პოეზიას ყოველთვის სჩაგრავენ და პოეტის სახელს სცვეთდენ ათასნაირად. იმას გაუჩნდა მეზობლებიც და მეტოქეებიც. პოეზიას ურევენ ლექსთწყობაში, ხელოვნებაში ფილოსოფიაში და პუბლიცისტიკაშიდაც კი.

პოეზია ენერგიაა, ქმედობაა, გადალახვაა საზღვრების. პოეზია მაშინვეა, როდესაც ათვისება იღებს მისნურ ხასიათს და მისი თქმა ფერებით და ხმებით არაა სავალდებულო. ალი არსენიშვილს და არჩილ მიქაძეს არც ერთი სტრიქონი არ შეუტანიათ პოეტურ მწერლობაში, მაგრამ ისინი პოეტები არიან უთუოდ: მე მწამს, რომ მათთვის ჩვეულებრივი ნივთები იბნიდებიან სხვა სამყაროების გამოსაჩენათ.

პოეზია არ ეტევა ლიტერატურაში. ის უფრო მაღალია და მისი თვალები ისვენებს ხან მუსიკაში, ხან მხატვრობაში. პოეტებია სკრიაბინი და გუდიაშვილი. პოეზია განცდაა და მისი გამოთქმა შეიძლება პეტრარკას სონეტით, პროზით, სიმფონიით და უისტლერის საღებავებით. არაა სავალდებულო თქმის სიკეთეც. ცუდი პროზა ხშირათ ჩვენი აზიური მოდერნისტების გათლილ ლექსებზე უფრო პოეტურია.

პოეტის განცდა მაღალ საფეხურებზე იღებს ან ტრაღედიის ან ირონიის ხასიათს. ვისაც ეზმანება ორეულები წარმავლის, იმას შეუძლია ლაFორგივით გაასვენოს დედამიწა. ირონია შეიძლება მივიდეს თქმის უარყოფამდე და უნდა მოველოდეთ ამაყ პოეტებს, რომლებიც აღარ გამოსთქვამენ თავის განცდებს. ჭეშმარიტი პოეზიის ორღობე მიდის ამ უფრულისაკენ; აქ იქნება ნამდვილი კრიზისი ძველი პოეზიის: დიდი განცდები აღარ დაიმტვერება ვიტრინებში მუშტრის მოლოდინში და ფილისტერებს აღარ დასჭირდებათ იუბილეების გადახდა პოეტებისათვის. მაგრამ იუბილეები მაინც იქნება: ფილისტერმა არ იცის ჭეშმარიტი პოეზია-მისთვის ყველა სახელები თავსდება ხელოვნებაში. მისთვის მისაწვდომია მხოლოდ უშუალო განცდა, განცდა ფიზიოლოგიური. ის ხუთი გრძნობის გალიაშია და ყველა სიმფონიები ბეტჰოვენის მის ყურის ბარაბანს არ სცილდება.

პოეზია არაა ნაწილი ხელოვნების. ხელოვნებას საკუთარი სამთავრო აქვს იგი სტილია, ფორმაა, საფარველია მაიასი. გარეგნობაა ერთი სიტყვით. მას აქვს ინსტიკტიური მიხვედრა გრძნობათა კაპრიზების და ეძებს უფრო მისაღებ და ადვილ ფორმებს. საუკუნოებით მუშავდებოდა კანონები სიმეტრიის, გარმონიის; ხელოვნება ტეხნიკაა, მიღწევაა. ის არაა დინამიური, ის ტატიურია თავის უმაღლეს საფეხურებზე. ხელოვნებამ იცის მარადი ფორმები ფუგის, სონეტის, კორინთის და იონიის კოლონების . ფორმა უდიდეს როლს თამაშობს არხიტეკტურაში და აქ ყველაზე გამოჩენილია ხასიათი ხელოვნების: დაკანონებული ფორმები და კომპოზიციები ორეულებივით მეორდებიან დროში და სივრცეში.

ხელოვნებას საქმე აქვს მარტო მატერიალურთან. ფერების შერჩევა, ხაზების მოშვილდვა, ხმების შეწყობა ისე რომ თვალს ეამოს, სმენა დატკბეს-ხელოვნებას სხვა აზრი არა აქვს.

ხელოვნური ნაწარმოები შეიძლება იყოს თავისთავადი, მარტოოდენ ფორმა უშინაარსო. იგი შეიძლება შედევრიც იყოს ოსტატობით, მაგრამ მეცხრე ცის გადაღმა არ გადაგვახედებს. ასეთია იგორ სევერიანინის ლექსები, იტალიანური მუსიკა ხშირათ, მოდერნიზმის ცრუკლასიკური ხელოვნება და ყოველი კლასიციზმი იდეალიში. ესაა ხელოვნება ხელოვნებისთვის, ფორმა ფორმისთვის, წმინდა ფორმა წმინდა ფაბულით. მას პოეზიასთან არაფერი კავშირი არ აქვს და მისი მნიშვნელობა იმგვარივეა, როგორც, „ზაფხულში ტკბილი ლიმონათი”.

უფრო ხშირათ ხელოვნება მოჯამაგირეა, იგი თავისი ლამაზი ფორმებით ტანსაცმელივით მიდის საცვეთად პუბლიცისტიკასთან, ფილოსოფიასთან, არითმეტიკასთანაც კი. იგი პასიურია მონასავით და ადამიანის ხუთ გრძნობას მორიდებით უსწრებს წინ, რომ მის სასიამოვნოთ გაალამაზოს ყოველივე – მეცნიერება, რელიგია, ქუჩები, ოთახის მორთულობა.

უტილიტარული ხელოვნება ხშირათ საღდება „აზრიან ხელოვნებათ”. ასეთია აკაკი წერეთლის ლექსები ბანკობიაზე. მისმა მოწაფეებმა ვერ გაიგეს მისი „აღმართ-აღმართი”და „სულიკო”და თმაგათეთრებულები დღემდი ლექსავენ მიმდინარე ცხოვრების ფილოსოფიას 200 ბწკარში და პოეტების ლექსიკონში თავის სახელს ელიან. მაგრამ მხატვრულად დაწერილი ფილოსოფია ან პუბლიცისტიკა იგივეა, რაც ვრუბელის ორნამენტებით შემკული ბუხარი, აკაკის საბანკო ლექსები გავს შაქრით დატკბილულ პილიულებს. ეს „აზრიანი პოეზია” არაა პოეზია; იგი მხოლოდ ბელეტრისტიკაა, სულ ერთია ლექსათაა თუ სადათ დაწერილი აქ გალამაზებული ნივთებია მთელი თავისი სიმძიმით.

ასე რაინდებივით პირისპირ დგანან პოეზია და ხელოვნება და ხმალში იწვევენ ერთმანეთს. ბედნიერ მომენტებში ისინი მეგობრებივით ხვდებიან. პოეზიასთან თანამშრომლობა ყოველთვის ამაღლებდა ხელოვნებას: აქ იგი არ იყო არც აზრიანი და არც ცარიელი.

პოეტური თქმა არაა ყოველთვის ხელოვნური თქმა. ჩვენ დიდ პოეტებს ნიკოლოზ ბარათაშვილს და უფრო ვაჟა-ფშაველას უწუნებენ სიტყვის ოსტატობას.

ხელოვნებას საქმე აქვს ჩვენ ხუთ გრძნობასთან უმთავრესად. იგი თითქმის ხელშესახებია და უფრო ადვილია მასთან მეცნიერული მეთოდებით მისვლა. ამიტომაა, რომ ესთეტიკა იმედიანათ ეძებს სიმეტრიის და სილამაზის კანონებს. ესთეტიკა ფორმის, სტილის, ათვისების თეორიაა. პოეტიკა იქნება თეორია განცდის. პოეტიკა უმთავრესად მეტაფიზიკური და მისტიური იქნება.

ხელოვნების ჩაქუჩი გაუძლებს დროთა ბრუნვას. იმას არ ეშინია ფორმების გამეორების. მაგრამ თუ პოეზიამ უარი თქვა სოფელზე და თავის სენაკში ჩაიკეტა, ხელოვნების გამოწვდილ ხმალს არავინ უპასუხებს ფილისტერები ვერ შეამჩნევენ მის მარტოობას.

ალ. ცირეკიძე

„მეოცნებე ნიამორები”

წიგნი მეექვსე, ოქტონბერი, 1921

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი