თრიაქს გავეშვი,ვეწევი აქვას
თრიაქს გავეშვი,ვეწევი აქვას, ქუჩას მოვშორდი,ვარ სულ ბაითზე, უბით რკინები თან აღარ დამაქვს, შენზე ფიქრებიც გავალაითე, უბნის მარკეტში ნაბეღლავს ვიღებ, დახლზე დავტოვე არყის ბოთლები, თავსაც ვიტყუებ,ვითომ ვერ ვიგებ, როცა მიხმობენ ღამით ლოთები, არ მივაკითხავ მარკის ლომბარდებს, ნურც უცხოს სახლში გამთენებოდეს, დაე ყოველი წარსულს ჩაბარდეს, ნუღარასოდეს გამხსენებოდეს. იცი,გარშემო ვეღარ მიმიხვდნენ, ასე ძლიერად რად მოვიწყინე, იცი,რთულია,წლები შემიჩნდნენ, ჯერ ოცდაოთხიც ვერ მოვიხდინე, მე კი იქ ჩავრჩი,იქ გავიყინე, რომელ ოთახშიც გრამებს ვითვლიდი, რა გავაკეთე,რა ჩავიდინე, არ გადარდებდა,მაინც მივლიდი, ჩემს გაწითლებულ ღამის ტანსაცმელს, სულ ნაწილ-ნაწილ,ხელით მიხევდი, შენ მარიდებდი ყოველთვის სასჯელს, ყოველ იარას თავად მიხვევდი. მაინც რამდენი წელი გავიდა, მე კი გუშინდელ დღესავით მახსოვს, და გახსენებაც რომ აღარ მინდა?! და გახსენება მაინც რომ მათბობს?! 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი