კვირა იყო და დეკემბრის სუსხი


კვირა იყო და დეკემბრის სუსხი,
მთვარის სხივი მიფანტავდა ლანდებს,
ვზივარ,რაღაც განსხვავებულს ვუცდი,
ვზივარ და დრო სულაც არ მადარდებს,

ისე მომწონს ამ ზამთრობის ბაღი,
გაზაფხულის ფიქრებს ვეღარ მივსდევ,
ცა არ მახსოვს მე ამაზე ლაღი,
ცა იყო და რაღაც მეტი კიდევ.

ვზივარ,ლექსი მომენატრა ვატყობ,
უბიდან ვშლი გადაკეცილ დავთარს,
სულს და სხეულს მე სულ ასე ვათბობ,
მე სულ ასე ვებრძვი ვერაგ ზამთარს,

და რატომღაც ოდნავაც არ შემთბა,
დავიცვარე ვით ფოთოლი მარტში,
გავწითლდი და უჩვეულოდ შემრცხვა,
სადარდებელს რომ ვიწუნებ მათში.

კვირა იყო და დეკემბრის სუსხი,
მთვარის სხივი მიფანტავდა ლანდებს,
არ ვყოფილვარ მე ამაზე სუსტი,
არ მიყუჩებს ლექსი ამ ჩემს დარდებს.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი