გარიჟრაჟიც იწურება


გარიჟრაჟიც იწურება,
თან ღიმილი დამსჩნევია,
მზე ინათებს, ცას ეკვრება,
მზეს მოწყენა არ სჩვევია,

მოედება ბუნებას ხო,
სიყიჟინით, თავმომწონედ,
და იქცევა უნებართვოდ,
ჩემი დარდის მეციხოვნედ,

არ ანაღვლებს კაცთა სევდა,
არც წუხილი გაუთქმელი,
მთვარევ აზრი გადახელდა,
მთვარევ მხოლოდ შენ მოგელი,

ნეტავ სად ხარ, სადა გპოვო,
რად არ სჩანხარ ზეციერო?!
დაუჩქარე, მინდა გთხოვო,
ეს ფიქრები გამიჩერო:

წვიმა ზეცით მორაკრაკებს,
დალალს გირხევს ნაზი სიო,
არაფერი არ მადარდებს,
მითხარ შენი ვიქნებიო,

გადავყურებთ მტკვარს ბობოქარს,
თოლიები ფრენენ ცამდე,
კრძალვით ვბედავ ჩახუტებას,
ვცდილობ მეტად ახლოს მყავდე.

ახლაც აქ ვარ, ისევა წვიმს,
ქარი ამღვრევს მოსულ ტალღებს,
ისევ ის ვარ, რა გამომცვლის,
იმ ჩემს წადილს რა დაარღვევს?!

მარტოდ ვდგავარ მოაჯირთან,
იმედს ვტოვებ გამოჩნდები,
უძლური ვარ ამ ფიქრებთან,
დროსთან ერთად რომ მწყურდები,

ვაჰ მე, მიწავ უკუღმართო,
მთვარევ მცოდნევ ყოველისა,
ჩემ ბედს კვლავაც შენ მოგანდობ,
გადასწყვიტე რა მელისა.

ქარი მოსთქვამს, ქარი მღერის,
ბანს ვაყოლებ მაღალი ხმით,
ძველი ქურქით, ერთი ღერით,
მივაბიჯებ უგზოობით,

იცი მთვარე არ მინახავს,
აღარ ესმის ჩემი ენა,
ვერ გაიგებს ვერას ახალს,
ვგონებ წუხელ ინაწყენა,

რა ხანია გადავღალე,
ყოველივეს ჩუმად ისმენს,
მე არ მიკვირს, ვერ გავთვალე,
აქნობამდის ვინ მოითმენს,

ვცადე შენზე მომეყოლა,
თუმც ვიხსენე მე ის მზერა,
ვერ შევძელი მომეგონა,
გული ისე ამიძგერა,

გამიბრაზდა, გამიჯავრდა,
მიტომ მიწევს სიმარტოვე,
უკეთესი ვინღა მყავდა,
მთვარევ, რატომ მიმატოვე?

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი