კაკილა
პოეზია
I არამც თუ სულიერ არსებას, თვით უსულო საგანსაც თავისი მოთხოვნილება აქვს, რადგან იგი ცხოვრების ფერხულშია ჩაბმული და ცხოვრება კი რაა, თუ არ ჩვენთვის გამოურკვეველ იდეალის მისაღწევათ სხვა და სხვა მოთხოვნილებათა წამოყენება და მათი დაკმაყოფილება? და ადამიანი ხომ ყოველ არსზე მეტ როლს თამაშობს ცხოვრებაში და ცხოვრებასაც იგი მეტი მოთხოვნილებით აღჭურვია. ამ მოთხოვნილებათა შორის ითვლება ესთეტიური მოთხოვნილებაც, მოთხოვნილება სილამაზისა. მის არსებობაზე ლაპარაკს მე მეტად მივიჩბევდი, რომ ზოგიერთებს ეჭვი არ შექონდეთ ამაში. ამბობენ, რომ ესთეთიური განცდის უნარი ადამიანს ბუნებით არ დაყვებაო და ამას მაგალითით ამტკიცებენ: სადაც ბევრი ქარხნებია და ტეხნიკური მოძრაობაა, იქ მცხოვრებნი ყველაფერს პრაქტიკულის თვალსაზრისით უყურებენ და სილამაზეზე წარმოდგენაც არ აქვთო. ეს მათ დამამტკიცებელ საბუთად მოყავთ და ჩემი აზრით კი მათივე გამამტყუნებელია. ისინი ივიწყებენ, რომ ესთეტიური მოთხოვნილება ერთგვარი უნარია და, როგორც ასეთი გასავითარებლათ ვარჯიშობას თხოულობს და უიმისოდ გაქრობის გზას დაადგება. ეს ბუნებრივი კანონია. მაგალითად, თუ თევზს ისეთ ადგილას მოათავსებთ დიდი ხნით, სადაც შესახედი არაფერი იქნება, მას მხედველობა დაეკარგება, და ბოლოს ნუ თუ გიმნასტიური ვარჯიშობაც ამ კანონზე არაა აგებული? ესთეთიური განცდის უნარს არ შეუძლია გამონაკლისი შედგინოს და ფაბრიკა-ქარხნები კი მისთვის ვერაფერი სავარჯიშო მასალაა. აი რითი აიხსნება მათი მაგალითი და, შემიძლია ვთქვა, აი რითი მტკიცდება ესთეთიური განცდის უნარის ანუ მოთხოვნილების არსებობა ადამიანში სხვა მოთხოვნილებებთან ერთად. ხოლო თუკი ესთეტიური განცდა მოთხოვნილებაა, მისი დამაკმაყოფილებელი საშუალებაც უნდა არსებობდეს და მართლაც არსებობს: იგი პოეზიაა. რა არის პოეზია? აი კითხვა, რომელზედაც გადაჭრილ პასუხს ძნელათ მიიღებთ. ამის მიზეზი მარტივია: სიტყვა „პოეზია“ გონებისათვის მშრალია, მუნჯი, ხოლო გულისთვის კი მეტად მეტყველი. ამიტომაც გამოთქმა მისი გვეძნელება... და მართლაც რაა პოეზია? ჩვენ მივჩერებივართ ჩვენს წინ გადაშლილ ბუნების სურათს და უნებურათ აღმოგვხვდება: „რაოდენი პოეზიაა!“ გვესმის მუსიკის მშვენიერი კილო, ან ვკითხულობთ რაიმე პოეტურ ნაწარმოებს და იქაც იგივე ამოძახილი: „რაოდენი პოეზიაა!“ რას ნიშნავს ეს ფრაზა? ამის ასახსნელათ გამოვუკვლიოთ, თუ როდის წამოვიძახებთ მას. ჩვენ როდესაც ჩვენ წინ გადაშლილ ბუნების სურათს შევცქერით, თუ კი მის ფერადებში ერთგვარ გარმონიას არ დავინახავთ, არამც და არამც ხსენებული ფრაზა არ წამოგვცდება. თუნდა მუსიკის კილო; თუ კი იქ გარმონია არაა, არც მშვენიერებაა, არც პოეზიაა და სილამაზეს ვერ განვიცდით. სადაც გარმონია არაა, არც პოეზიაა; სადაც მეტ გარმონიასა დავინახავთ, იქ პოეზიასაც მეტსა ვგრძნობთ. ეს კი ამტკიცებს, რომ პოეზია გარმონიაშია, პოეზია თვით გარმონიაა, სრული, ყოველმხრივი გარმონიაა. როგორც ვთქვით, ადამიანს გარმონია ბუნებაშიდაც შეუძლია დაინახოს და მით დაიკმაყოფილოს ესთეთიური მოთხოვნილება, სილამაზე განიცადოს. ასეთი ესთეთიური განცდა ბუნებრივია, ე.ი. პოეზიას თვით ბუნებაში ვპოულობთ. ცივილიზაცია იგონებს სხვა და სხვა საშვალებებს ადამიანის მოთხოვნილებათა დასაკამაყოფილებლათ და არც ესთეთიური მოთხოვნილებაა მივიწყებული. მის დამაკმაყოფილებელ საშვალებასაც ხელოვნურათ ქმნიან, ხელოვნურათ ქმნიან პოეზიას და ამას, ადამიანისაგან ხელოვნურათ მშვენიერების შექმნას წმინდა ხელოვნება ეწოდება. იგი რამოდენიმე დარგათ განიყოფება: მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, ხუროთ მოძღვრება და სიტყვაკაზმული მწერლობა. საზომი მათი ყველასი ერთი და იგივეა; მათი დაფასება ერთ და იმავე პრინციპზეა აგებული. „სრული მშვენიერება! სრული გარმონია!“- ო გვიკარნახებს იგი. სადაც სრული გარმონია არაა, სადაც სრული მშვენიერება არაა, იქ არც პოეზიაა და ასეთ ნაწარმოებს პოეტურს ვერ უწოდებთ; ხოლო თუ კი იგი პოეტური არ იქნება, ვერც წმინდა ხელოვნების შვილათ ჩაითვლება, რადგან ცმინდა ხელოვნება პოეზიაში გამოიხატება. მაგრამ ბევრს ეს ავიწყდება და ხელოვნებას სულ სხვასა თხოვენ. ესენი, როგორც მე გამიგონია, ორ ბანაკათ განიყოფება, პირველი „ხელოვნება ხელოვნებისათვისო“ გაიძახიან. მეორენი კი ხელოვნებაში ცარიელ აზრს დაეძებენ. პირველნი ფანტასტირები არიან, მეორენი უკიდურესი რაციონალისტები. „ხელოვნება ხელოვნებისათვისო“. მე აქამდის ეს ფრაზა არც კი მესმის. აქ რაღაც ფანტასტიურია. რას წარმოადგენს ხელოვნება ცხოვრების, თუნდა, ადამიანის გარეშე, თავის თავად რომ მისთვის ვიშრომოთ? თუ იქნებ ფიქრობთ, რომ მარადიული რამ შექმნათ! ამ დევიზის მატარებელს ხელოვნების დანიშნულება ავიწყდებათ. მაგრამ არანაკლებ ივიწყებს მას მეორე ბანაკიც. ისინი იქმდე მიდიან, რომ პოეზია და აზრი სინონიმებათ გაუხდიათ. თუ აზრი ნაწარმოებისა არ მოწონთ, იქ ყოველივე პოეზიის არსებობას უარყოფენ. აზრში პოეზია არაა! აზრში ხელოვნება არაა! აზრი და პოეზია ეს სულ სხვა და სხვანი არიან. აზრი პოეზიის ნაწილია და პოეზია აზრისა. ისინი ერთმანეთში იმყოფებიან, მაგრამ განყოფილათ. აზრი ხელოვნურ ნაწარმოებში იმოდენათ უნდა დაფასდეს, რამოდენათაც იგი საერთო გარმონიას ხელს უწყობს. აზრი ხელოვნური ნაწარმოების სულია, მაცოცხლებელი ძალაა და საჭიროა მისთვის ისე, როგორც ანგელოზები ღვთისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს აზრმა თვით მოინდომა ღმერთობა, პოეზიათ თავის დასახვა. სცდებოდა გეინეთს, როდესაც ამბობდა: „ხელოვნებაში ყველაფრის ფორმა შეადგენს და შინაარსი კი არაფერს“. ღმერთო ჩემო! ასეთი გაუგებრობა, ასეთი არევ-დარევა და თითქოს გვერდზე ავლა ჭეშმარიტებისათვის! არა ბატონებო! ხელოვნება არც თავის თავს ეკუთვნის და არც აზრს, არც მეხნიერებას ემორჩილება. იგი ადამიანის მსახურია; მას გარკვეული დანიშნულება აქვს და პირნათლად უნდა შეასრულოს იგი. ხელოვნებას ის მოთხოვეთ, რაც მოეთხოვება. იგი არაა სარკე ცხოვრების, იგი თვით ცხოვრების ნაწილია, მის პროცესშია ჩაბმული და ერთ-ერთი ჩარხი მისთვისაც მიუნდვია გამგეს. მას პოეზია მოთხოვეთ. ხელოვნურ ნაწარმოებს მშვენიერება უნდა მოთხოვოთ. ხელოვნური ნაწარმოები პოეზიით სავსე უნდა იყოს. იგი თაიგული უნდა იყოს, რომლის ყვავილები ფორმით, ფერით, სურნელებით და თვით შeმკონავი ძაფიც გარმონიულად უნდა იყვნენ შეწყობილი, შეთანხმებული.აქ აზრმა ძაფის ალაგი უნდა დაიკავოს. იგი ამ ყვავილებს ლამაზ თაიგულად უნდა კონავდეს, ხოლო თვით კი არაროდის თაიგული არ იქნება. თუ კარგ თაიგულს ძაფიც კარგი ექნება ამით, რასაკვირველია, მისი ღირსება მატულობს; ძაფის სიგლახეს თაიგულის ღირსების შემცირება კი შეუძლია, ხოლო მთლად გაქრობა კი არა. ძაფს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. აზრი, როგორც ვთქვი, ხელოვნური ნაწარმოების სულია, გამაცხოველებელია, ხოლო თვით არაროდის წმინდა ხელოვნებას არ ეკუთვნის. იგი პოეზიაში უფორმოდ არაა, ხოლო თუკი ფორმის ნაწილებს გარმონიულად შეათანხმებს, შეიმოსავს მშვენიერებას და მაშინ ჩვენც განვიცდით მას. „ჩონგური“ # 1,2 ენკენისთვე, 1911 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი