მე წერა მხიბლავს


მე წერა მხიბლავს, ძლიერ, იმდენად,
ვითარც მცენარეს მზის სხივი მკვეთრი,
თუმც ენა არ სთმობს სიტყვებს სამღერად,
ედება სხეულს სიავით კეთრი.

დავსდევდი მარცვლებს, რითმებს ვიჭერდი,
ხატოვან ფიქრებს მთელ დროს ვუთმობდი,
მუდამ, ყოველ ჟამს, ვწუხდი - ვილხენდი,
კალამს უტიფრად მელანს ვუშრობდი,

ყოველ საღამოს თან მყავდნენ მარად,
გოგლა, ყაყაჩო, ტერენტი, გალა,
მათი ლექსები გულს მედო წამლად,
სანამ ჩემი მე არ შეიცვალა,

ახლაღა ვხვდები რა უნდა პოეტს,
რათა ეგუოს ბგერების თმობას,
არა უნდება არცა ამის მეტს,
თუ ეჭიდება რაიმე გრძნობას,

და მეც ქცეულსა ყინულის ლოდად,
ყვავილების მშურს შუა ივლისში,
ცოდვები დამრჩეს ისევე ცოდვად,
არ ვერიდები გახვევას ნისლში,

ვარჩევ სიმუნჯეს, მოვისვრი კალამს,
მუნ მივაყოლებ ყოველ ნაწერებს,
ვისაც ულექსოდ ყოფნა არ ზარავს,
უკეთეს წამალს სხვას რას მაჩვენებს,

რომ დამინახავ ღამით ხის ძირას,
ახლოს ნუ მოხვალ, წადი, გამშორდი,
არცა მაწუხო მდინარის პირას,
იქნებ უბრალოდ ღმერთთან გავსწორდი.

მე წერა მხიბლავს, ძლიერ, იმდენად,
ვითარც მცენარეს მზის სხივი მკვეთრი,
თუმც ენა არ სთმობს სიტყვებს სამღერად,
ედება სხეულს სიავით კეთრი.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი