დროის გიდი


და ისევ მარტო ფიქრთა მორევში,
ჰადესის გულში მრჩება ფერები,
ისევ იმნაირ წყალს ჩამოვყევი,
რომელსაც მოჰყავს მკვდარი თევზები.

ღმერთო! ნუთუ მე ეს მერგო ბედად,
რომ თავი გავსცე ყოველთვის მსხვერპლად,
რომ,ნუთუ გზა არს სავალი,
იქ სადაც არ არს გამოსავალი.

მიჭირს,რომ უკვე დეკადა მიდის,
ერთდაიმავე სევდაზე წერით,
მე ვარ იგივე,დროების გიდი,
მე ვარ და ვრჩები იმავე მზერით.

იმავე ხიბლით,იმავე ხელით,
დაიწერება სტროფი მომდევნო,
ვრჩები უვიცი,ბერწი და მხსნელი,
და ვცდილობ რამეს მაინც მოვერგო.

ეს აღსარების ტონია თითქოს,
თითქოს პარაკლისს ელის გონება,
ბავშური გული დროებას იპყრობს,
და მიჭირს წლებთან გამოთხოვება.

დაე…ნათელიც ჩაქრეს ბოლომდის,
სადაც კი ენთო,მე იქ არც მივალ,
ვისთვის მსგავსი ვარ ალბათ ბალმონდის,
და ვისთვის ისევ ძველი ლანდი ვარ.

ცხოვრება ასე მძიმე ფერებში,
მიჰყვება ნაპირს,დაუსრულებელს
მე კი კვლავ მრჩება ლექსი ხელებში,
და ვტოვებ ნაწერს,გაურთულებელს.

მიდის ლანდები,ქრება ჩრდილი და ასე ცხოვრება,
მისდევს ლიანდაგს,ვერ მისადგომელს,
მე ვარ პოეტი? სიტყვაც მოკვდება,
და მოგონებაც კვლავ მიმატოვებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი