დიდება


სათუთ დროებას ვუფრთხილდები, შენ როგორც მთხოვე
და ჩემს ოცნებას კვლავ ამშვენებს შენი დიდება.
იქნებ ოდესმე ისეც მოხდეს, რომ დაგითხოვენ
და ჩვენი სევდა ზღვაში ერთად ამოდიდდება.

ფრთები უდროოდ წაგრთმევია, სიცოცხლის ჟინი
ფესვებს ვერ იდგამს შენში, თითქოს უკვე მკვდარია,
მომავლის ქალი შავებში დგას და ჩუმად ყვირის:
„ტუჩები შენი მშრალია და ჩამომხმარია!”

რარიგ მასევდებს ფიქრი იმის, თუ როგორ ითმენს
შენი კედლები შავ სამოსებს, როგორც მესიას,
ცისკარის არე განთიადებს რომ გადაითევს,
ზემოდან ვნახოთ უკვდავების დიდეკლესია.

მინდა დაგხატო, ფუნჯი არ მაქვს მრავალფერების,
მინდა გიმღერო, ხმაც აღარ მაქვს, ამ დრომ მილია,
მინდა დავწერო უთვალავი კარგი ლექსები,
რომლებიც ათას კილომეტრზე გადმოივლიან.

მინდა საწყისმა სამუდამოდ შეგვქმნას ერთობად,
მინდა მთის წვერზე შევეკედლოთ ცადნაფერ არჩვებს,
ეგ თვალებია, ეგ ხელები, ეგ სიტყვათკონა,
სხვებისგან ასე თვალხილულად რომ გამოგარჩევს.

მინდა, რომ ასე შეერთებით ვნახოთ სამყარო,
მოლურჯო ფრთებით შევიკემსოთ ვნებათა ღელვა,
იქნებ ოდესმე ჩემი სუნთქვა გადმოგაყარო
და მერე მტკიცედ შევძლო დროის შორს გადაწევა.

არ მსურს წახვიდე, სადაც ნაცვლად თეთრი თოლიის
სიცოცხლე მხოლოდ ბნელი, ანდაც მკვდარი ხევია,
მინდა, რომ მიგრძნო, როგორც ზამთარს პირველთოვილი,
უბრალოდ იგრძნო, მკლავზე ვიღაც შემოგხვევია.

მსურს შეგიხორცო და ეს ჟამიც შენთვის ვიმეტო,
ვფიქრობ, ჩვენი დროც ტყუილია, არამართალი,
მინდა, წავიდეთ, უკვდავება გამოვიმეტოთ
და დავუწეროთ ზამთარს ჩვენი შემონათვალი.

შენი ხელები უკვდავია, რჩება დროებას,
შენი თვალები, ვიცი, ცდილობს ცოდვა უბრალოს,
არ მსურს ვიჯერო, რომ გახდები ამაოება,
ნეტავ შემეძლოს, შენი სულიც რომ დავიბრალო.

მინდა სიცოცხლემ შემოგბეროს დასასრულს ტანჯვის
და არ დაგტოვოს, როგორც ლანდთა მეფის აჩრდილი,
მინდა სახელი რომ დაგერქვას საოცარ გარჯის,
ბრძოლის,
უმარცხის,
სიყვარულის გადმონაჩრდილის.

გაბარებ დროოს... და რომც ხორცი შენი სულ გაქრეს,
შენს თვალებს, უკვდავს, ღმერთის კარზე სისხლით მივათრევ,
მეც მოვალ შენთან, როცა ერთი ღამეც მოკვდება
და სიყვარული საბოლოოდ გამოინათებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი