ქაოსის სიმფონია


არა და არ წყდება ქაოსი გონში,
არა და არ წყდება ხმათა კვნესა.
ქუხილი ისმის ჭურჭელის ხვრელში
და ჭექავს, როგორც ცრემლთა დენა.
გრძნობებს ვერ ვთოკავ ცივი ჯაჭვებით,
განცდებს ვეღარ ვთვლი, კვლავ მეტი ხდება.
შებოჭილობის მარწუხებს ვებრძვი,
ის, რაც არ ქრება ლოცვების ხვეწნად. 

და როგორ გინდა რომ შევიცვალო?
ჩემი რომელი ნაწილი გავაქრო?
მე ხომ კვლავ განცდებს ვაგროვებ ბნელში,
მე ხომ კვლავ მინდა, რომ დავიკარგო?
ლოდინის ვედრებით ვჩერდები მუხლებზე,
მეამბოხე სულს რომ ჩავაგონო.
მინდა ამ გრძნობას დავავლო ხელი
და შეუწყვეტლად სულ ჩამოვღვარო. 

ქუხილი ისმის ყოველ ხვრელში
და ჭექავს, როგორც ცრემლთა დენა.
ძახილის გააზრებით მინდა ვიპოვნო,
ჩემი ადგილი, ბნელთა მზერა. 
თითქოს არსება თვით შეიცვალა
და ეს განცდები წყვეტს დაარსებას.
მინდა რომ გრილმა ნიავმა, ბერვით,
თან გაიყოლოს სულთა ეს ხვეწნა. 

არა და არ წყდება ქაოსი გონში,
არა და არ წყდება ანტიფონია.
მე გავიჭედე ხმათა მორევში
და გაუქცევლად ვუსმენ სიმფონიას.
ყრუ გაელვება, მზე, შთაგონება,
სტუმრობს ხანდახან ამ კომპოზიტორს,
მაგრამ ისევე ქრება უკვალოდ,
როგორც ელვები ცათაფერ სამკობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი