მე არ მჭირდება აღიარება


მე არ მჭირდება აღიარება,
სულის ბერვა და ხელით ტარება.
უცხოა ჩემთვის შური, არ მინდა
დატოლება ან/და შედარება.

მოთხრობის წერა მე არ მბეზრდება
და არც ლექსები არ მეზარება.
კარგად მესმის, რომ ის, რაც გვჭირდება,
პროგრესია და განვითარება.

ვაცნობიერებ, ფუნქცია ჩემი
მხარდაჭერაა და დახმარება,
ხან შეგონება, ხანაც გართობა,
ხან გაოცება, ხან გახარება.

არ ვარ უიღბლო, მაგრამ რატომღაც
იღბალი ახლოს არ მეკარება.
შედეგი არ ჩანს, არა და ვიცი,
შრომა მე მართლა არ მეზარება.

ერთ დღესაც სწრაფად მოვა სიკვდილი,
ანაც უჩუმრად მომეპარება.
მერე იქნება სიცარიელე,
გასხივოსნება ან ნეტარება.

ალბათ ოდესმე მეც დავბერდები,
თავი ჭაღარით დამეფარება
და მეღირსება აღიარება,
გვამი რომ მიწას მიებარება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი