მითხარ, როგორ დავამშვიდო ქარიშხალი თავში, 
როგორ მოვკლა უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვი, 
მითხარ, როგორ გავაჩერო ალესილი ხელი, 
როცა ფიქრი უპირობოდ თეთრ ფურცლებზე მღერის.

როგორ ჩავკლა უსასრულო, მთვარიანი ღამე, 
ახლაც, რომ ვწერ ლამპიონთან, ელვას გავეპარე...
როგორ დავთმო, სიცივისკენ მიმავალი ხიდი?! 
სირთულისთვის დავიბადე, თავსაც ასე ვთვლიდი! 

იქ, დამტვერილ პიანინოს არ ეშვება ბახი, 
ჩემებურად თარგმნილ დუმილს არ ეწია ახი, 
იქ ბინადრობს "ოლ, ოლ", მერი და მთაწმინდის მთვარე, 
გალაკტიონს ასაფრენად ყველა მე მოვპარე!

იქ სიცოცხლის დასაწყისად არ ითვლება ცრემლი, 
მხოლოდ იქ ვარ იესოსთვის ჭეშმარიტი მრევლი. 
იქ ჩარჩოებს დაინახავ მხოლოდ თეთრ კედლებზე, 
იქ არავინ მედავება უკვდავ შედევრებზე.

იქ, არავინ ითხოვს დუმილს, ანდაც თმების გაშლას, 
მითუმეტეს, სიწმინდისთვის არ ითხოვენ თავშალს. 
იქ ფიქრებმა დაინახეს არსებობის არსი, 
კვლავ გამიჯნეს, კვლავ გამიჯნეს, სიმართლე და ფარსი! 

ამ ხიდიდან მოსჩანს ხედი არამიწიერი, 
ოხ, რარიგად მიყვარს გზები, მხოლოდ იმიერი!
და თუ მიწევს ფერფლისაგან ფენიქსივით დაცლა, 
გჯეროდეს, რომ აღსადგომად ამ ხიდს ფეხი გასცდა.

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი