კოკისპირულად წვიმს


კოკისპირულად წვიმს. სამყაროს აქამდე არასდროს ენახა მსგავსი ქაოსი. წვიმის წვეთები ერთმანეთის მიყოლებით, უღიმღამოდ, მოწყენილნი ენარცხებოდნენ მიწას. იძვროდნენ მთები, ვარდებოდა ცა, შეშინებული ხეები თავშესაფარს ეძებდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ამაყად და მხნედ უმზერდა ერთ შემაღლებულ ადგილას მყოფი ყვავილი. არც თავს ხრიდა, არც შიში ეტყობოდა და არც გაკვირვებული იერი ჰქონდა. შეამჩნია ყვავილი ერთმა წვიმის წვეთმა, გაოგნდა, მოიხიბლა, უნდოდა დალაპარაკებოდა, გაეცნო, მის გონებაში შემძვრალიყო, მისი ფიქრები და შეგრძნებები გაეზიარებინა, ამიტომაც თავის გადარჩენა სცადა. მიწისაკენ დასაღუპად მიმავალ წვიმის წვეთებს გამოეყო და იქვე პატარა ორმოს შეაფარა თავი. უმზერდა ყვავილს და რაღაც უცხოს გრძნობდა, აქამდე ჯერ არ განცდილს. აღტაცებული იყო მისი ყოველი მიმოხვრით, ყოველი გამომეტყველებით, ყოველი ამოსუნთქვით. 
გამოიდარა.
წვიმის წვეთმა ორმოდან თავი ამოჰყო, ყვავილს კვლავ გახედა და... ახლა მიხვდა სიტყვა "საუცხოო"ს მნიშვნელობას, ყვავილი მზის შუქზე მეტად მშვენიერი გახლდათ, მეტად გაზრდილიყო და მეტად მოეღერებინა ცისათვის ყელი. წვეთმა ძალა მოიკრიბა და თავის დაკვრით გამარჯობა შესძახა. ყვავილმა გახედა, აათვალ-ჩაათვალიერა, შეტრიალდა და ზურგი აქცია. წვეთმა უფრო ხმამაღლა შესძახა, ნელ-ნელა ხმას უმატებდა, მაგრამ სანაცვლოდ დუმილს იღებდა.მშვენიერს თითქოს არც კი ესმოდა. ახლა წვეთი მის სახეს ვეღარ ხედავდა, რას არ იზამდა ერთხელ მაინც რომ კიდევ ენახა ეს მშვენიერება. დაღონებული ყვავილს ეძახდა, ეძახდა დღეც და ეძახდა ღამეც.
გავიდა დღეები, მოიღრუბლა, გაწვიმდა, ძალამიხდილი წვეთი უკვე დანებებას აპირებდა რომ უეცრად ძალა იგრძნო, მეტად გადიდდა და ახლა უკვე ნაკლები მანძილი აშორებდა ოცნებამდე. მეტი ძალღონითაც იძახდა, ყვიროდა, ღრიალებდა მაგრამ ყვავილმა მხოლოდ ერთხელ გააპარა თვალი უკან და რომ დაინახა გუბედ ქცეული წვეთი, გაუკვირდა, თუმცა ძახილი კვლავ არ იღო ყურად. 
გამოიდარა. გუბე იმედით შესცქეროდა ყვავილს, უწინდელივით გაჰყვიროდა, უწინდელზე უფრო ძლიერადაც კი, მაგრამ ამაოდ.
გავიდა კიდევ რამოდენიმე დღე, კვლავ მოიღრუბლა, გუბემ იგრძნო რომ სწორად ახლა იყო დრო ოცნება აეხდინა, ძალიან ნელა, ძალიან ფრთხილად მივიდა ყვავილამდე. ყვავილმა გაუღიმა. 
შეგროვდნენ ხეები, უნდოდათ მათი საუბარი მოესმინათ, მთელი ეს დრო ხომ ხედავდნენ წვეთს, უყურებდნენ როგორ იტანჯებოდა, ზოგს მართლაც გული უკვდებოდა მაგრამ დანარჩენები სანახაობით ტკბებოდნენ. რაც უფრო ახლოს მიდიოდნენ ხეები, ყვავილი და გუბე მით უფრო უკლებდნენ საუბრის ტონს. ბოლოს იმდენად ახლოს მივიდნენ რომ ორივე გაჩუმდა. შესცქეროდნენ ხეები გაღიმებულ, მშვენიერ ყვავილსა და კმაყოფილ გუბეს. დიდხანს უმზერდნენ ასე უხმოდ. ერთ-ერთი მათგანი გაბრაზდა, გატრიალდა და წავიდა. ცოტახანში გუბემ მოიკლო, უწინდელივით ძლიერად აღარ გამოიყურებოდა. ხეებმა ერთმანეთს შეხედეს, ირონიული ღიმი მიაპყრეს ერთურთს და იქაურობას შემოეცალნენ. გუბემ ძლიერი სიცხე იგრძნო, ხვდებოდა როგორ ეცლებოდა ღონე, როგორ იქცეოდა უწინდელივით უსუსურად. ცოტახანში გუბე წვიმის წვეთად იქცა, რომელიც ყვავილის ფოთოლზე შემომჯდარიყო, კვლავ ყვიროდა და ყვავილს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ ის თითქოს ისევე დაყრუებულიყო, როგორც წარსულში. ყვავილმა ფოთოლი დასწია, წვეთი ძალამიხდილი, უსულოდ დაენარცხა მიწას. ყვავილი თავაწეული, ადრინდელზე გალამაზებული იდგა, იდგა კვლავ უხმოდ, მაგრამ აღარ იღიმოდა. მალევე მანაც იგრძნო მზის მხურვალი სხივები, წვეთისგან განებივრებულს ახლა ძალიან უჭირდა მათ გამკლავებოდა, ცისკენ თავაწეული ცხოვრებაში პირველად ხრიდა თავს. საღამოს ბოლომდე ნელ-ნელა ჩამოჭკნა.
წვიმს...
წვიმის წვეთები ყვავილების ფოთლებს ეცემიან, ძლიერ ეკვრიან და აღარსად მიდან. მაგრამ ღირს განა?!
2020
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი