ნოემბრის ღამე


...და მეც ვკვდები
ნოემბრის
სევდადმოსილ ღამეში,
ვერ ვასრულებ
ცის მიერ
დანაკისრებ მისიას,
მინდა ვიყო არავინ
უარავნო მხარეში,
მინდა ვიყო ფიფქები,
დარდმა რომ შემისია.

ვიღაც ბავშვი
საოცრად მღერის
წვიმის ნოტებით,
შენ კი ალბათ მარტო ხარ
უმთვარეო მიწაზე,
როდის გამოცოცხლდები?
როდის გამოცოცხლდები?
როდის შექმნი იმ წერილს,
ჩვენ რომ გადმოვიფრაზეთ?!

მაინც ისე მძიმეა
კითხვით სავსე სხეული,
რომ საცოდავს,
გადამჭკნარს,
ძალა გამოელია.
სული ისევ მშფოთვარებს
ღამით გადარეული,
მთაზე ისევ მელიან!
მთაზე ისევ მელიან!

მსურს, რომ სითბოდ მოვიდეს
გაზაფხული უდროო,
მაგრამ ფერადსამყარო
ისევ,
ისევ მცირია,
მინდა გრძნობათსათავე
ზამთარს გადავუგორო,
სანამ თოვლის ფიფქები
ზედვე გადაივლიან.

ოჰ,
მწყურია სიცოცხლე
მარადიულ დროების,
რა რთულია ისუნთქო,
როცა არსად გელიან.

აი, უკვე მოვედი!
აი, უკვე მოვედი!
ძალაც გამომელია...
ძალაც გამომელია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი