მოხუცი ქალი სახელად ენი


გაფუჭებული ფირივით ერთ ადგილზე ბრუნავდა მისი ცხოვრება, სუნთქავდა  ... ელოდებოდა მერე ისევ სუნთქავდა და ისევ ელოდებოდა  ამ ღვთისგან მივიწყებულ სამყაროში როდის შეიგრძნობდა რომ ცოცხალია. ახლაც მის დამტვერილ ფანჯრებს გაშმაგებით ეჯახებოდა ტირიფის ტოტები, თითქოს თავად ბედისწერას სურდა მისი ღრმა ძილიდან დახსნა.
მან ყოველივე, ფიქრი თუ ქმედება მექანიკად აქცია დროსა და ვითარებას დაამონა მისი გონება, ოდესღაც წერა უყვარდა და თავისი ფიქრების ფურცელზე გადმოტანა... წვეთობით , წკაპ ... წკაპ... იღვრებოდა მისი დანისლული გონებიდან სიტყვების კონა და გრძნობდა როგორ იცლებოდა მისი გულიც და სხეულიც ... ალბათ მერე სულ მთლად დაცარიელდა,  მისი ისტორიები კი ბნელ და მივიწყებულ უჯრებს ვერ გასცდა, ისევე როგორც ეგოისტი დედა მალავს შვილს სამყაროსგან, რათა არავინ გაბედოს და რამე ავნოს , არავისთვის ემეტებოდა ენის თავისი ისტორიები,არავინ მიაჩნდა ღირსად რომ მის სამყაროში შემოეშვა. ეს მედიდური ქალი ისე შეეჩვია თავის აზრთა ქსელში მარტოობას რომ ვერც იმას გრძნობდა როგორ იყინებოდა მის თავზე ზეცა, ლამობდა ლოდად ჩამომსხვრეულიყო და ჩნდებოდა კიდეც მის თავზე ბზარები , ტკრციალით რომ არღვევდა მის სულში გამეფებულ მარტოობას. 
იელვა, საშინლად დაიჭექა, ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა, აქამდე თავის ჩამომდნარ წიგნებზე მძინარე, თავადაც სანთელივით ჩამომდნარიყო.
 მოხუცი ქალი სახელად ენი იჯდა საწერ მაგიდასთან, მელანი გადმოღვრილიყო ფურცელზე , მისი სტატია მთლად დალაქავებულიყო , თუმცა კი რა სტატია(ირონიულად გაიფიქრა) ახლა ხომ მხოლოდ ათასგვარ წვრილმან სისულელეზე წერდა, თავის გადასარჩენად, ფულის გულისთვის, იმისთვის რომ წამლები ეყიდა და მისი უაზრო არსებობა საათებით, დღეებით იქნებ თვეებითაც გაეხანგრძლივებინა და ეს ყოველივე რისთვის?( ზიზღნარევი საკუთარი ხმა მოესმა  ) 
-როდის დაივიწყე საკუთარი თავი?- ისევ მოგუდული ხმა ენის გონებაში, ისევ ეს მწარე გრძნობა, სულის სიღრმეში წლობით ნაგროვები ბალღამი ... წიკწიკებდა საათი აუტანლად, მოუთმენლად, თითქოს სიცოცხლის ბოლო წამებს უთვლიდა ენის, ტიკ ტაკ... შენი დროც მოვიდა მოხუცო... ტიკ ტაკ... გყავს კი ერთი დამტირებელიც კი... ტიკ ტაკ... რას ტოვებ ამქვეყნად? მხოლოდ შენი მოხუცი სხეულის სიმძიმით ჩაზნექილ სკამს თუ ცოტაოდენ სითბოს გაყვითლებულ ტანსაცმელზე... ტიკ ტაკ ... შენც ხომ იცი რომ 6 თვეში მოკვდები მოხუცო , სიმსივნეს ვერ დაამარცხებ, შენი დრო დათვლილია ტიკ ტაკ... რისთვის გიცხოვრია ენი ? როდის?  როდის შეიცვალე ? როდის გარდაისახე ასე რადიკალურად?
-იქნებ მაშინ როცა დუმილს შეეჩვიე- ექოდ გაისმა ახალგაზრდა გოგონას ხმა, ასე ნაცნობი ენისთვის... საათი გაჩერდა.
-შენ მხოლოდ მოჩვენება ხარ გესმის?! სარკეში გამომწყვდეული ჩემი სახება- ყოყმანით წარმოსთქვა ენიმ და თავი ხელებში ჩარგო, ცდილობდა გაეფანტა მოჩვენებები მისი გონებიდან.
-შენ ძალიან კარგად იცი რომ მე მოჩვენებაზე მეტი ვარ! სარკეში იმიტომ ვარ გამომწყვდეული რომ გჭირდები! იმის ცოდნა გჭირდება რომ ოდესღაც შენც გრძნობდი. შემომხედე ენი, თვალი გამისწორე! მე ახლაც შენს სულში ვარ გამომწყვდეული, შენი უსახური ცხოვრებით ვცხოვრობ, შენი მარტოობა ჩემს მხრებს აწევს ლოდად , მინდა ჩამოვიხსნა ეს სიმძიმე , ფრთების გაშლა მინდა ენი, ნუ მაბრკოლებ , ნუ მაჩუმებ, მე ხომ ყველაფერი ის ვარ რაც შენს თავში საუკეთესოდ მიგაჩნდა, გაანთავისუფლე ჩემი აზრები, ნუ მისცემ სიკვდილს იმის უფლებას რომ ნაცარტუტად მაქციოს, მინდა სიკვდილის შემდეგაც იცოცხლოს ჩემმა სახელმა, დატოვოს კვალი თუნდაც ერთ სულიერზე, განმათავისუფლე ენი.
  ენი ბორძიკით წამოდგა სუდარა ჩამოფარებულ სარკეს კანკალით მიუახლოვდა, თვალები შიშისგან გაუფართოვდა.  რისი მეშინია ასე ? ის ხომ მე ვარ , ჩემი ნაწილია. მეც ჰომ ასეთი ვიყავი ოდესღაც? ნუთუ საკუთარი თავის მეშინია? ვითომ თვალს ვერ გავუსწორებ? იქნებ ამდენად მშიშარა ვარ...როდის ვიქეცი ამგვარ არარაობად?!
  დამჭკნარი ხელი კანკალით მიიტანა სუდარასთან, ტილოს უხეში ნაჭერი მაგრად მოქაჩა და მის შიშს თვალი გაუსწორა.
 სარკიდან ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა უცქერდა, სიცოცხლით და გრძნობებით სავსე. გაახსენდა რომ მის მოხუც სხეულში სადღაც ამ გოგონას სული იყო გამომწყვდეული, დაუღალავი, ჟინიანი ასე მარტივად რომ აღტკინდებოდა ხოლმე ნაპერწკალივით და ცეცხლად ააგიზგიზებდა ფიქრთა კორიანტელს.
 მაინც რითი მგავს? მე მოხუცი, გალეული, ის კი სარკეში გამომწყვდეული სანუკვარი მოგონება, მისი სახე ასეთი ახალგაზრდა ,ნორჩი და გამოუცდელია. ჩემი კი  ნაოჭებით დაღარული, წლების ტანჯვით დამახინჯებული ... მოიცა თვალები... თვალები ერთი გვაქვს, ისევ ის ნაპერწკალი გვაკავშირებს, ისევ ის ლტოლვა სიცოცხლისადმი.
ნაზად შეეხო სარკეს, იქ სადაც გოგონას შეფარკლული ღაწვები მოჩანდა, ისევ იგრძნო იმედგაცრუება, ნაგროვები ბალღამი ყელში მოებჯინა... მე მას გავუცრუე იმედები, მას ვუღალატე, მისი ოცნებები გამოვკეტე უჯრაში, მის ცხოვრებაზე ვთქვი უარი, უზენაესმა დროებამ კი ამგვარ დამსაჯა: გამაუფერულა , ნაოჭებით დამიღარა სახე , იდეები გააქრო ჩემი თავიდან, ხელცარიელი დამტოვა ... ბედის ანაბარად.
- შენ იცი რაც უნდა გააკეთო , უბრალოდ დუმილი დაარღვიე ენი... სარკიდან გაისმა მთრთოლვარე ხმა, ეს მისი ხმა იყო დროით და სივრცით გაყოფილი მისავე არსებობისგან.
-დაამტკიცე რომ ფუჭად არ მიცხოვრია...
 ენის მზერა გაუნათდა, თვალები აუკიაფდა თითქოს აღარ თრთოდა, ხელიც აღარ უცახცახებდა. 
მშვიდად მიუჯდა საწერ მაგიდას, სტატია გვერდზე მოისროლა, უჯრიდან გაყვითლებული ფურცლების დასტა ამოიღო , მისი ძველი ხელნაწერი , დამტვერილი... მივიწყებული... წამით მის თვალებში ნაპერწკალი გაკრთა, რაღაც იყო არა? იქნებ იმედი ან იქნებ იმედზე მეტი...
მაგრამ განა რამე შეიძლება იყოს იმედზე მეტი მარტოხელა მოხუცისთვის ?
-დროა დუმილი დაარღვიო ენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი