ტყავი


ნუთუ იმდენად ეგოისტი ვარ,
თუკი ფხიზლად ვარ მაშინ მახსოვხარ,
როცა სიშხამის მორევს მივდივარ,
მხრებზე ფიფქებად აღარ მათოვხარ.

ზაფხულს ვაცილებ,გამოვიზამთრებ,
იქნებღა მერე მიღირდე გარჯად,
მერეღა მოვალ,თუკი მიკადრებ,
როს მომაკლდება სევდა და ტანჯვა.

გახსოვს გითხარი,სიცივე მიყვარს,
სულ იქ გავრბივარ საცაა ჭექა,
იცი ძვირფასო არასდროს მითქვამს,
ჩემი დარდი და ვენების ჩეხა,

იცი,ძვირფასო,მიყვარხარ,მართლა,
იცი,აქამდე ვერ ან არ გითხარ,
თითებზე როცა დავიწყე დათვლა,
შენც იმ გულეულ ხალხში გადიხარ,

ვისთვისაც წამში გადავდებ ყოფას,
ვისთვისაც მინდა ყოველი ძალი,
მაგრამ მითხარი,ისინი მიყვარს,
ისინი მიყვარს,თუ ჩემი თავი,

არც თავი მიყვარს,მეძავთან მყოფი,
გალეშილს სასმლით ანდა წამლებით,
დაე შეგზიზღდეს ყოველი სტროფი,
ყოველი სიტყვა,ნაწერ-წამებით,

იცი,მეც მტანჯავს უგრძნობი ყოფა,
ყოველი წვეთი, ყოველი აბი,
მხოლოდღა ლექსმა მიბოძა გრძნობა,
გრძნობები - ანდა კარგი ნიღაბი,

სხვის ტყავში ვძვრები,ვინ რას გაიგებს,
როს წყალი მინდა,ან როდის პური,
სხვის ტყავში ვძვრები,ვინ რას გაიგებს,
როდის ვიცლები,ან როდის ვტყუი.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი