საბრალო სული
„რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ.„ ( ახალი აღთქმა(მათე 17)) ოთახის ფანჯრიდან შემოღწეული განთიადის თითოეული სხივის შეგრძნება მაფიქრებინებს რომ, ჩემი გული თავის უკანასკნელ იმედს ისევ ებღაუჭება. კედელზე თვალმოკრული ჩრდილიდან ვხედავ საკუთარ უსუსურ სხეულს, რომელიც ნეშთადღა იქცევა ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ. ვგრძნობ, როგორ ხმაურობს ჩემს სულში სიჩუმე. დამარცხების და დამცირების ტკივილი ძვლებში მივლის და როგორც, კლოუნი საცირკო ნომრის შესრულებისას, ისე ვცდილობ მოჩვენებით გადავიხარხარო, იმ განსხვავებით რომ, ჩემი მაყურებელი მხოლოდ საკუთრი ჩრდილი თუ იქნება, რომელიც დროის მონაკვეთებისდა მიხედვით მახსენებს თავს. ვცახცახებ, ერთი კუთხიდან მეორეს ვაწყდები მოჩვენებითი ბედნიერების დევნაში. კანზე მწყობრად მომავალი ჭიანჭველები დამდიან, რომელთაც ისე ვსრეს, როგორც ცხოვრება ძალაგამოცლილ ადამიანებს. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვვოცნებობდი ოდესმე ჩიტივით ფრთები გამომესხა და ცისკენ გავფრენილიყავი. ახლა კი, ჩემი თბილი სისხლი ჯერ კიდევ ეხხება გაყინულ სხეულს და როგორც დღის მიწურულს ჰორიზონს მიახლოებული მზე, ისე ვიკარგები უსასრულობაში ნელ- ნელა და ნაწილ-ნაწილ. გუშინ დილით ძალიან წვიმდა, ჩემი შვილის ტირილმა გამაღვიძა, რომელსაც შიოდა, ციოდა და თავისი პატარა გული ტკივილისაგან ეკუმშებოდა. ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ მოევლინა სამყაროს, რომელიც წაგებულ ბრძოლაში თამაშს გვაიძულებს. საკუთარ სულს ერთ გროშად გავყიდდი, ოღონდ მისი ცრემლები არ დამენახა, მაგრამ ვაი რომ, ხორცი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე სული. ჩემი გაყიდული ხორცის შედეგია, ბავშვი რომელიც გვერდით მიწევს და პატარა თითებით მებღაუჭება. აცრემლებულ თვალებში შევხედე, შემდეგ ხელი გავუშვი, საწოლიდან წამოვდექი და წავედი. ქუჩის ჩაყოლებაზე ჩამოვჯექი, საკუთარი თავი მეცოდებოდა. ცოტახანში შენ ჩამოიარე, წვიმის წვეთები გაბრკოლებდა გზის გადასაკვეთად, ამიტომ ნაბიჯი შეანელე, შემთხვევით მზერა გამისწორე და მაგრძნობინე, როგორი არარაობაც ვარ. მეორე წამს ეკლესიის ზარის როკვა შემოგესმა, პირჯვარი გადაიწერე და ღმერთს ხმამაღლა შენდობას ევედრებოდი. ალბათ ვინმეს რომ ეკითხა, ათივე მცნებას შეუცდომლად ჩამოუთვლიდი. ნაშუადღევს წვიმამ გადაიღო, მე გაქვავებული ვიჯექი, იმავე ადგილას. ისევ შეგამჩნიე, მოდიოდი მეგობრებთან ერთად, არც ამქვეყნიური სამართალი გაინტერესებდა არც უსამართლობა , მხოლოდ სიამოვნების მიღების დაუოკებელი წყურვილი ტანჯავდა შენს სხეულს, რომელიც თვალებში იკითხებოდა. დახეული კაბის ნაჭერი ძლივს მიფარავდა მკერდს. გზად მიმავალმა გამომხედე და გაგეცინა, ალბათ იფიქრე ამ ჭუჭყიან სხეულში ფულს ვინ გადაიხდისო. მაშინ პირველად მოვკვდი. საღამო იყო, როდესაც, იმ ქოხამდე ძლივს მივაღწიე, საიდანაც ბავშის განწირული ტირილი ისმოდა. კარის გაღებაც ვეღარ გავბედე, იმდენად შემრცხვა ჩემი არსებობა. შვილი ბედის ანაბარა დავტოვე და ისევ მოვკვდი ... ახლა ჩემს თავს ვუყვები ამ ისტორიას. ვხვდები, როგორ მივყიდე ეშმაკს სული და სისხლისგან დაცლილი, გახელილი თვალებით ვიყურები ცისკენ. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გარდამავალ წამში შევიგრძენი თავისუფლება და მარადისობას ვეზიარე. ავტორი: ანი გოგოლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი