ხმაური
გარეთ ქარია, სახლში ნოტები კედლებს უთხრობენ, რაც დამმართნია. მე თვალებს ვხუჭავ და ვიძირები შენს მკაცრ მზერაში დაშლილ ოცნებად. როგორც ყოველთვის, ალბათ დღესაც კი დაიღალე და გძინავს - ცხადია, ცოტაც ითმინე და თავად ნახავ, რომ ყველაფერი გამოცოცხლდება. ახლა ახლოს ხარ, როგორც არასდროს, მაგრამ მანძილი იტანს თავისას, -ოჰ, ეს კედლებიც არ ჩუმდებიან, რომ წმინდა ფიქრით ვიფიქრო შენზე! და აი ისევ მივხუჭავ თვალებს, თითქოს მოვიდა უკვე „გაისად“, მაშ, რა გეგონა, ჩემი სამყარო გრძნობებით ასე რომ გააქეზე. ხორცში მიძვრება ღამის ნიავი და ჩემი სისხლი ფიქრით ხურდება, დღეს ვერ მერევა მე ეს სიცივე, მაგრამ ვფიქრობ, რომ შენ ხარ საფრთხილო, მწვერვალზე ავალთ -ვფიქრობ ამაზე- როცა სრულიად გაზაფხულდება, რომ სამუდამო შენი ალერსი ქალაქს ისევე გადააჩრდილო. მე ჯერ არა გთმობ, თუნდაც ამისთვის მთელმა სამყარომ შემომებრძოლოს. ქარია გარეთ, ალბათ ხვალ დილით (როგორც გუშინ და მის წინ) იწვიმებს. მე - თეთრ სამოსში დავხუჭავ თვალებს, ისევ მოვძებნი შენს ძვირფას მზერას, შენ - დაუთმობო ჩემი ხელიდან მშვიდად იძინე... მშვიდად იძინე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი