შენ


მისმინე...
მინდა ჩემი წერილი დაგრჩეს ანდერძად...

ნუ დანებდები!
აქამდე ბევრჯერ ვიომე, მაგრამ...
მაინც ვიმკობი ცოცხალ გრძნობებით...
იქნებ ცხოვრება ჩვენი ხატია
ობოლი ბავშვის შენაკედლების
და ეს სამყაროც, სავსე სიურჩით
გვებრძვის და სისხლს გვწოვს
თავგამოდებით.
ნუ დანებდები!
ჯერ ისევ სახლობს შენი თვალების
მკვეთრი დიდება
და თითქოს დიდი ტაძარიც მთაზე
შენ გარეშეა ურჩი ლტოლვილი,
როცა ვუყურებ, იმ თეთრ კედლებშიც
ისე საოცრად ჩამობინდდება,
ზეცაც ვერ უძლებს და ზამთრის ქარით
ჩნდება მწუხარე ჩამოთოვლილი.
ნუ დანებდები!
ისევ აანთე შენი ხელების გრილი ალერსი,
მიიღე ისე, თითქოს ბრძოლაა არგადასული
თეთრი ბედწერა,
დაე, იცოდე,
რომ მე აქამდეც
და ამის მერეც შენთვის ჩავეშვი
იმ ფათერაკში, სადაც მსურდა, რომ
შენზე მეფიქრა და დამეწერა.
ნუ დანებდები!
ნუ გაუხდები სიკვდილს ყველაზე სანდო
ვასალი
და შენს ოცნებებს ისევ აუნთე
მშვენიერებით სავსე ლამპარი
და თუ ოდესმე განაბავ თვალებს
მარტოობისგან მოკლულ ქვასავით,
მე გამიხსენე
და გაიხსენებ
რომ ჯერ კიდევ გაქვს თავშესაფარი.
ნუ დანებდები!
ჩვენი შეხვედრის დრო-წამი ისევ სახლობს
გეგმებად,
ვნებათა ღელვით რომ მოგიქსოვე,
როცა მიკლავდა ხელებს სიცივე,
დღეს შენი ქარი, უხმოდ ნაგები
გაზაფხულივით მომეგებება,
მაგრამ დარდი მაქვს, რომ არ ხარ ჩემთან
და უძილობის ფიქრით ვიძინებ.

ნუ დანებდები!
და ნუ მაშინაც, როდესაც შენში დარდი
იელვებს,
ვიცი, რომ ამ დროს დიდი ტკივილით
მხოლოდ სიკვდილის წამი გინდება,
მაგრამ გახსოვდეს, რომ შორის გზების
გულს სიყვარული მოგიძლიერებს
და რომ დღეს ჩემთვის ისევე სუნთქავს
შენი თვალების მკვეთრი დიდება.
ნუ დანებდები!
რადგან უშენოდ აქ ისევ მწუხრით გადის
დღეები,
მე გელოდები...
შენ კი სულს მიეც მებრძოლი კაცის
მშვიდი ბუნება,
გააძლიერე და გაამყარა ზამთრის
ფიფქივით თეთრი ხელები,
ბოლოს კი შეძლებ შენს სამშობლოში
და შენს სატრფოსთან ტკბილ დაბრუნებას.
ნუ დანებდები!
არ მსურს გიხილო თვალდახუჭული ხელებში
ჯვარით,
ვფიქრობ, ადრეა...
ადრეა შენთვის გამშრალი სისხლით
მიწას ეკედლო,
რატომ მოგეგო სამყარო ასე დაუნდობელად,
დარდით და ჯავრით,
ნეტავ შემეძლოს, რომ მოგცე სუნთქვა
მარადიული, 
ნეტავ შემეძლოს...
ნუ დანებდები!
რადგან აქ ისევ გელის ოჯახი, გელიან
მთები,
წვიმა, ქარბუქი, ზამთრის ნიავი,
თოვლი და...
ნიშნად ზღვაც კი დიდდება...
ნუ დანებდები!
რადგან უშენოდ აქ ისევ მწუხრით გადის
დღეები
და რადგან დღემდე ისევე ცოცხლობს
შენი თვალების მკვეთრი დიდება.
ნუ დანებდები!
და თუკი ბოლოს არ გაამართლებს შენი
ნაბრძოლი,
სანთლით მოგაგნებ იქ, სადაც ღმერთი
ჩვენს სიყვარულში კვლავ დარწმუნდება
და ჩემს ნაზ გრძნობას ისევ დაატკბობს
შენი ხელების ტკბილი ამბორი,
როდესაც ახლოს შემომხედავ და
ჩემში სრულიად გაზაფხულდება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი