“ერთი გაჩერების ნაცნობები”


ერთი გაჩერების ნაცნობები
 მეტროში ყოველდღე ჩავდივართ—გზა ისეთი ნაცნობია, თითქოს თვალდახუჭულმაც შეგვიძლია გავიაროთ. ვდგავართ გაჩერებაზე, ველოდებით ვაგონს, შევდივართ, ვსხდებით ან ვერ ვსხდებით, მივყვებით ლიანდაგს, მივდივართ ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე და ვამბობთ: რა კარგია, რომ მეტრო არსებობს! რეალურად მართალიცაა—ის სწრაფია, მოსახერხებელი, უცვლელი. მაგრამ მეტროში მგზავრობა მარტო ადგილიდან ადგილამდე გადაადგილება კი არა, რაღაც უფრო მეტიცაა. ჩვენ ხომ არასდროს ვართ მარტონი—ყოველ ჯერზე ვაგონში ათეულობით, ასეულობით უცნობთან ერთად ვართ. და სანამ ფიქრებით სადღაც შორს ვიკარგებით, სანამ მუსიკას ვუსმენთ, წიგნში ვიძირებით, ან უბრალოდ ფანჯრიდან ვიყურებით, მაინც გვრჩება ერთი ჩვევა—დაკვირვება.
არ მითხრათ, რომ ამას არ ვაკეთებთ. მეტროში მყოფი ადამიანები ყოველთვის ინტერესის ობიექტი არიან. როგორ კითხვებს ვსვამთ საკუთარ გონებაში?-ეს გოგო რა კარგადაა ჩაცმული… ეს კი რა უცნაური მაისურია, ნეტავ სად იყიდა? აუ, რა სიმპათიური ბიჭია, მაგრამ ეს სტილი  არ უხდება,ან თმა რანაირად აქვს,ამან რა შავები ჩაიცვა, ემოა? დიახ, დიახ, არ გავაპროტესტოთ—ასეა. თვალებს ისე ვავლებთ ყველა მგზავრს, თითქოს ჩვენს გონებაში, მოდის ჩვენება მიმდინარეობდეს. მაგრამ…თუ ცოტათი უფრო მაღლა ავწევთ მზერას, შევხედავთ არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ სახეებს. მათ თვალებში ჩავიხედავთ, მათ მიმიკებს შევისწავლით.
ამ წამს ვაგონში ვდგავარ და ვაკვირდები. კეპიან ბიჭს ძინავს-თავი ფანჯარაზე მიუდია,მძიმე დღე ექნებოდა.მის გვერდით ქალი ტელეფონს სქროლავს, თვალები სწრაფად უმოძრავებს ეკრანზე, თითქოს რაღაცას გაურბის. ახალგაზრდა გოგონა ყურსასმენებით მუსიკას უსმენს და თან სწავლობს-წარმოიდგინეთ, რამდენი ფიქრი შეიძლება ერთდროულად ტრიალებდეს მის თავში. იქით კუთხეში ბებია და მისი პატარა შვილიშვილი სხედან-ბავშვს ხელში მანათობელი სათამაშო უჭირავს და საკუთარი თავის გართობას ცდილობს.
მე კი ვუყურებ. ვუსმენ მუსიკას და ვცდილობ, საინტერესო ტექსტი გამომივიდეს. და უცებ თვალს ვკრავ-მეორე ვაგონში, კარის მოპირდაპირედ, დგას ერთი პატარა ბებო. ნაცრისფერი ქუდით, მუქი ლურჯი შარფით,შინდისფერი ზედით და ოკეანისფერი პალტოთი. როგორი სიღრმეა ამ ფერებში.მზის სხივი ნახევარ სახეს უნათებს, და მის პატარა ნაოჭებში მთელი ცხოვრება იმალება. ნეტავ სად მიდის? ან საიდან მოდის? როგორი იყო ახალგაზრდობაში? როგორი ცხოვრება ჰქონდა?
გზას გასცქერის, თითქოს რაღაცას ელის. მე კი მის მზერას მივყვები და ფანჯრიდან ვიხედები და ვხვდები რომ მხოლოდ ადამიანები კი არა, ბუნებაც ბევრ რამეს გვიყვება. შენობები, ხეები, გზები—ყველას თავისი ამბავი და ისტორია აქვს. მაგრამ უცებ გვირაბში შევდივართ, სინათლე ქრება, ბებოც სიბნელეში იკარგება. ახლა წინ იყურება. მგონია, რომ მეც მიყურებს… ან იქნებ მე ვუყურებ? წამით ჩვენი თვალები ხვდება ერთმანეთს, მერე კი  მზერას ხრის.ნეტავ რამე აწუხებს? იქნებ სადღაც ეჩქარება? იქნებ დაღლილია?
მგონია რომ ჩასვლას აპირებს. ვაგონი ჩერდება, ხალხი შემოდის, მოძრაობა ძლიერდება. ვცდილობ, ბებოს თვალი მოვკრა, მაგრამ აღარსად ჩანს. სრულიად გაქრა ჩემი მხედველობის არეალიდან.მე კი ჩამოვდივარ და ვიცი,ალბათ ვეღარასდროს ვნახავ.
და მაინც რას ვეძებ ადამიანებში?
ღიმილი… აი, რისი დანახვა მინდა. სევდიანი სახეები მეტროში იმდენია, რომ ხანდახან ჰგონია ადამიანს, მთელი ქალაქი დაღლილი და ჩამქრალია. იქნებ, უბრალოდ, ერთხელ მაინც გავუღიმოთ ერთმანეთს? იქნებ უცნობსაც ვაგრძნობინოთ სითბო?
მგონია რომ ამ ტექსტს ბებოს ვუძღვნი,რადგან წერისას რომ მაინც და მაინც ვინმე
ბებოზე გავამახვილე ყურადღება,თუნდაც დაუფიქრებლად და გაუაზრებლად,შემთხვევითი არ უნდა იყოს.ბებო მიყვარხარ და მენატრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი