ბავშვობის თეთრი ზღაპარი
ეჰ, როგორ მიყვარს ახალი თოვლი, ხის ტოტებს ჭაღარას რომ სძენს ფიფქებით. მიყვარს ბუხარის კვამლი თუ ბოლი — ცეცხლი მუზაა ჩემი ფიქრების. რა ლამაზია თეთრი ზეწარი, ღამით რომ ჰფენდა ფანტელი მიწას. ძაღლები პირველ ნაკვალებს ქმნიან, მერე კი ვტკეპნით მთელ დედამიწას. არაფერი ჯობს ჩემთვის იმ გრძნობას — გაყინულ ხელებს ბებო რომ გითბობს, შემდეგ მჭადსაც რომ შეაგდებს კეცზე და ახალგაზრდობის ამბებს მოგითხრობს. ახლახანს დატოვე ეზო, თუმცაღა ერთის სული გაქვს — ისევ დაბრუნდე. გუნდაობით გსურს გადაიღალო, თოვლში ტრიალით გინდა გაბრუვდე. საღამოს უფროსნიც იჩენენ თავს და უბრუნდებიან წამით ბავშვობას. თოვლის ბაბუსაც აგებენ გუნდით, არ თაკილობენ ამ დროს გართობას. გუნდას ესვრიან დედები შვილებს, მამები დედებს აქცევენ თოვლში, თითქოს იპოვეს რაღაც პაუზა შეუჩერებლად მიმავალ დროში. კი ლამაზია უდაოდ სცენა, ვფიქრობ და სურათი მიდგება ცხვირწინ. არ მავიწყდება არცერთი წამი, თუმცაღა იყო — მრავალი წლის წინ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი