ოთხი კედელი


თოვს.
მდუმარების ჟამთაცვალებამ ჩემს სულს 
ცისფერი მიწა არგუნა.
მანდ ალბათ კედლებს შუა ბობოქრობ,
აქ მწუხარებამ დაისადგურა.
გეძახდი შორით,
და სადღაც ნისლში გაქრი, წაიღე მთელი
სამყარო.
ახლა მიწიდან გიმზერ, ძვირფასო,
შენ კი ზღვის ცრემლებს მაქსოვ ზემოდან.
იხსენებ დღეებს, როცა წვიმიან ტალახში 
ვხტოდით ერთი ეზოდან
ერთ ორღობეში,
როგორც შვლის ნუკრებს სჩვევიათ ცეკვა 
მზის დაისობას...
ადრეა დარდი,
შენი სიცოცხლე ამ წუთისოფელს ჯერ არას
ავნებს,
და როცა დროოც გაგივა, ჩემო,
მწვანე თვალებით მეიასამნე.
რადგან არცერთი წუთი ცხოვრების
აღარც ბეღურობს, აღარც არწივობს,
მანამ ვეცდები სუნთქვა, რომელიც შენი წილია,
გავახანგრძლივო.
როცა მზის ღობე ნაცრემლ ყაყაჩოს
მარგალიტებად გამონათდება,
იმ შემოდგომის მოსვლისთანავე
საკუთარ ფრთებსაც გავშლი აფრებად.
იქ წამოგიყვან,
საცა ჯვრისწერა ეს საოცნებო ჩვენი შედგება,
საცა სიცოცხლის რემისიები
ანგელოზებად მოგვეგებება.
მანამ ვეცდები სუნთქვა, რომელიც შენი წილია,
გავახანგრძლივო,
არც გაზაფხულო,
არც შემოდგომავ,
არც ბეღურავ და
აღარც არწივო...
თოვლო, რომელმაც ჩემს საცხოვრებელ
მიწას ცისფერი ფერი არგუნე.

მანდ ოთხ კედელთა შუა ბობოქრობ,
აქ მწუხარებამ დაისადგურა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი