ლეკვი
Სოფელში, ეზოს განაპირას ლეკვს ჰქონდა ბინა, Ხშირად ნახავდით იქ მოთამაშეს და თვალებმცინარს. Სიცოცხლეს თითქოს შეჰხაროდა, მზესაც ეტრფოდა, მზეც კეკლუცობდა, მუცელს უთბობდა ნებივრად მძინარს. Თუმც არ ახსოვდა მის გულს მშობლის სითბო და ზრუნვა, Არ გაბოროტდა, არ გაქოფაკდა, Არ ჰქონდა ჭმუნვა, Ყველას თვალებში მიამიტად შესციცინებდა, Სხვის საამურად კუდსაც ხშირად აქიცინებდა. გავიდა დრო და გაიზარდნენ მისი ტოლებიც, ბევრმა უმატა ყვინჩილობას და კბილთა ღრჭენას, ის ისევ ისე მიამიტი, თვალებციმციმა, მზეს შეჰხაროდა, თამაშობდა, ბუზებს იჭერდა. Ამიტომ თვლიდნენ წყალწაღებულად და ზოგიც ლაჩრად, Ამბობდნენ ლეკვი, უჯიშო ყურძენივით რომ ვერ დამაჭრდა, ჩუმად ჭორავდნენ, ზურგში ცდილობდნენ მის დანით დაჭრას, და ნატრულობდნენ: დროზე პატრონმაც კუდი მოაჭრას!!! Ლეკვის გულს სწყინდა, ტკივილისგან იკუმშებოდა, Ცდილობდა ავის საპასუხოდ კარგი მიეზღო, Მაგრამ ნახა რომ თითო ეშვი სუყველამ გაჰკრა, ვისაც კი ძაღლურ ცხოვრებაში ერთხელ მიენდო. ცხოველებს ერთ დღეს გადაეწყვიტათ ბურთის თამაში, გულჩათხრობილი აიყოლეს ლეკვიც ამაში, მაგრამ კამათი მოუვიდათ, ბურთი გახიეს, Პატრონის ბავშვი, ჯერაც პატარა, მწარედ ატირეს. კაცმაც ჯოხით გადაწყვიტა ძაღლების დასჯა, დამნაშავენი გაუჩინარდნენ, ლეკვი კი დარჩა, და იმ პატრონმა, ვისზეც რომ მზე ამოსდიოდა, უგულოდ სცემა... საქმე როგორც სჩანს გამოსდიოდა. ლეკვს არ უგრძვნია არც ტკივილი, არც სისხლის დენა, მიხვდა რომ გულში რაღაც ჩაწყდა, დასრულდა ფრენა, სული მოუკვდა, თვალებში ავმა ცეცხლმა ისახა, წამში ლეკვისგან ბოროტ ქოფაკად გარდაისახა! ჯერ თვალი თვალში გაუყარა და დაუღრინა, ძველმა ცხოვრებამ, ერთ კადრად თვალწინ გადაუფრინა, დაწყევლა ის დღე, სხვის დაკრულზე დავლურს უვლიდა Და ცხოვრებაში, მან პირველად... პატრონს უკბინა. ეზო დატოვა სოფლის ბოლოს დაიდო ბინა, აღარ ინდობდა დიდს, პატარას, აღარც თუ მძინარს, დასრულდა ის დრო, სადმე გენახა სახე მცინარი, მზესაც ამკობდა, ხშირად მთვარესაც, ყეფა მრგვინავით. ძაღლებს ნელ ნელა ჩაუსახლდათ მისდამი შიში, პატივისცემით ეპყრობოდნენ და ზოგიც რიდით, კაცნი მუდარით ღმერთს მიმართავდნენ, ქალნი - ვიშვიშით, ენატრებოდათ ერთ დროს ლეკვი, თავის სიმშვიდით. ძაღლის თვალებში ვეღარ ნახავდით ვარსკვლავთა კაშკაშს, სულში სიცივეს, გულს კი მხოლოდ ნაღველს ეწვიმა, მეტყველ მზერაში, ერთი შეგეძლო ამოგეკითხა: რა დაგიშავათ, ერთ დროს ლეკვმა თვალებციმციმამ? 25 დეკემბერი, 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი