ნოლა


სახლში ასვლამდე კუთხის ბარს ვესტუმრე, სასმლის სურვილითა და იმედით აღვსილი რომ სუსხიან ღამეს მარტო არ გავატარებდი. ბარმენმა დანახვისთანავე უსიტყვოდ ჩამომისხა ჭიქა ვისკი. იქ მყოფთ სწრაფი მზერა გადავავლე. კუთხის მაგიდასთან, განმარტოვებით, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი გოგონა შევნიშნე, რომლის ლამაზი სახის ნაკვთების დაფარვას მედგრად ცდილობდა ჰუდი.

მე: მარტოა?

ბარმენი: ახლახანს მოვიდა და უკვე მესამე ჭიქაზეა. არამგონია კომპანიონს ელოდეს.

ჭიქა სწრაფად ჩავცალე, ბარმენს მეორის ჩამოსხმა ვთხოვე და გოგონას გვერდით, მაგიდასთან  ჩამოვჯექი. ჩაფიქრებული ჩანდა. არ მინდოდა უარით გავესტუმრებინე, ამიტომაც გამოსალაპარაკებლად ხელსაყრელ მომენტს დაველოდე. ამასობაში, მის მაგიდას, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა შავგვრემანი ბიჭი და უსიტყვოდ ჩამოუჯდა. ერთმანეთს დიდხანს მიაშტერდნენ, მერე დუმილი ბიჭმა დაარღვია.

ბიჭი: სიმართლე თუ სიმართლე?

გოგო: სიმართლე.

ბიჭი: მინდა რომ შენს ცხოვრებაში არსებული ისეთი მოგონება გამიზიარო, რომელიც არ გასვენებს.

გოგო: ერთი ჩვეულებრივი დღე მახსენდება. დღე, როდესაც მივდივარ სკოლაში. ქაოსური, ბავშვური ხმები სადღაც შორიდან მეწევიან, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში სხვა ოთახიდან მომზირალი სინამდვილე. მაგიდებზე მიგდებული ჩანთების რახა-რუხი და მოუსვენარი ჟრიამული ჩემთვის არ არსებობს, თითქოს მე იქ ვარ და ის ხმები სხვაგან, რომელიღაც სხვა სამყაროში. შარვლის რბილი ნაჭერი ნელა, აუჩქარებლად ეშვება კიბის თითოეულ საფეხურზე. მივაბიჯებ ნაზად, არც ღიად და არც ზედმეტად გულდახურულად, რაღაცნაირად, თავისუფლად, უყურადღებოდ. და მერე... ჩამესმის მხოლოდ ერთი ხმა, ერთი უბრალო ბავშვურად გულწრფელი კითხვა, მაგრამ საკმარისი სივრცის შესაცვლელად. “სულ ისე ჩაცმული რატომ დადიხარ, როგორც სახლში?” - სიტყვები ჰაერს გამჭირვალებას ჰმატებენ. ყურებში მკვეთრად ჩამესმის გარესამყარო. ფეხის ხმა უცნაურად მყარდება იატაკზე. რაღაც არაბუნებრივი სიჩუმე ჩნდება გონებაში, წამიერი, უმნიშვნელო, მაგრამ წლების სიღრმეში ჩარჩენილი. არ არის ტკივილი, არც წყენა, არც ის, რომ ვიღაცამ რაიმე ცუდად მითხრა. არა. უბრალოდ…  სარკესავით მუშაობს სიტყვა, მაჩვენებს ჩემს თავს ოდნავ სხვა კუთხიდან. ვგრძნობ რომ წამიერად გადამიყვანეს საკუთარ თავთან მესამე პირში. ჩემთვის მხოლოდ მაშინღა ჩნდებიან სამყაროში რაღაც უხილავნი, განსხვავებულნი, არანაცნობი წესები. წესები, რომელთა შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს. ეს ფიქრები მოკრძალებულად მოძრაობენ გონებაში, არც მებრძვიან და არც მაწუხებენ. მე ისევ ვდგავარ, იმავე კაბითა და იმავე სიმშვიდით. ვდგავარ ისე, როგორც ხე სადღაც უკაცრიელ ეზოში. იმ წამს ჩემი სხეული ყველაზე ნამდვილია, დაღლილია ტყუილი ფორმების მორგებით და რბილად სუნთქავს. მაგრამ მაინც, სადღაც ღრმად, ძალიან ჩასაფრებულ ადგილას, ჩუმი დისკომფორტი მოსჩანს. ისეთი პატარა, როგორიც მტვრის ნაწილაკი მზის სხივში, თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ თვალისათვის ხილული. იქნებ ძალიან უბრალო ვარ? იქნებ ძალიან ჩვეულებრივი? იქნებ ზედმეტად ცარიელი? იმ დღიდან რაღაც უცნაური იდგამს ფესვებს ჩემს შიგნით. სხვა დღეებში, სხვა დილებში, ვარჩევ ტანისამოსს, რომელიც თითქოს მეტად სწორია, მეტად ლამაზია, მეტად შესამჩნევია. სწორად მერე იწყება ის უცნაური გრძნობა, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხე. სხეულზე ტანსაცმელი მიმძიმდება, მკლავებზე მოუხერხებლად მეწებება. მოძრაობებს ზედმეტი ხმა აქვთ, თითქოს ვიღაცას ვთამაშობ და თან გულწრფელად მრცხვენია რომ კარგად გამომდის. ყველაზე მეტად თავს უცხოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც ყველაზე ლამაზად ვარ გამოწყობილი. თითქოს ჩემი სიმშვიდე შიგნიდან გამომაცალეს და მის ნაცვლად ცარიელი, ლამაზი ყუთი დამიტოვეს, სადაც არავინ ცხოვრობს. ალბათ ამიტომ მხიბლავენ უმარტივესი ნივთები. ალბათ იმიტომ მხიბლავს უმარტივესი ტანსაცმელი, რადგან მიტოვებს ისეთივე განცდას, როგორიც შინ ყოფნისას მქონდა ხოლმე. იქ სადღაც, იმ სიმარტივეში, აღარ მიწევს საკუთარი თავის ახსნა, აღარც დამალვა, აღარც იმაზე ფიქრი როგორი ვჩანვარ გარედან. უბრალოდ ვარსებობ როგორც ბავშვი, რომელსაც ეჯავრება ყოფნასა და ჩანაცვლებას შორის გადებული ხიდი. სიმართლე თუ სიმართლე?

ბიჭი: სიმართლე.

გოგო: როგორ ხარ?

ბიჭი: ნორმალურად, შენ როგორ ხარ?

გოგო: არა, ასე არ გამოვა.

ბიჭი: ერთ საათში ოცდახუთის ვხდები. უცნაურია, ცხოვრება არ მეკითხება მზად ვარ თუ არა. ოცდახუთი წელი... ნელ-ნელა მოვიპარე, თითო დილით, თითო უძილო ღამით, თითო დაუსრულებელი ფრაზით და ახლა, როცა უკვე თითქმის აქაა, ვერ ვხვდები ცხოვრების კადრებს მმატებს თუ პირიქით, მართმევს. გავხდები ოცდახუთის და აღარასდროს ვიქნები ის, ვინც ვიყავი. არც ის, ვინც უნდა ვიყო. უბრალოდ, ვიქნები... მეზიზღება ჩემი დაბადების დღე. თარიღი, რომელსაც ყველა ხალისით მახსენებს, მე კი ისევე ვემალები, როგორც მშობლის თვალი შვილის მაჯებზე მწკრივებად ჩალაგებულ იარებს. ეს არის სიცოცხლის დასასრული ცხოვრების დაწყებამდე. ეს დღე გახდა არამხოლოდ შენთან, არამედ საკუთარ თავთან განშორების საწყისი, როდესაც ჩემი ჩრდილი მეტად ცოცხალი დარჩა, ვიდრე მე. ერთ საათში ოთხი წელი გავა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. არ ვიცი სად გაფრინდა ეს დრო, ალბათ უკან გამოგედევნა, ვინაიდან უშენოდ ვერ შევძელი დღის ცალად გადაფურცვლა. სიცოცხლე შუაზე გამეჭრა და არცერთ მხარეს დავრჩი მთელი. ისე მომიჭერი ყოველგვარი გზა, თავად ბგერებსაც აღარ შეეძლოთ შენს ყურებამდე მოღწევა და მე, წერა დავიწყე. ყოველი ასო შენი სახელი იყო და ყოველი ლექსი ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ვთანაარსებობდით. ვბღაოდი დაკარგული ბავშვივით და ვიმედოვნებდი ლექსები მოაღწევდნენ შენამდე. ვიმედოვნებდი, თუ ერთხელ მაინც წაიკითხავდი, სიტყვები მოგადნობდნენ, გაიხსენებდი რომ ოდესღაც მეც ადამიანი ვიყავი და გადმოაბიჯებდი ჩვენს შორის არსებულ ნაპრალს. მაგრამ, ლექსები... ისინი დაეცნენ შუა გზაზე და დამტოვეს ატირებული, გულზე მიბჯენილი ფურცლებით, რომელთაც ვერავის ვუზიარებდი. მერე შევეჩვიე მარტოობას. ის იყო ერთადერთი, ვინც მზრუნველად მომეხვია, აღარ გამიშვა და მეც... დავრჩი... შემიყვარდა, ჩემი ნაწილი გახდა. ვგრძნობდი რომ არასაკმარისი ვიყავი ყველასთვის. თითქოს ჩემში რაღაც არ შედგა, ვერ დასრულდა, ვერ ჩამოყალიბდა. ვპოულობდი მიზეზებს რატომ უნდა მტკენოდა და ყოველი დღე საკუთარი თავის წინააღმდეგ მსჯავრივით განვაწყვე. თვითგვემა ვაქციე ერთადერთ რიტუალად, რაღაც წმინდად და პირადად. ამასობაში, უბედურება ისე შემისისხლხორცდა, ყველაზე მტკივნეულის განცდის დროსაც კი თავს მანატრებდა. დროსთან ერთად თავადვე ვიქეცი უბედურებად და ახლა მის გარეშე მეტად ცარიელი ვარ. ერთი-მეორის მიყოლებით გადიოდნენ წლები და მე უფრო და უფრო ვემსგავსებოდი მეხსიერებას. დანაშაულში ჩარჩენილი შენდობას არ ვითხოვ. მინდა გითხრა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთარ შეცდომას ვუყურებ, არ მინდა მარტო დაგტოვო, მაგრამ... იმედი მაქვს, ერთხელ მაინც გამიღიმებ უწინდებურად თბილად და მეტყვი რომ მაპატიე. იმ წამიდან მე აღარ ვიქნები ჰაერში გაფანტული სული. შენ როგორ ხარ?

გოგო: პირველი დღეები მოჩვენებითი სიმშვიდით მიედინებოდნენ. არა იმიტომ რომ არ მტკიოდა, არამედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ჩემს ყოველდღიურობაში შენს არ არსებობას. მაშინ არ ვტიროდი. არც გონება მქონდა არეული, უბრალოდ ცარიელი ვიყავი. ბრაზი ვაქციე თავდავიწყებად, ერთგვარ ბრმა თავისუფლებად, რომელიც სინამდვილეში სულაც არ გამოდგა ჭეშმარიტება. ეს იყო რაღაც მარტოობის ფორმა, რომლის უკანაც ვიმალებოდი, რადგან ჩაფლავება არ მეღიარებინა. ერთი მომენტი ვიფიქრე კიდეც რომ გადამავიწყდა ჩვენი ამბავი, მაგრამ ვერაფრისდიდებით გავუგე წამოწეულ სიმშვიდეს. თავი ისე შევიგდე ქალაქის ხმაურში, როგორც სიკვდილის მსურველი ხტება ზღვაში, რომელსაც აღარ უნდა მიწაზე ფეხის დადგმა. ღამეებს ვატარებდი უცხოებთან, ისე რომ არც მათი სახელები მახსოვდა და მითუმეტეს არც სახეები. არც ისინი ცდილობდნენ ჩემს გრძნობებში ჩახედვას და მე ეს ყველაზე მეტად მომწონდა, რადგან სადაც არავინ გიყურებს, შეგიძლია თავი დაივიწყო. როგორი ირონიაა, სწორედ ამასობაში მახსენდებოდა შენი ხმა, შენი სუნთქვა, შენი წასვლა. შენით სავსე ადგილიდან გავრბოდი იქ, სადაც არავინ იყო, მაგრამ სიყვარულიდან გაქცეულებს სიკვდილი მარტოს არასდროს ტოვებთ. ცოტა ხანში ჩემს ცხოვრებაში კიდევ მოხდა რაღაც, რაღაც ისეთი, რისგან განსათავისუფლებლად არც სიტყვები მეყოფა და არც დუმილი. ეს ისეთი მომენტია, რომელსაც ვერც გონება დაიტევს და ვერც სხეული შეინახავს. მოხდა ისე რომ, საკუთარ თავთანაც კი აღარ ვარ ბოლომდე გულწრფელი და როდესაც მეკითხებიან ასე რამ შემცვალა, ვიღიმი კუბოსთან მდგარი ადამიანივით, რომელსაც ცრემლები დაუშრა, რადგან ტკივილმა ყოველი გრძნობა გადაუყლაპა. ენიდან ბგერებს ვერ მოვიცილებ, ვინაიდან რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი არ არის და ზოგჯერ, როდესაც ამბავი სხვასაც ეკუთვნის, შენ აღარ გაქვს მისგან დაცლის უფლება. ყელში გიჭერს და გგუდავს. მას მერე დავრჩი მეტად მარტო, ვიდრე ოდესმე. ადამიანის შინაგანი ბზარი საიდანღაც იღებს სათავეს. ჩანს თუ არა გარედან, ამას მნიშვნელობა არა აქვს, უთქმელად ინგრევი. ვეებერთელა ტვირთი გაწვება ზედ და აღარც ტირილს აქვს მადლი, აღარც ნუგეშს. გრჩება მხოლოდ სიჩუმე. მალევე ყველაფერი მეტად ბანალური გახდა. სწორედ იმ სიუჟეტს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება, რომელსაც თინეიჯერულ ტრაგედიას უწოდებენ. აღმოვჩნდი ადგილას, სადაც ყოველი ნაბიჯი შეცდომაა, სადაც ყოველი ღამე ერთნაირად უფერული და ყოველი დილა საკუთარ ყოფაზე აგორებული ირონიაა... ახლა კი, მოდი შევეშვათ ამ საუბარს, უკეთესი იდეა მაქვს. იქნებ ძველებურად გავერთოთ.

ბიჭი: შევეშვი.

გოგო: რა? ნუ მაცინებ. მართლა? როგორ მოახერხე? 

ბიჭი: მოსაყოლად არ ღირს.

გოგო: სცადე.

ბიჭი: ჩვეულებრივი საღამო იდგა, ალბათ შემდგომიც ისეთივე იქნებოდა რომ არ გავმქრალიყავი. ვზივარ რამდენიმე ბიჭთან ერთად და ხელებს ვიფშვნეტ, არა მოუთმენლობით, არამედ ინსტიქტით, როდესაც სხეული ცდილობს თავს სიცარიელეში არ გაშლის მიზეზი აჩუქოს. არ მახსოვს რას ვიღებდი, არ დავკვირვებივარ, შეიძლება არც მიკითხავს. იმ წამს მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მოვშორებოდი გრძნობას, რომელიც ღრმად შერჩენილი სინდისივით მჭამდა. იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე სხეულმა შეძლო, ან სულმა, ან იმ მცირედმა “მე”-მ, რაც იმ დროისთვის დარჩენილი მქონდა. რამოდენიმე წუთში ყველაფერი გაქრა. დამეშალა სახელი, დამეფანტა გვარი, დავრჩი არსებად, რომელსაც არ აქვს წარსული, არც მისამართი, არც ხმა, არც სამშობლო. ვიდექი გაფითრებული, გაფართოებული თვალებით, გაშეშებული. გარშემო ადამიანების ხმა ჩემამდე ვერ აღწევდა. ყველაფერი უკუსვლით მიდოდა. რამოდენიმეჯერ მკითხეს - “კარგად ხარ?”, მაგრამ როგორ უნდა უთხრა ადამიანს, რომ შენ აღარ ხარ. ამოვილუღლუღე უნდა გავიდე მეთქი. გავიგონე საკუთარი ხმა, როგორც უცხოსი. გონება უხმოდ იმეორებდა რაღაც უაზრობას. საქმე მქონდა - ასე ვთქვი. საქმე... მაინც რა საქმე აქვს ადამიანს, რომელიც ვეღარ იხსენებს სად ცხოვრობს. არცერთს უფიქრია ჩემი შეჩერება. გეგონება ისინი უკვდავების პირზე იდგნენ და სხვისი სიკვდილი უბრალოდ გამოტოვეს. სადარბაზოდან გამოსულს სიო შემომეგება. არა ის ჩვეულებრივი ჰაერი, რომელიც თმაზე გეხება და მერე ქრება, არა... ეს იყო.. რაღაც სხვა... თითქოს პირველად ვგრძნობდი რომ საერთოდ მქონდა სახე, რომელსაც ვიღაც შეეხო. ამ წერტილამდე არსებული ყველა შეგრძნება ზედაპირული და ყალბი აღმოჩნდა. ეს კი... ეს იყო იმ სიცარიელესთან შეხება, რომელსაც მუდამ დავატარებდი. მივაბიჯებდი ქუჩებში, თავქვე. ტვინს ვაძალებდი გაეხსენებინა რაიმე, რაიმე მნიშვნელოვანი, რაიმე საკუთარი, რაიმე ისეთი, რაც საბოლოოდ არ დამკარგავდა. ერთადერთი რაც თვალწი დამიდა, შენი სახე იყო. ისევ იმ გამოხედვით, ისევ იმ დუმილით, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობდა. და მე, კიდევ ერთხელ, უნებლიედ შემიყვარდი. არ ვიცი რამდენი საათი ვიბოდიალე, დრო აღარ არსებობდა. ნელ-ნელა, ფრაგმენტებად ამოტივტივდნენ კადრები, სახეები, მოვლენები და ხმები. როგორც იქნა სახლის მისამართიც გავიხსენე. მაშინ ძალიან შემეშინდა, ან ძალიან შემრცხვა. როდესაც საკუთარი სახლის კარს უყურებ და ნაბიჯს ვეღარ დგამ, რადგან შიგნით ადამიანი აღარ ხარ. კარს უკან გელოდება ის ნარჩენები, რომელსაც გაურბიხარ. სახლში შესულს მეტად შემომეგება არსებობის სიმძიმე. ცხოვრებას მონაკვეთებად ვალაგებდი. ისევ და ისევ ერთი და იგივე მახსენდებოდა, ჩვენი დიალოგები, ის ადგილი, სადაც პირველად შეგხვდი და ის წუთები, როდესაც ბოლოჯერ გნახე. ვერაფერს ვცვლიდი. დავიწყე თავის ლანძღვა სიტყვებით, რომელთაც მტერიც არ გეტყვის. შემზიზღდა ყველაფერი, ჩემი ხმა, ჩემი სხეული, ჩემი სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ცრემლი დამრჩა და აღარც ბრაზი, უსულოდ დარჩენილი სხეულივით ჩავიკეცე. დილით, არც კი ვიცი ნამდვილად თუ გავიღვიძე. ვიწექი საწოლზე, მაგრამ სხეული არ მეკუთვნოდა, აღარც გარემო იყო ჩემი. ბევრი აღარ მიფიქრია, სწრაფად ჩავიცვი და სოფლეში წავედი. არაფერ გმირულს არ ვეძებდი, არც გადარჩენას ვგეგმავდი. უბრალოდ მჭირდებოდა ადგილი, სადაც ხმაური არ იქნებოდა. მინდოდა გავრიდებოდი ყველაფერ ჩვეულს. სოფელში დრო სხვანაირად გადის. დაბეჯითებით არ დამიგეგმავს რა უნდა მეკეთებინა. შესაძლოა თავს უბრალოდ არსებობის უფლება მივეცი.  სახლში ჩავიკეტე. გარეთ მხოლოდ სიგარეტისთვის გავდიოდი. ღრმა ჩასუნთქვებში გახარჯული ღამეები უფრო ნერვულ ტკივილს ჰგავდა, ვიდრე სიცოცხლეს. ვჭამდი სამ დღეში ერთხელ... ან იშვიათად. ვცდილობდი უჩუმრად გავმქრალიყავი. ქარში გადახრილ ლერწამს დავემსგავსე. ამ პერიოდში არაფერი ხდებოდა. დღის რუტინა უცვლელი იყო. გაღვიძება, რომელსაც ვერ ვგრძნობდი, ფერფლით სავსე საწოლი და მოშორებით მიმოფანტული ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერები. საწოლის კიდეზე ჩამოჯდომა, ფანჯარაში უაზროდ ყურება, ხანდახან იმ სარკეში თვალის გაპარება, რომლიდანაც უცხო სახე მიყურებდა. მერე ისევ ძილი, მძიმე, უჟანგბადო, მთვლემარე სიკვდილის იმიტაცია. წეილიწადი დამჭირდა ხმების ჩასახრშობად და როდესაც დავრწმუნდი რომ ვეღარაფერი მმართავდა, შინ დავბრუნდი. თითქოს ყველაფერი ადგილზე დამხვდა. და მაინც... ყველაფერი შეცვლილიყო. ნივთები, ხალხი, ხმები... ისე მდუმარედ იდგნენ თავიანთ ადგილებზე, გეგონება ჩემს დაბრუნებას ელოდნენ, თითქოს ჩემს გარეშე დროს დაძვრის ნებართვა არ ჰქონდა. ბინაც რაღაც უცნაურად მიყურებდა. სანამ ზღურბლს გადავაბიჯებდი, უკვე ვგრძნობდი მისი კედლების ცივ, მჭირდრო შეხებას. მთელი სივრცე ჩემში შემოვიდა და გულზე ერთიანად მომიჭირა. ეს აღარ იყო ადგილი რომელიც მომერგებოდა. ვერც ქუჩაში ამოვისუნთქე. ქუჩები კი არ გადიდებულიყვნენ ჩემი არყოფნით, პირიქით, დაპატარავდნენ. კორპისებიც მიპატარავებულიყვნენ... ან იქნებ მე გავიზარდა და ვეღარ ვეტეოდი ამ ქალაქში, ამ რეალობაში. ზემოთ ავიხედე და... ცაც კი დაბლა ჩამოსულიყო. ისე ჩამოკონწიალებულიყო, ერთი განწირული ახტომა და მივწვდებოდი. არ მიცდია. ისე ლამაზად იყო გაფერადებული, არ მინდოდა ზედ ნათითურები დამემჩნია. ერთადერთი სიწმინდე იყო ქალაქში, რომლის დანახვაც შევძ...

გოგო: აი მე კი ერთ შეცდომას მეორე მივაყოლე, მეორეს - მესამე და ამ განახევრებულ არსებობაში, როდესაც ჭაობში უკვე ყელამდე ვიყავი და ცხვირითაც ვეფლობოდი, არავინ დამხმარებია. არც შენ დაგირეკავს, არც ღმერთი ჩამოსულა.

ბიჭი: ვწუხვარ რომ შენ გვერდით მაშინ არ ვიყავი, როდესაც გჭირდ...

გოგო: წუხხარ... წუხხარ... დალევაზეც უარს მეტყვი? მაგ შენს წუხილებს დაგიცხრობს. არ ვამბობ რომ გააქრობს, უბრალოდ წვის შეგრძნებას გაგიყუჩებს. 

ბიჭი: აქ როგორ აღმოჩნდი. ხალხმრავალ ადგილებს ვერ იტანდი.

გოგო: უბრალოდ მუდმივი თავშესაფრის მოლოდინში მაძებარი ლეკვივით დავიარები. შენ ხომ მოგწონს შინაური ცხოველები, არა?! ახლაც ვეძებ ღია კარს, თბილ მხრებს, ჩუმ თანაგრძნობას. ზოგჯერ ვიღაცის ცხოვრებაშიც აღმოვჩნდები ხოლმე. მიკედლებენ, მაგრამ დიდხანს ვერ ვჩერდები. ვგრძნობ იქაურობას არ ვეკუთვნი და კუდამოძუებული გამოვრბივარ. იყო ურთიერთობები სადაც მოგონილი სახელით ვცხოვრობდი. არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავი ვერ ვიცნო. ერთ დღესაც, როდესაც ყველაფერი თითქმის მოგვარებულია, როცა ვიღაცას თვალებში ვუყურებ და ჭიქიდან ჩაის აუღელვებლად ვსვამ, შიგნიდან რაღაც არ მასვენებს, ცეცხლს მიკიდებს. სულში ვგრძნობ ძახილს, რომელიც გარეთ აღწევს და ერთიანად მწვავს. დაფერფლილი მრჩება ირგვლივ ყველა, ვინც იმ მომენტში ჩემთან თანაარსებობს და მე, ისევ გზას ვადგები. დაბეჯითებით არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ უფრო და უფრო მიჭირს ადამიანების პოვნა. ყველაფერი ერთ დიდ ქაოსურ სიმეტრიას წააგავს. აი ასე, შემთხვევითობის პრინიპით რომ ავირჩიოთ ასი ადამიანი და ფურცელზე მისი ცხოვრების მიზნის დაწერა ვთხოვოთ, ოთხმოცდაცხრამეტს ერთი და იგივე პასუხი ექნება. ერთი და იგივე ვარიანტები, სხვა და სხვა სიტყვებით შეფუთული, მეათასე წაკითხული წიგნის მსგავსად, რომლის სიუჟეტიც ზეპირად იცი, მაგრამ მაინც ბოლომდე კითხულობ, ვითომ რაღაცას ეძებ. და ის მეასე? აღმოჩნდება ისეთი სულელი, რომელიც კითხვის არსსაც ვერ გაიგებს. ან იქნებ ერთადერთი ჭკვიანია, რომელსაც საერთოდ აღარ სჯერა, რომ შეიძლება მიზანი არსებობდეს... არ ვიცი... არ ვამბობ რომ ყველა ერთნაირი ლენჩია. არც იმას ვფიქრობ რომ სხვები აუცილებლად უარესები არიან. უბრალოდ ვამბობ - მე ვერ ვხვდები განსხვავებულ ხალხს. ვერ ვპოულობ იმას, ვინც ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ვერც იმას, ვინც სხვების სიცილისას ტირის.

ბიჭი: გამოდის ურთიერთობებსა და ხალხს ჩვეულად უფრთხი.

გოგო: შევხებივარ სხეულებს, არაერთხელ, თითებით, ბაგეებით, წარმოსახვით, მაგრამ ყოველ შეხებაზე უძირო გულისრევის გრძნობით ვივსები. იმ ლეშის სუნით ვმყრალდები, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ შეიგრძნობს. გავრბივარ აბაზანაში, იმედით რომ წყალი სიწმინდეს დამიბრუნებს. ვიხეხ კანს ტალახიანი სინდისის მოსაშორებლად და ხანდახან მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ უნდა გავჩერდე, როდესაც სისხლისფერდება, იწვება, ითლება. ვუყურებ საკუთარ ტყავს და ვცდილობ შიგნით ჩასახლებული ჭიაყელებისგან განვთავისუფლდე. ყოველ ადამიანს განსაკუთრებული სუნი აქვს. ზოგს ყვავილის, ზოგს მტვრის, ზოგსაც რის და ზოგსაც რის. ყველაზე მეტად  დამპალი კვერცხისა და უგონოდ დაღუპული სხეულის ერთმანეთში გამჯდარი, პირღებინების უპირველესი მეგობარი სურნელება მეჯავრება. ასეთი ძირითადად მოღალატე კახპებსა და ნაბიჭვრებს დასდევთ. როდესათ ასეთ არსებებს ვხედავ, გაპრანჭულ რეპტილიებს, რომლებიც თავიანთი ცივი სისხლით დაიარებიან, მინდება ყოველი მათგანი საერთოდ გავაქრო სამყაროდან. მათ ხომ ინსტიქტებით სიყვარულისთვის განაჩენის გამოტანა შეუძლიათ. როგორ შეიძლება სიყვარულს ეძახდე იმას, რასაც ღალატით ასამარებ. როგორ უნდა შეძლო იმავე ბაგეებით მიეკარო საყვარელ ადამიანს, რომლითაც უარმყოფელ სიცრუეს ეზიარე. არა, ასეთი სიყვარული სიყვარული არაა. ეს მხოლოდ ქვეცნობიერით მართვადი მოძრაობაა, რომელიც არაფრით განხსვავდება შხამიანი გველის კანის ცვლისაგან. მე თუ მკითხავ, ასეთმა ადამიანებმა არც უნდა იარსებონ. მათთვის სიყვარული სიტყვაა, სხეულებზე ტვიფრავენ და მერე, უმოწყალოდ ასამარებენ. 

ბიჭი: ვიცი არ მაქვს უფლება სიტყვებით შევეხო იმ სივრცეს, სადაც ჩვენი არდაბადებული შვილის სუნთქვა ვერ გაისმა. დამიჯერე, წამი არ გადის არ ვიფიქრო. ვიცი, იმ დღეს, იმ ერთი გადაწყვეტილებით მოვკალი ყველა, შენ, ჩვენი შვილი და საკუთარი თავი. მას შემდეგ ჰაერი იმდენად შეიცვალა, უწინდებურად ვეღარ ვსუნთქავ, აღარ მაძლევს უფლებას ბოლომდე შევივსო, მუდამ რაღაც აკლია. ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობ. ვერც თავს ვიმართლებ, არც არსებობს გამამართლებელი სიტყვა. ვერც ვერასოდეს იარსებებს. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რომ ვწუხვარ. ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია. არ ვიძახი რომ არჩევანი არ მქონდა. მხოლოდ ის შემიძლია გითხა რომ, როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, მე მზად არ ვიყავი ადამიანი ვყოფილიყავი. თუ პატიებას ვერასდროს შეძლებ, გთხოვ, არ გეზიზღებოდე მაინც.

გოგო: მე ყველა და ყველაფერი მძულს. ბეტონის უსულო კედლებიდან დაწყებული, მათში გამომწყვდეული ადმიანებით დასრულებული. გაიხედავ და ყველგან ერთნაირი იერსახის, ჩამოჯღანული, უსულო, უხასიათო, უღიმღამო ნაგებობებია. სულ მიკვირდა, როდესაც რაღაცას ქმნი, ხომ უნდა ეცადო მაქსიმუმი გააკეთო, უკან მოხედვისას სიამაყით რომ აივსო. პირველკლასელ ბავშვს რომ მიაწოდო ფურცელი და ფანქარი, უთხრა დიდი საცხოვრებელი დამიხატეო, ასეთივე მართკუთხედს დახატავს. ქუჩებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მოასხამენ ყველგან ამ ასფალტს, აქა-იქ ფუღუროს დატოვებენ, შიგ ხეს ჩაარჭობენ და მორჩა, მზადაა. ალბათ იერსახეზე მზრუნველ ადმიანებს ტვინისჭყლეტვისგან ღამეები არ სძინავთ. რაც შეეხებათ მაცხოვრებლებს. სანთელს ფანარიც რომ დავუმატო და ისე ვეძიო, მილიონში ერთხელ რომ ადამიანს გადავაწყდე, რომელთან ერთად დროის დაყოფაც არ შემეზარება. მეზიზღებიან სოციალურ ქსელებში ინტიმურ ადგილებ წამოწეული, გაშიშვლებული მდედრები. მეზიზღებიან მათნაირივე ინტელექტის მქონე მამრები, ფოტოების დანახვაზე პირზე დუჟი რომ ადგებათ. მეზიზღებიან თურქულ სერიალს გადაყოლილი აბეზარი დიასახლისები, ზემოთხსენებული ორის სექსუალური ცხოვრების განხილვა რომ აქვთ მთავარ სადარდებლად. მეზიზღებიან უბანს გამოკიდებული უინტელექტო მამრები, ქუჩას რომ არომანტიზირებენ და შებინდებულზე, სიოს წამობერვისას, სახლში გარბიან. მეზიზღებიან გაჯგიმული პოლიციის თანამშრომლები, სამყარო თავიანთი რომ ჰგონიათ და ყოველგვარი ბნელი საქმის ორგანიზატორობას ითავსებენ. მეზიზღებიან მამაოები, ეკლესიები რომ დაისაკუთრეს და ღამის საათებში უთავბოლოდ განადგურებულს, კარებს დაკეტილს მახვედრებენ. მეზიზღებიან პოლიტიკოსები, რომ მაჯერებენ თითქოს ოთხ წელიწადში ერთხელ მართლა მქონდეს არჩევანის უფლება და პარალელურად ჯიბეში ფულს იტენიან. მეზიზღებიან ხელოსნები, სულ ჩემს მოტყუებაზე რომ უჭირავთ თვალი და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დამცინცლონ. მეზიზღებიან მასწავლებლები, სწავლების მაგივრად ჩემს რობოტად ჩამოყალიბებას რომ ცდილობენ. მეზიზღებიან ფსიქოლოგები, წიგნებში ამოკითხულ, ვითომ ბრძნულ, სამოტივაციო აზრებს თავიანად რომ ასაღებენ და რეალურად ცხოვრების არაფერი გაეგებათ. მეზიზღებიან ვაჭრები, საკუთარ თავს ბიზნესმენები რომ დაარქვეს და ტახტრევანიდან მედიდურად დაიწყეს მზერა. სიას რა გამოლევს, მაგრამ მარტივად რომ ავხსნა, მეზიზღება ლაღი ადამიანიც კი, სულ იმას ვფიქრობ, პრობლემები შენ თუ არა, შენს ახლობელს მაინც როგორ არა აქვს, ბოლო-ბოლო ქუჩაში გაჭირვებული არ შეგხვედრია, ან საიდანმე ცუდი ინფორმაცია არ გსმენია მეთქი. მოკლედ, მეზიზღება ყველა, ვინც საათის ჭანჭიკია, ვისაც წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბებაში და ორჯერ მეტად მეზიზღება ის, ვინც ყველაფერს იაზრებს, მაგრამ არაფერს აკეთებს. და მაინც, ყველაზე მეტად საკუთარი თავი მეჯავრება. რაც შეგეხება შენ, შენს წუხილს მხოლოდ სიტყვებად რომ აღვიქვამდე, ზედ არც კი შემოგხედავდი. ვერ გეტყვი რომ მეც ვწუხვარ... ეგ შრამები ხელზე, მაშინდელია? 

ბიჭი: ესეიგი შენამდეც მოაღწია.

გოგო: ამბები სწრაფად ვრცელდებიან. შენეული ვერსიის მოსმენა საინტერესო იქნება.

ბიჭი: ვიფიქრე ოცდასამი წელი საკმარისი აღმოჩნდებოდა ამ სამყაროსთან თავაზიანად დასამშვიდობებლად. სასაფლაოზე გავედი, იქ, სადაც სიცოცხლე უკვდავ კვალს ტოვებს. იქ სიოც სხვანაირი იცის, ენერგიით გავსებს. მინდოდა მუდმივ სამყოფელს თავიდანვე შევგუებოდი. არ მინდოდა იქაურობა პირველად ჩემს უსულო სხეულს ენახა და ისედაც გაყინული, მეტად გაფერმკრთალებულიყო. რას იფირებდა ხალხი, მკვდარსაც კი ეშინიაო. ცოტაოდენი არყის შემდეგ, სანამ გარიჟრაჟი მთლად ჩამოიშლებოდა, როდესაც გონება და სხეული ერთმანეთს ნელ-ნელა გასცილდნენ, სამართებელი ხელში მოვიმარჯვე და ვენებზე პირველი ხაზები გავივლე. ტკივილი არა, უეცარი დაცლა ვიგრძენი. რაც უფრო მიბინდდებოდა თვალებში, მით მეტად წყვეტდა სამყარო  ჩემს დარწმუნებას, რომ არსებობას რაიმე ღირებულება გააჩნდა. თვალები პალატაში გავახილე. სიკვდილმა ამჯერადაც უკან გამომაბრუნა. ხო, ამაყად შემიძლია ვთქვა - მე ყველაზე იღბლიანი უიღბლო ვარ. როგორც გამოირკვა, რომელიღაც მესაფლავეს მოუკრავს ჩემთვის თვალი. როგორი ირონიულია, კაცი რომელიც ყოველდღე სისცოცხლეს მიწით ფარავს, მაინცდამიანც იმ დღეს გახდა სიცოცხლის მცველი. რამოდენიმე დღეში, სხეული ფსიქიატრიულს მიმიბარეს. დიაგნოზი - ბუნდოვანი, წამლები - ბავშვის კამფეტივით ფერადი. მაგრამ მე არ ვუყვარდი კამფეტებს, არც მე მხიბლავდა მათი ჩემს კუჭში არსებობის იდეა, ამიტომაც ყოველდღე პატარა მისია მქონდა, ფარული შეტევა სააბაზანოში, თითების ჯადოსნური ტრიუკი და ფერადი სიმშვიდის ამოღება, სანამ გონება ახალ ღმერთს გამოიგონებდა. რეპერტუარი სულ ერთი და იგივე ჰქონდათ, გაშტერებული თვალები, გაურკვეველი ღიმილები და რაღაც სიმღერა, რომელიც მთელი დღე ტრიალებდა. იმის ფიქრიც კი დავიწყე რომ მართლა გიჟი ვიყავი, აბა ჭკუადმყოფელი იქ მშვიდად როგორ გაძლებდა. კომისია პირველივე ჯერზე დავარწმუნე ჩემს გამოჯანმრთელებაში და მხოლოდ და მხოლოდ ორი კვირის გატარება მომიწია იმ კაცობრიობისაგან მივიწყებულ ადგილას. წამლების ან უწამლობის გადამკიდეს დეზორიენტაცია დამემართა. მართალია უკვე მივეჩვიე, მაგრამ თვალების დახუჭვა მაინც მიჭირს. საწოლში წოლის დროსაც თითქოს უფსკრულში ვვარდები. საშინლად შემაწუხებელია. მძინავს მხოლოდ მაშინ, ისიც ცოტახნით, როდესაც ტვინი ვეღარ უძლებს დატვირთვას და ზეზეულად ვწყვეტ არსებობას. არ ვიცი რამდენი დრო დარმჩა...

გოგო: ამაზე წუხილი სისულელე იქნებოდა. დრო, როგორც ასეთი, არ არსებობს. ის მხოლოდ გონების მიერ შექმნილი კონსტრუქციაა, რომელსაც ადამიანები მივეწებეთ, რათა სამყაროს მოჩვენებითი ლოგიკა მოვარგოთ. სინამდვილეში არსებობენ მხოლოდ ცვლილებები. წარსული გონების ნამსხვრევებია, მომავალი კი წარმოდგენათა ცარიელი კარკასი. აწმყო ის წერტილია, სადაც ცვლილებები ერთმანეთს უკავშირდებიან და ბადებენ ილუზიას. რასაც დროის დასასრულს ვეძახით, უბრალოდ მორიგი ცვლილებაა, რომელსაც მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ ენიჭება, რომ შიშით შეპყრობილმა გონებამ ასე მოინდომა.

ბიჭი: ჩემი გონება ობობის ქსელივითაა, ბებერი და მტვრიანი. ერთხელ ვცადე არსებობის ჭეშმარიტი ფუნქცია გამეგო და ობობამ თავადვე გადამყლაპა. მაგრამ, იმიტომ არ ვარ უბედური რომ სამყაროში ჩემს დანიშნულებას ვერ ვიაზრებ, არამედ შენს დაკარგვასთან ერთად, დავკარგე ყოველი მიზანი და შესაბამისად ბედნიერების განცდაც. ის ბედნიერება ვერსად ვიპოვნე, რასაც ფსიქოლოგ-ფილოსოფოსები გვპირდებიან, მაგრამ მივხვდი, ბედნიერება მიზნის მიღწევის დროს განცდილი კმაყოფილების უცნაური შეგრძნებაა და თუ მიზანი არა გაქვს, ვერც ოდესმე იქნები ბედნიერი. ხშირად სიხარულს გვასაღებენ ამ უკანასკნელ გრძნობად, მაგრამ მე ხომ ვიცი, ეს ორი თითქმის მსგავსი, მაგრამ მაინც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მყოფი განცდებია. 

გოგო: ბედნიერება, ბედნიერება, ბედნიერება... აუცილებლად უნდა ვცადოთ, იქნებ რამოდენიმე ჭიქამ გაგაბედნიეროს. სასმელს მოვიტან.

ისე საუბრობდნენ ერთხანს არსებობაში ეჭვი შევიტანე, როგორც ჩანს ჩემი იქ ყოფნა უხერხულობას არცერთს უქმნიდა. გოგონა ბართან მივიდა, ხალხს გასცდა და ბარმენს რაღაც უთხრა, ალბათ სასმელი შეუკვეთა. რიგში მდგომმა ყმაწვილმა იმ წამსვე სიტყვა გადაულოცა და ორიოდ წუთში ჯაზის რბილ ჰანგებს აყოლილნი ცეკვავდნენ. გოგონა ყმაწვილს ცეცხლივით ეკრობოდა, ის კი განწირულად ცდილობდა აყოლას, რამაც ღიმილი მომგვარა.

ბიჭი: მშვენიერია არა?

მე: ნამდვილად.

ბიჭი: მასთან გატარებული პერიოდი იყო გამონაკლისი იმ მარადიულ მდგომარეობაში, რომელსაც მარტოსულობა ჰქვია. მარტოობა უცნაური გრძნობაა, ყველაზე ხშირად მაშინ ეშვება ფარდასავით ჩემსა და სამყაროს შორის, როდესაც გარშემო ღიმილით სავსე სახეები და ხალხის ხმაური ჭარბობს. ასაკის მატებასთან ერთად ამ განცდამ ისე გაიდგა ფესვები, ტრაგედიად აღარც  მეჩვენება. 

მე: არ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ თქვენს საუბარს მოვკარი ყური. თქვენ ორს შორის ისეთი მიზიდულობაა, მჯერა დღეს ყველაფერი კარგად დასრულდება.

ბიჭი: დასრულდა. უკან აღარ დაბრუნდება.

მე: იქნებ შენ მისულიყავი.

ბიჭი: საუკეთესო შემთხვევაში უსიტყვოდ გამომისტუმრებს.

მე: როგორც ჩანს დიდიხანია იცნობ.

ბიჭი: ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი.

მე: ესეიგი სკოლიდან.

ბიჭი: არ მინდა ჩემი ამბით ხასიათი წაიხდინო.

მე: არა, რას ამბობ. პირიქით, მაინტერესებს.

გოგონას გავხედე. თავდავიწყებით ცეკვავდა, ამჯერად მისთვის არამხოლოდ მე არ ვარსებობდი, არამედ ჩემს გვერდით მჯდომიც გაექრო დედამიწიდან და ახლადგაცნობილს ხელებით კისერზე ჩამოჰკიდებოდა. ბიჭს ჩემთვის ნორმალურად არც კი შემოუხედავს, ეტყობოდა მხოლოდ საუბარი უნდოდა, მაგიდას დაჟინებით დააშტერდა და მოგონებებში გადაეშვა.

ბიჭი: დეკემბრის სუსხიანი საღამო იდგა. სიო ნამქერივით მედებოდა სახეზე. ნოტიო ბურუსში გახვეული შუქნიშნების მკრთალი სინათლე უძლურად ეფინებოდა ქვაფენილზე სარკედ ქცეულ წვიმის წვეთებს. ხალხი კანტიკუნტადღა შეინიშნებოდა. ქუჩას მივუყვებოდით მე და ის გოგონა, რომელთან ერთადაც იმ საღამოს ბედს მივენდე. გადავწყვიტეთ ფილმი გვენახა, უფრო სწორად მან მოინდომა. კინოთეატრში შესულებს ფილმი დიდხანს არ გვირჩევია, ათ წუთში რომელიღაც დრამა უნდა ეჩვენებინათ. ბილეთები ვიყიდეთ და ცარიელ დარბაზში შევედით, ჩვენს გარდა არავინ იყო. შუა რიგის საუკეთესო ადგილებზე მოვთავსდით. ცოტახნის შემდეგ, როცა უკვე ეკრანზე გაბნეულ ნარინჯისფერ შუქს ვადევნებდი თვალს, კარის გაღების ხმა ჩამესმა. ინსტიქტურად მოვიხედე. პირველად მაშინ დავინახე. შავი, კაბა და თეთრი პერანგი ეცვა, ისე იხდენდა, თითქოს მის სხეულზე სიბნელე და სინათლე სრულყოფილად ერწყმოდნენ ერთმანეთს. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გველივით ეხვეოდა ტერფებს, რომლებიც ფილმიდან მომავალი ამოუცნობი სიმღერის რიტმში მსუბუქად მოძრაობდნენ. ყოველი მისი ნაბიჯი ცეცხლოვანი ყვავილის ფაქიზ, მაგრამ ამავდროულად მოქნილ და სურნელოვან ცეკვას ჰგავდა. ღია ყავისფერი, შემოდგომის ფოთოლივით მწიფე მანტო ნაზად აწვებოდა მხრებზე. იმავე ფერის შარფი ფრთხილად ფარფატებდა ყელთან. ცისფერ თვალებს პატარა ლურჯთვლიანი საყურეები უმშვენებდნენ. უკან ვიღაც მოჰყვებოდა. წამით მის თვალებს შევხვდი... შემდეგ ერთი სკამის გამოტოვებით, გვერდით დაგვისხდნენ. გულში ჩამეცინა კიდეც, ამხელა დარბაზში რაღა აქ მოუნდათ დაჯდომა მეთქი. ფილმი მოსაწყენი აღმოჩნდა. ზეზეულად ჩამთვლიმა. თანმხლებმა გოგონამ მკლავზე ხელი ჩამავლო და გამომაფხიზლა. გაღიზიანებული ჩურჩულით მეჩხუბებოდა და გაიძახოდა - “ეს არაადამიანი”. მივხვდი რომელიღაც პერსონაჟს გულისხმოდა და ეკრანს დავაკვირდი. სცენაზე მამაკაცი ქალს უხეშად ესაუბრებოდა, ყოფილ შეყვარბეულთან ერთად რა გინდოდაო, თუ რაღაც მსგავსი.
- ეჭვიანობს. ნორმალურია, გაბრაზებულია.
- ეს ნორმალური გგონია? მოძალადე ნაბიჭვარია! შენ ოდესმე მასე დამელაპარაკები?
გამომწვევად მომაჩერდა, მივხვდი ამ დიალოგს პირად კონტექსტში განიხილავდა.
- შენ ოდესმე გაიხსენებ ვინმესთან ძველ გრძნობებს? საერთოდაც მე თუ მკითხავ, ამ ქალს მოღალატეობა კოჭებშივე ეტყობა.
გოგონა წამოდგა, კარისკენ გასწია და მომაძახა:
- როგორც ჩანს შენც მოძალადე ხარ, შენნაირ ადამიანთან ერთი წამითაც აღარ მინდა გაჩერება. 
სიტყვა აღარ დამიძრავს. ღრმად ამოვიხვნეშე და ეკრანს გავხედე. რამოდენიმე სცენის შემდეგ, ქალმა ქმარს უღალატა, რაზეც ჩემდაუნებურად ჩამეცინა. მან გამომხედე და ღიმილით ჩაიჩურჩულა:
- როგორც ჩანს მართალი იყავი.
- რად გინდა ასეთი სიმართლე? გამლანძღეს, გამთათხეს და პოტენციური საცოლე დავკარგე.
გაოცებულმა შემომხედა.
- საცოლე?
- ვხუმრობ. ნორმალურად არც კი ვიცნობდი, უფრო სწორად, გაცნობის პროცესში ვიყავით, ჩვენი მეორე შეხვედრა იყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კრახით დასრულდა. სიმართლე გითხრა, ასეთი გამოლანძღვის შემდეგ, სახლში მისული ალბათ ბალიშში ვიქვითინებ.
გაიცინა, ცოტახანს აღარაფერი უთქვამს, მერე მომიტრიალდა და მითხრა:
- ჩვენთან ერთად წამოდი, მეგობრები დალევას ვაპირებთ, აღარ მოიწყენ. კარგი იქნება, არა?
გვერდით მჯდომს გაჰხედა, მანაც დასტურის ნიშნად თავი ზლაზვნით დაიქნია, ეტყობოდა ამ იდეით დიდად ვერ აღფრთოვანდა. მეც დავთანხმდი, არ მიუარია.
მისაღებ ოთახში ათიოდე მისი მეგობარი შეკრებილიყო. სიგარეტის კვამლით დახუნძლულ სივრცეში, სასმლისგან გაწითლებული ლოყები და ნახევრად დახუჭული თვალები მატყობინედნენ, რომ უკვე კარგა ხნის დაწყებული ჰქონდათ მოლხენა. შესვლისთანავე მათი გაკვირვებული მზერები ერთდრულად ეძგერნენ და კითხვების კორიანტელი დააყარეს:
- ვისთან ერთად მოხვედით? არ გაგვაცნობთ?
- მოიცადეთ, ჯერ კარში ნორმალურად შემოვიდეს ადამიანი. - ოდნავი გაბრაზების ტონით გადაულაპარაკა იქ მყოფთ და ხელის მარტივი მოძრაობით სუფრისკენ მიმიპატიჟა.
რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ალკოჰოლის სიმშვიდემ მომიცვა. მოსაწევად აივანზე გავედი. მალევე უკან მომყვა. ჩემმა უსიტყვო ძახილმა გამოიყვანა.
- ხომ არ მოიწყინე? - გამჭოლი მზერით მომაშტერდა.
- არა, რას ამბობ, პირიქით, სასიამოვნოა ატმოსფეროა. შენმა შეყვარებულმაც გულთბილად მიმიღო.
მისი ურთიერთობა სასიყვარულოს სულაც არ ჰგავდა, მაგრამ დასაზუსტებლად მაინტერესებდა როგორ იმოქმედებდა მასზე ეს ფრაზა.
- შეყვარებული? ჩემი დიდი ხნის მეგობარი და კურსიელია. - რაღაცნაირად შუბლშეკრულმა მიპასუხა.
- მეგობარი კი არა... აშკარად მოსწონხარ. - ცივად გავიღიმე.
- ესიგი შენ იმ კატეგორიას განეკუთვნები, ვისაც გოგოს და ბიჭის მეგობრობის არ სჯერა არა? - განრისხებული მზერა მესროლა, თითქოს წამიც და ყელში დასახრჩობად მეცემოდა. 
- მჯერა... მჯერა რომ ბიჭებს გვყავს დაიკოები, ძამიკოები და უბრალოდ ნაცნობები, ამის იქით ყველაფერი ...
საუბრის დასრულება ვერ მოვასწარი, ისე გამოვიდა მისი დაქალი, თითებით ჩამეჭიდა და შინისაკენ შემათრია, სადღეგრძელოს ვიძახით და გელოდებით, ამდენი ხანი სად ხარო. ოციოდე წუთი იქნებოდა გასული, სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი ბიჭი გადმოუჯდა. აშკარად დამღლელი იყო მისი საუბრის სმენა, მე კი დიდად ვერ ვიგებდი რას ეუბნებოდა. კინოში თანმხლებბმა გამოსარჩლება მოინდოდა და რაღაც პაექრობის მსგავსი გაიმართა. ჩემთვის ეს უფრო ორი შეყვარებული კაცის წყალწაღებულ ჯახს ჰგავდა. ვერ დავმალე ემოციები და ხმამაღლა გამეცინა. ორივე მე შემომიტრიალდა:
- რა გაცინებს?
- გრძელი ისტორიაა, სხვა დროს მოგიყვებით. თქვენ გააგრძელეთ, ჩემს გამო ნუ შეჩერდებით.
ერთ-ერთმა თავი თავთან ისე ახლოს მომიტანა, მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი. ხაზგასმით გაიმეორა:
- რა გაიცნებს მეთქი?
- იქნებ უკეთესი იყოს ოდნავ გაიწიო.
- მეტჯერ არ გაგიმეორებ. - კბილების ღჭიალით წარმოსთქვა.
ამ სიტყვებს მცირე ნერწყვის შხეფი მოჰყვა, უსინდისოდ უმნიშვნელო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ მოთმინების ბოლო ძაფი გადაჭრილიყო. სკამიდან სწრაფად წამოვდექი, მისი თავი ბურთივით დავიჭირე და მთელი ძალით მაგიდაზე დავანარცხე. დაბორიალებული იატაკისკენ უგონოდ გადავარდა. მისი დაცემა დასრულებული არ იყო, როცა ვიგრძენი არყის ბოთლი როგორ მძიმედ მომხვდა სახეში. წარბიდან და ლოყის მიმდებარე ადგილებიდან სისხლმა ნაკადულივით იჩხრიალა. მერე მახსოვს ბოთლის მომქნევი როგორ მეჭირა საყელოთი და მუშტებს ვუშენდი. მახსოვს როგორ უშედეგოდ ცდილობდნენ გაშველებას. მერე მისი მკვეთრი  ხმა გავიგონე:
- გეყოფა!
მაშივნე გამოვხიზლდი და დანაშაულის გრძნობით აღსავსე წამოვდექი. ხელი ხელზე ჩამკიდა და ისე მკაცრად მითხრა აქედან უნდა წავიდეთო, ვერც კი შევეწინააღმდეგე. ლამპიონის სინათლეზეღა დავაკვირდი როგორი ერთიანად წაშლილი სახე ჰქონდა, როგორ ნერვიულობდა და მობოდიშება განვიზრახე. შემომხედა და მითხარი:
- ჯერ შენს სახეს მივხედოთ, დანარჩენზე მერე ვილაპარკაოთ. გამომყევი.
მეორე სართულამდე კიბეები უხმოდ აიარა, მერე შავ კართან შეჩერდა. შებინდებულ დერეფანში შეყოვნებულმა, ხელებით მანტოს ჯიბეები მოიჩხრიკა. საკეტმა შიგნიდან წინააღმდეგობა გაუწია. მსუბუქად დააკაკუნე და ჩუმად დასძინა:
- როგორც ჩანს მარტოები არ ვართ.
კარი ლამაზი შესახედაობის ქალბატონმა გააღო. ფაქტიურად მისი სახის ასლი ჰქონდა, ოღონდ წლებით შეხუნებული.
- გამარჯობა დედა, ეს ჩემი მეგობარია - სწრაფად წარმოსთქვა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- უიმე, რა სჭირს? ხომ კარგად ხარ შვილო? - მკითხა აღელვებულმა.
- კი, უბრალოდ სიბნელეში წავიქეცი და...
დედამისმა წამიერად წაიკითხა ჩემი სიცრუე, თუმცა არაფერი უთქვამს. დამთბარი ღიმილით შემიპატიჟა.
- გოგოები მყავს სტუმრად. ყავას ვსვამთ, ცოტას ვჭორაობთ. არ შემოგვიერთდებით?
- დედა, ხომ ხედავ სახე რა დღეში აქვს. ჩემს ოთახში ცოტას მოწესრიგდება და მოვალთ.
დედამისს აღარაფერი უთქვამს. ერთხელ კიდევ ამათვალ-ჩამათვარიელა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა მისაღები ოთახისაკენ, საიდანაც რამოდენიმე ადამიანის ერთდროული საუბარი მოისმოდა.
ცისფერ კედლებს ხელით მოხატული ბუნების პეიზაჟები ამშვენებდნენ. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა ნახატმა მიიქცია, განმარტოვებით მდგარმა ხეზე ჩამოკიდებულმა საქანელამ, რომლის ჩრდილიდანაც ყვავთა გუნდი იშლებოდა და მთელი ოთახის კედლებზე აქა-იქ იფანტებოდა. ფრინველების თვლაში გართულმა უეცრად ვიგრძენი როგორ შემეხო სახეზე სველი, ცივი ნაჭერი და ცოტა შევიშმუშნე.
- გტკივა? - მკითხა ოდნავ შეწუხებული ტონით.
- არა. - თვალები მოვჭუტე და თავი გავაქნიე, არ ვიმჩნევდი როგორი მტკივნეული იყო ყოველი შეხება.
წარბზე და ლოყაზე ბინტი გადამაკარა. გამჭოლი მზერა მესროლა და დაიწყო:
- იცი, რაც შენ გააკეთე, მასე ...
- ვიცი, ვიცი. ვწუხვარ. თუ ჩემს დატუქსვას აპირებ,იქნებ სხვა დროისთვის გადადო, ხომ ხედავ სისხლისგან ვიცლები, სიკვდილს ძლივს გამომგლიჯე ხელიდან. აი მე მინდა რომ მადლობა გადაგიხადო ჩემი გადარჩენისთვის. 
ამოიხვნეშა, წარბი ოდნავ აზიდა და ორიოდე წამით ასე მიყურებდი. ბოლოს ღიმილი შეაპარა:
- ყავა ხომ არ დავლიოთ?
მხრები ავიჩეჩე.
ხუთიოდე ქალბატონი მაგიდას შემოსხდომოდა. ჩვენს გამოჩენას მაშინვე შეკითხვათა ქარბორბალა მოჰყვა, აინტერესებდათ ვინ ვიყავი.
- ჩემი საქმროა, გაიცანით. - უცნაური სიმშვიდით წარმოსთქვა.
ყველა განცვიფრებამ მოიცვა, განსაკუთრებით დედამისი.
- ქორწილზე საუბარი ჯერ ადრეა, მოვიცდით, სანამ სკოლას დავამთავრებ. ასე არ შევთანხმდით?
- რამდენი წლის ხარ? - აღელვებული ჩამეკითხა დედამისი.
- არ ინერვიულო დედა, ფული თავზე საყრელად გვექნება. მართალია არ მუშაობს, მაგრამ კარგი მოთამაშეა, სულ იგებს.
- რა საშინელებაა, მე თუ მკითხავთ, აზარტული თამაშები საერთოდაც უნდა გაუქმდეს. - ჩაერია საუბარში ერთ-ერთი იქ მყოფთაგანი და ისეთი ზიზღნარევი მზერა მესროლა, ადგილზე გავშრი.
- კი მაგრამ, რატომ? - გამომცდელი ტონით ჩაეკითხა.
- ღუპავს ახალგაზრდებს. რამდენი ადამიანი შეიწირა, რამდენი...
- დღეს რა მიირთვით? - არ დასრულებინა საუბარი.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- ულუფა რომ გაგენახევრებინა, დღეს, სადღაც რომელიმე ბავშვს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდი. ესეიგი შენ და შენნაირებს უნდა გკითხოთ ჩემი ფულით რას გავაკეთებ, ვითამაშებ, დავწვავ თუ მთვარისაკენ გავსტყორცნი. იქნებ სულაც იმიტომ უნდა ამიკრძალონ თამაში რომ შენს ქმარს სახლში ხელფასი არ მოაქვს, შენ კი პირად პრობლემას სხვებზე ზრუნვის სურვილით ნიღბავ?! მაღიზიანებენ თვალთმაქცი ადამიანები.
სიჩუმე ჩამოწვა. ჩემსკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მითხრა:
- მოდი ყავა ოთახში დავლიოთ. შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით გაეშურა გასასვლელისკენ. ერთადერთი რისი თქმაც მოვახერხე:
- ვიხუმრეთ, დაქორწინებას არ ვაპირებთ, უბრალოდ მეგობრები ვართ.
გავედევნე. ვერ მივხვდი დედამისმა შვებით ამოისუნთქა თუ სიმწრით.
- ოჰოო, როგორი ნევროზი გვქონია ქალბატონო.
- თავს ვერ ვიკავებ როცა ამ ფაიფურის თოჯინებს ვხედავ. არ ფიქრობ რომ შიგნიდან ყველა ცარიელია? 
და დაიწყო საუბარი ყველაზე და ყველაფერზე. მასში ერთიანად იზრდებოდნენ, ჩერდებოდნენ და ტუჩების მოძრაობით ჩემს პულსს ერწყმოდნენ. ვეღარ ვუსმენდი. დრო უცნაურად შენელდა, წუთები ჰაერში თანმიმდევრობით დალაგდნენ, სამყარომ კი მათ სული შეუბერა და გაფანტა, რადგან ეს კონკრეტული წამი არ აჩქარებულიყო. ვუყურებდი მის თვალებს, საუბრისას შიგნიდან ისე ინთებოდნენ, რომ მოენდომებინა, პლანეტას გადაწვავდა. ბრაზისა და სითბოს გამომხატველ ცვალებად მიმიკებს შორის კიდევ იყო რაღაც... რაღაც გაურკვეველი... ვუყურებდი და მივხვდი, ის იყო ადამიანი, რომლის გამოჩენასაც ყოველთვის ველოდი.

მე:  სამწუხაროდ საპასუხოდ მსგავსი ისტორიით ვერ დავიკვეხნი. არასდროს მიგვრძვნია ის, რაზეც საუბრობ.

ბიჭი: იცი, ერთხელ ვუთხარი რომ მესმოდა როგორ ითხოვდა სამყარო შველას, რომ ყველაფერი ფუნდამენტურად არასწორად მიმდინაორებდა და სტრუქტურაში გაჩენილი ბზარი კაცობრიობას შინაგანად შლიდა. ამის შემდეგ ყოველდღე მარწმუნებდა რომ ამ შეგრძნებებს შემთხვევით არ გადავაწყდი. მიმეორებდა რომ რაღაცის დანახვა უკვე ნიშნავდა პასუხისმგებლობას და ვალდებული ვიყავი მემოქმედა. მას სჯეროდა, რომ ადამიანები რომლებიც სამყაროს ტკივილს სრულიად გრძნობენ, სწორად ისინი ქმნიან შესაძლებელ ცვლილებებს. შეუძლებლად კი არაფერი მიაჩნდა. მე სხვის ტკივილთან უცნაურ კავშირში დავიბადე. იქნებ ამიტომაც ვერასოდეს განვიცადე ადამიანის ერთ-ერთი მისწრაფება - თავისუფლება, რადგან შეგნებულ არსებობას აღარ შეუძლია პასუხისმგებლობებისაგან სრულიად განთავისუფლება, ისევე როგორც გონებას საკუთარ გააზრებაზე უარის თქმა. ახლა, როცა ამდენი ფიქრი ანბანის მიხედვით, თაროზე ჩამწკრივებული წიგნებივით დამილაგდა, ვხვდები რომ არჩევანი არსებითია. არა მოქმედებასა და უმოქმედობას შორის, არამედ დარჩენასა და გაქრობას შორის. როდესაც  სამყაროს ტკივილი უბრალო ხედვას გასცდა და ჩემს თავში ვიგრძენი, მას შემდეგ ვიბრძვი გონების სიფხიზლის შესანარჩუნებლად, რომელიც თანდათანობითი მსხვრევის ფასად მოვიპოვე. ესაა პირადი ზღვარი, სადაც ვდგავარ. უმისოდ აღარ მჯერა გადამრჩენი როლების. თავს ვალდებულად ვთვლი არ ვუღალატო იმ სმენადობას, რომელმაც ჭეშმარიტებასთან მაზიარა.

სიმართლე ვთქვა, იმ მომენტში ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი რაზე საუბრობდა. ჩემი ყურადღება გოგონასკენ იყო მიმართული, რომელმაც შესასვლელთან ჩამოკიდებული ქურთუკისაკენ გასწია. როგორც ჩანს წასვლას აპირებდა. ჩვენსკენ არცერთხელ გამოუხედავს.

ბიჭი: ხანდახან ვფიქრობ რომ ისიც ისევე მოიცვა ღრმა ბნელეთმა, როგორც მე, მაგრამ მეტად გაწონასწორებულად. ალბათ მასში ტკივილი არ არის უკონტროლო ქარიშხალივით. ალბათ ის უჯრაში არსებულ იმ თეთრ ყუთში გამოამწყვდია, სადაც ნაჩუქარ, დაწუნებულ სუნამოებს ინახავდა... მე კი აივანზე ფერადი საცვლებივით გამოვფინე. რამდენი ხანი გავიდა, რაც ყელთან მისი სუნთქვა არ მიგვრძვნია, მაგრამ მაინც.. ჩემია... არა როგორც საკუთრება, ასეთ ფორმულირებაზე თავადვე მეცინება. ჩემშა როგორც ბინის მფლობელი, რომელიც გადასახლდა და თან გასაღები გაიყოლა. ჩემა ყველა იმ სივრცეში, სადაც ვიარსებებ და ვერავინ, ვერც დრო, ვერც ექიმი, ვერც ღმერთი წამართმევს იმას, ვინც ჩემში თანაარსებობს.  არასოდეს ვაფიქრებინებ ვინმეს რომ ჩვენი სიყვარული ერთ-ერთი იყო და არა ერთადერთი. მე ვიქნები მტკიცებულება იმასა რომ წამიც საკმარისია მარადისობის შესაქმნელად.

ბიჭმა გოგონას გახედა, მეც თავი უნებლიედ მივატრიალე. ნაბიჯიც და ის კარის ზღურბლს გადააბიჯებდა. ყურში ბარის კედელზე ჩამოკიდებული გუგულიანი საათის ხმა ჩამესმა, რომელიც სტუმრებს თორმეტი საათის დადგომას ამცნობდა. ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემთვის ჩვეული ამბავი იყო. გოგონა მოტრიალდა. რაღაცნაირი აღტაცებით ავივსე, სახეზე ღიმილი ამითამაშდა. მის სახეზეც დავინახე პირველად ემოცია, მთელი ეს დრო ყინულის თვალებით ამსხვრევდა გარემოს, ახლა კი რაღაც სასოწარკვეთილი, რაღაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა. მივხვდი ყვირილს აპირებდა. თავი მოვატრიალე, წამის მეასედში ბიჭმა შუბლზე მიბჯენილი რევოლვერის ჩახმახს თითი გამოჰკრა და მაგიდაზე უსულოდ დაეცა. მთლიანი სახე წითლად შემეღება. მესმოდა წივილი, ღრიალი, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი, ვერ ვმოძრაობდი. ძალა მოვიკრიბე და უკანასკნელი ენერგიით გავხედე გოგონას. ის ერთადერთი იყო ვინც უხმოდ იდგა. შემდეგ კარგად არ მახსოვს, მეგობარმა ბარმენმა იქაურობას გამარიდა.

სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. ერთი თვე იქნებოდა გასული რაც ბარს აღარ ვსტუმრებივარ. ამჯერად დაძაბული დღის შემდგომ რამოდენიმე ჭიქაზე უარი ვერ ვთქვი.

ბარმენი: დიდიხანია აღარ გამოჩენილხარ. ცოტას ვნერვიულობდი კიდეც.

მე: იმ ამბის თავიდან ამოსაგდებად დრო დამჭირდა. 

ბარმენი: ნოლა ყოველ დილით გვსტუმრობს.

მე: ვინ?

ბარმენი: ის უცნაური გოგონა. ყოველ დილით მოდის და გონების დაკარგვამდე სვამს. გასასვლელთან ტაქსები უკვე რიგად იცდიან ხოლმე. დილით თუ გამოივლი შენც შეხვდები.

მე: დიდი ვერაფერი იდეაა. ვცდილობ ეს ამბავი დაუსრულებელ მოგონებად არ მექცეს.

მთვრალი მეგობარი ჩემს მკლავს ეჭიდებოდა და ცდილობდა თავის ხუშტურზე გავეთრიე:
- უნდა შევიდეთ რა!
შევეწინააღმდეგე, მაგრამ იმ ღამის სუსხი მისი ნებისავით ურჩი გამოდგა. მივყევი. ფრთხილად, ნაბიჯით შევაბიჯე  კარში. პირველი რაც შიგნით დამხვდა, მძაღე, მუქი ჰაერი იყო. კედლებიდანაც ოხვრა ჟონავდა. მეგობარმა არც აცია, არც აცხელა, ხელდახელ წაიყვანა მეძავთაგან ყველაზე ხორცშესხმული. მე დავრჩი. დავჯექი. სიგარეტს მოვუკიდე, მაგრამ ჰაერი მაშინვე მეტად დამძიმდა და სწრაფად ჩავაქრე. მერე ის გამოვიდა. პატარა, სიფრიფანა გოგონა. ნოლა. თვალებით, რომელშიც ძილი და ძნელად შთანთქმული ტკივილი ჩასახლებულიყო. მის სიარულის მანერაში ის სინაზე იკითხებოდა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გასისხლიანებულიყო ცხოვრებასთან ბრძოლაში. სხვებმაც შეამჩნიეს. დაუფარავად, მშიერი ლომებივით მიშტერებულიყვნენ და მონეტის სანაცვლოდ სულის გატაცებას უგეგმავდნენ. გულმა არ მომითმინა. ვუთხარი ჩემთან ერთად წამოსულიყო. არ მემეტებოდა. უბრალოდ, არ მემეტებოდა. არ შემიმჩნია, უსიტყვოდ გამომყვა. ოთახი პატარა იყო, მაგრამ მოწესრიგებული, მოჩვენებითი სიმშვიდით აღვსილი. წითელი ნათურა ოდნავღა ბჟუტავდა. ტანსაცმლის გახდა დაიწყო. გავაჩერე.
- არ გინდა.
ვიგრძენი არ ელოდა. ალბათ არა იმიტომ რომ აკრძალული იყო, არამედ იმიტომ რომ ასე არასდროს ხდებოდა.
- საუბარი რაზე გინდა?
- პოეზიაზე. -  ნახევრად ხუმრობით ვუპასუხე.
თვალები გაუბრწყინდა. ერთიანად აენთო. უჯრიდან ტყავის ყავისფერყდიანი ბლოკნოტი ამოიღო. გადავშალე. წრფელი, უმწიკვლო, პატარა ფიფქებივით დაწერილი ლექსები დამხვდნენ. თავი გავატრიალე, კითხვა რომ გამეგრძელებინა, ალბათ ბავშვივით ავტირდებოდი. დავხურე. დავუბრუნე. თითქოს ეწყინა.
- არ მოგეწონა? 
- ზედმეტად მთვრალი ვარ ასოების გასარჩევად.
შუბლზე თითქმის ინსტიქტურად ვაკოცე. უხმოდ ვისხედით სანამ ყელში ბურთი გამეჩხირებოდა. უკვე შუაღამე იყო ჩამომდგარი, ხელი ხელზე დავადე და შევპირდი:
- დილით გამოგივლი, სახლამდე მიგაცილებ.
შევამჩნიე როგორ აცახცახდა, არაფერი უთქვამს. გათენებამდე იმდენი ვსვი მეგობრის სახლში, სკამზე ჩამომეძინა. თვალი რომ გავახილე ათი ხდებოდა. იქ აღარ დამხვდა. ბარში გავემართე, აღარც იქ იყო.

მეორე დილითაც ჩავედი ბარში, ამჯერად მაგიდასთან დამხვდა, ნამწვავებით სავსე საფერფლესა და ნახევრად ცარიელ სასმლის ბოთლთან ერთად. გამოლაპარაკება ვცადე, ხმა არ ამოუღია. ბარმენს ცარიელი ჭიქა გამოვართვი და ნოლას მივუჯექი. ბოთლის მთლიანად ჩამოცლის შემდეგ წამოდგა და კარისაკენ გაეშურა. ერთ კვირას გაგრძელდა ასე, ვისხედით მრგვალი მაგიდის გარშემო, ვეწეოდით, ვსვამდით, ის კი მოულოდნელად დგებოდა და მიდიოდა.

ჩვეულზე მეტი მონდომებით ვსვამდი. გამჭირვალე სასმისის დაცარიელების შემდგომ, როდესაც ნოლამ წასვლა დააპირა, ბარმენს მეორე ბოთლი გამოვართვი. ერთხანს კართან უმოძრაოდ გაშეშდა. მოტრიალდა და მაგიდას დაუბრუნდა.

ნოლა: რა მოხდა?

მე: არაფერი.

ნოლა: მოდი შევთანხმდეთ. მეტჯერ არ გავიმეორებ. როდესაც ერთმანეთს რაიმეს ვკითხავთ, ან სიმართლით ვუპასუხებთ, ან გავჩუმდებით. ახლა კი გეკითხები, რა მოხდა?

გავჩუმდი. არ შემეძლო მშობელზე საუბარი, რომლის გარდაცვალების ამბავიც სრულიად შემთხვევით შევიტყვე. არაადამიანები! იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს რომ ეთქვათ.

ნოლა: უკაცრავად მაგრამ ეს პოზიცია დაკავებულია, ნუ ცდილობ ჩემი წარმატება მიისაკუთრო. მოიშორე ეგ კიტრის პიკულივით დაღმანჭული სახე და წადი სახლში... ან სადაც გინდა.

მე: არ ვიცოდი აქაურობის მესაკუთრე თუ იყავი.

ორიოდე წუთით მიყურა, ხის მაგიდას ხელი დაავლო და ცხვირწინ ამომიტრიალა. ეს არ იკმარა და სხვებსაც მიადგა, რასაც გაკვირვებული ბარმენის განრისხება მოჰყვა. გამოსარჩლების მცდელობით აღვსილმა, მასთან ერთად ამოვყავი თავი ქარიან ქუჩაში.

მე: შესანიშნავია, მომიწევს სამუდამოდ დავემშვიდობო ჩემს დროის ერთადერთ გასატარებელ ადგილს.

ნოლა: ვაუ, მგონი ცოტაც და ატირდები. არ მოგერიდოს, შეგიძლია ჩემს მკერდში იქვითინო.

მე: შეშლილი ხარ.

ნოლა: დიდი ვერაფერი მოსაუბრე გამოდექი. ღვიძლი ამისთვის დაიშალე?

მე: თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. უბრალოდ დალევა მიყვარს, შენ კი ნორმალურ კომპანიონად გთვლიდი, სანამ გასუსული იყავი.

ნოლა: ბლა ბლა ბლა. ჩემი წასვლის დროა, ხვალამდე. ლოყებს ნუ დაინამავ, ბარმენს მე დაველაპარაკები და აღარ დაგტუქსავს.

მე: მოიცადე. ორიოდ ნაბიჯში ვცხოვრობ, იქნებ თითო კიდევ დაგველია. საშინელი დღე მაქვს, არ მინდა მარტო დარჩენა.

	ნოლამ ჩანთიდან თეთრი ფხვნილი ამოიღო, კოვზზე დაყარა, წყალი დაამატა და ასანთით გათბობა დაუწყო.

მე: რას აკეთებ?

ნოლა: თუ შენთვის პრობლემაა, შემიძლია წავიდე.

მე: არა, უბრალოდ მინდა მეც გავსინჯო.

ღამის სამი საათია. ნოლა ჩემს წინ უგონოდ ზის, არ ვიცი საერთოდ თუ სუნთქავს. მე ვერ ვმოძრაობ, თვალები მიმძიმდება, ვგრძნობ დიდიხნით დავიძინებ. ახლა ვინმეს რომ ეკითხა როგორია ჩემი სიყვარულის ისტორია, რომ შემეძლოს, ალბათ ამას მოვუყვებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი