ცისკრის ვარსკვლავი ⭐


ჩემთან მოფრინდა, 
ისევ მოფრინდა
ნაზი ფერია.
ცისკრის ვარსკვლავი, 
მე რომ დამნათის
თქვი რა ფერია.

განთიადისკენ
ჩვეული სევდა
შემომერია.
ისევ მტანჯა და
ისევ მაწვალა,
ვერ მომერია.

ღვიძილის სიო
ნეტავ საიდან 
მონაბერია?
ღვიძლი შვილია,
თუ ნაშვილები
ან/და გერია?

მე კი არ მჯერა,
მაგრამ ვინ იცის,
რა მიწერია.
იქნებ დრო არის
მეც რომ წავიდე,
ჩემი ჯერია.

დილის სუსხს ნაზი
სენტიმენტები
დაუსერია.
ის, ვისაც სძინავს,
ჩემზე ასმაგად
ბედნიერია.

რასაც ვენერა 
ასახიერებს
ლუციფერია.
ცისკრის ვარსკვლავი, 
მე რომ დამნათის
ჩემი მტერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი