სხვა იყო მაშინ,სხვა იყო ადრე


სხვა იყო მაშინ,სხვა იყო ადრე,
როცა ბავშვობის მეხურა ფრთები,
მერე როდესად შემოვიზარდე,
დაპატარავდა დრო და ნივთები,

მიკრძალეს ფრენა,ზედ დამამტვრიეს,
ხელს შეგიშლისო გზების პოვნაში,
ნეტავ რად შევცდი,რად გავერიე,
ამ ზედაპირულ კაცთა ხროვაში,

ნუთუ ადრეა,რად ვერ დაიწყო,
რად არ დამდგარა ჩვენი დროება,
რომ არ ვიფიქრო,რომ დავივიწყო,
ჩემი აქ ყოფნის ამაოება,

შენ ხომ ფრთები გაქვს,შენ შემიფარე,
თორემ უშენოდ ჭკვიდან ვიშლები,
კვლავაც,ერთხელაც,შენ შემიყვარე,
და გეფიცები გამოვიცვლები.

რომანტიკოსის ჩემი იერი,
მხოლოდ და მხოლოდ,მხოლოდ შენია,
უტყვი,მოლაყბე,ლაღი,ცბიერი,
სხვები შენსავით ვერა მშველიან,

სხვა იყო მაშინ,სხვა იყო ადრე,
და შენ იყავი,და შენ იყავი,
შენ ხომ ფრთები გაქვს,შენ შემიფარე,
და შენი ფრთებიც მე გამიყავი.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი