ნაცრისფერი კარიბჭე


... გამოფხიზლებულმა თავი ავწიე და თვალები გავახილე. თავი მისკდებოდა, თითქოს საუკუნე მეძინა, ჩემი ტვინი გათიშული იყო - სამყაროს აღქმაც კი ძლივს შევძელი. 
  სადღაც ვიწექი, სიცივეს ვგრძნობდი. წინ გავიხედე და ჰორიზონტზე ნაცრისფერი კარიბჭე დავინახე, ძალიან, ძალიან შორს იყო, თუმცა შემეძლო მეთქვა, უზარმაზარი იყო, იმდენად, რომ მისი დეტალების გარჩევაც კი შევძელი. 
 ირგვლივ მიმოვიხედე. უკიდეგანო მინდორზე დაგებულ ცივ ბეტონის ბილიკზე ვიწექი, რომელიც ჭიშკრამდე მიდიოდა. თვითონ მინდორი უსასრულო იყო, არც დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული. ყველაფერს უსიცოცხლო იერი ჰქონდა, ნაცრისფერი და მკვდარი. ცუდი შეგრძნება დამეუფლა, უიმედოდ ვგრძნობდი თავს. ამ ადგილს, ალბათ, ბედნიერება არასდროს ეგრძნო.
  თავს ძალა დავატანე, რომ წამოვმდგარიყავი. ცოტა გამიჭირდა, რადგან თავი მტკიოდა და სუსტად ვიყავი. როგოც კი წამოვდექი თვალებში დამიბნელდა და თავბრუ დამეხვა, მალე გული წამივიდოდა, თუმცა თავის ხელში აყვანა მოვახერხე.
როცა გარემოება კარგად აღვიქვი ისევ გარშემო მიმოვიხედე და ისეთი რაღაც შევნიშნე რაც აქამდე არ შემინიშნავს. ვხედავდი მოშორებით ძალიან ბევრ ადამიანს, თუმცა, თითქოს ამ ყველაფერს შეჩვეულნი, მხოლოდ ჩურჩულებდნენ, ხმას თითქმის არ გამოსცემდნენ, რაღაცას ძალიან დაეშინებინა ისინი.
 ისინი ნაცრისფერი დახეული ტანსაცმლით იყვნენ შემოსილნი და გიჟური გამომეტყველება ჰქონდათ. ორმა მათგანმა შემამჩნია. სხვა დროს, ალბათ, ძალიან შემეშინდებოდა, მაგრამ ახლა, ჩემთვის უცნობი ემოციებით სავსე, თავს გაბედულად ვგრძნობდი. ადრენალინი და შიშის შეგრძნება ერთმანეთს ერეოდა ჩემს სხეულში.
  ისევ კარიბჭეს შევხედე. მალევე გავარკვიე, რომ კარიბჭესთან რაღაც გაურკვეველი სახეობის არსებები იკრიბებოდნენ. ისინი რაღაცისთვის იცდიდნენ. ციდან ეშვებოდნენ და ერთ ადგილას იყრიდნენ თავს; ზოგი მათგანი კარიბჭეზე ჯდებოდა, ზოგი კი უბრალოდ აგრძელებდა ფრენას. მთელ ტანში დამიარა მოულოდნელად და გავიკლაკნე. ძალიან შევშინდი, ახლა უკვე ორმაგად დაზაფრული ვიყურებოდი აქეთ-იქით და რაიმე სანუგეშოს ვეძებდი, თუმცა კი ინტერესი მკლავდა.
 ასეთ ფიქრებსა და წარმოდგენებში ვიყავი, როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი და სისხლის გამყინავი ჩურჩული გავიგე. მალე გამოვფხიზლდი და შეშინებული ოდნავ შევხტი მოულოდნელობისგან.
 -შენ!-თავზე ერთ-ერთი ადამიანი წამომდგომოდა. არც ისე ჯანმრთელად გამოიყურებოდა,-საჭმელი ხომ არ გაქვს?-მკითხა მან, მე კი დაზაფრული და ერთ ადგილას გაყინული ვუყურებდი.
-არა, ბოდიში...-ძლივს ამოვილაპარაკე და უკუსვლით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, თუმცა ზურგით სხვას მივეჯახე. მივბრუნდი და დავინახე შეწუხებული სახით როგორ დამხედა მუტანტმა. აშკარაა, ნამდვილად შევაწუხე. შევხედე და უკან დახევა დავიწყე, ის კი მთელი სხეულით ჩემკენ შემობრუნდა და ტირილნარევად ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი. უკვე გული ამოვარდნაზე მქონდა, ცივმა ოფლმა დამასხა, ცოტაც და ალბათ  განვუტევებდი.
-ის მსხვერპლად გამოდგება, უსუსურია, შეგვიწყალებენ,-ამოიხავლა ერთ-ერთმა შუა ხნის ქალმა, რომელსაც ხელში პატარა ეჭირა,-ის მათ ეკუთვნის, მათ უნდა გადავცეთ, ისინი შეგვიწყალებენ.
 ამის თქმა იყო და თმა ყალყზე დამიდგა. ყველამ მე შემომხედა. ვხედავდი ერთად როგორ გროვდებოდნენ ჩემ წინ. მივხვდი, კარგი ნამდვილად არაფერი ჰქონდათ ჩაფიქრებული, ამიტომ მათ ზურგი ვაქციე და მთელი სისწრაფით კარიბჭისკენ გავიქეცი. სისხლის გამყინავი, შემაძრწუნებელი  ხმები მესმოდა უკნიდან. ვიცი კარგ ადგილას არც ეს ბილიკი მიმიყვანდა, ამიტომ გადავუხვიე და მინდორზე გავიქეცი. ფეხზე არაფერი მეცვა, მაგრამ ბალახი ხელს მიწყობდა რბილად მერბინა. ციოდა, სახე მოყინული მქონდა და სირბილის დროს სახეზე მოხვედრილი ქარიც უარესად მაციებდა. თვალები დავხუჭე და ვეცადე თავისთვის დამეჯერებინა, რომ სიზმარში ვიყავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი