ახალ წელს


აღარ წვიმს,
აღარც ამინდები დამყვებიან,
არაფრის,
არ ესმით გვერდით აღარ რჩებიან,
არ დამღლის,
ეს შეგრძნებები უპატრონობის,
არაყის,
ყლუპი მშველელია მარტოობის.

ერთადერთი მტერი ახლა,
საკუთარი თავი შემრჩა,
თითქოს ძველი განაახლა,
ვერა ჰგუობს ასე შემდგარს,

მელანი რომ მიმოვღვარე,
თან ფურცლებიც გადავყარე,
ყველაფერიც მიმოვცვალე…
ახალი ვერ შევიყვარე.

იცი მომწონს ეულობა,
უშენობის გადამკიდე,
სხეული რომ სნეულდება,
არა მყოფნის, მინდა კიდევ,

ის ხელები რომ მოგწონდა,
იცი როგორ გამოზვირთდნენ,
სულიც ისე შემიღონდა,
არ მოგწერო, ვეღარ ვითმენ.

ახალ წელს,
ერთგულება შემოგფიცე,
არ აღწევს,
ეს წერილი შენს ლოგინზე,
განაჩენს,
აღვასრულებ იმ ცოდვისთვის,
დანარჩენს,
ვინახავ სიზმრად შფოთისთვის.

თუმცა რაღა ახალია,
ან ცხოვრება, ანდა დარდი,
მერვე წელი მაფარია,
მწუხარების შარავანდი,

რა არ ვცადე, სად არ ვიყავ,
გავურბივარ დროს და მანძილს,
თუმც ჩემიდან ვერ გავრიყავ,
იმ ქმედების წყეულ აჩრდილს,

რვა წელია ყოველ ღამეს,
მახსენდება შენი სახე,
ვერ ვივიწყებ იმ შენს თვალებს,
რომ ისმენდნენ ჩემს განზრახვებს,

შენ გოგო და მე ჯერ ბავშვი,
გარემო და ბევრი კიდევ,
ყურს ჩიჩინი, გარეთ, სახლში,
მხრებზე ვეღარ მოვიკიდე.

მე მოვკალი სამი სული,
ვერ დავმარხე ყველა გვამი,
კვალი მათგან შენახული,
ამაზრზენი ჩემი თავის.

შენ ნაბიჯი, გოგო - ქალად,
ჩემი უკან გადადგმული,
ვერ ვივარგე შენსა ფარად,
შენს საფარად დადაღული.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი