დღევანდელ სოფელს!
მომენატრა სუნი შოთის, ბაბო მიცხობს აღარც ნაზუქს, ყურში ტკბილად არ ჩამესმის, შვილოო, პაპა გენაცვალოი... დაცარიელდა ქუჩები, დაცარიელდნენ გზები, დაცარიელდა სახლები, დაცარიელდნენ ზვრები, არ ისმის მამლის ყივილი, როცა თენდება სოფლად, ჩაქრა კერა და ღადარი... სახლი დაგვირჩა ობლად. აღარ ამოდის კვამლი და აღარც მურა ჰყეფს მთვარეს, ბალახმა ჭამა ეზო და ბაბო აღარ ჰფენს ნალებს, ოდესღაც სავსე ტევრებზე გადაუვლია ჩალებს, ნადირი შემოსევია ტყეს, მინდორსა და ჭალებს. გაგვიხმა ვაზი, ვყიდით ნაფუძვარს, ვანგრევთ წინაპრის ტკბილად ნაშენებს, აგურს რომ დებდა, ალბათ ფიქრობდა: - შვილი უკეთეს სახლს ააშენებს! ვერ შევასრულეთ, წავიფორთხილეთ, ფუძე ვანგრიეთ, ვაზი ავჩეხეთ, მიძინებული სინდის ნამუსით, სიცოცხლის დღენი ლხინში გავლიეთ. რას ვეტყვით პაპას როცა შევხვდებით, როს მოიკითხავს მარანს, გუთნეულს... ალბათ შეგვრცხვება, მწარედ ვინანებთ მოშლას ბუდისას, ტკბილს და უფლეულს. ნუთუ სოფელმა ამად გაგვზარდა? წუთისოფელი ფუჭად გავლიოთ? სამეზობლოში აღარ ისმოდეს? გადმოო ბჯოო, ცოტა ღვინო დავლიოთ! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მჯერა რომ ისევ გამოიდარებს, და გაევლება ცას ცისარტყელა, კვლავ გავზრდით შვილებს, უკეთესს ჩვენზე, და ცეცხლს დაანთებს ფუძეზე ყველა. 9 თებერვალი, 2024 წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი