დასასრულ შემოდგომის
წვიმს, ფოთოლცვენაა... მზე მიწას უჩუმებს, იმკვიდრებს სიცივის ღრმა მარადისობა. სიმშვიდე ბუნებას სევდას უჩურჩულებს და კვალი წყვდიადში გზის მარად ისობა. მივდივარ, ვცილდები უფერულ სამყაროს და ვფრინავ ფოთლებში, ფერს რომ შეიწითლებს. ჰაერიც კი ცდილობს ზღვებს გადააყაროს ნაცრისფერ სამოსით მოსილი სიწმინდე. მე, როგორც ოცნება, ვდგავარ და ვიცლები, ვიკედლებ საოცრად მშვენიერ ნაფიქრებს, და... ფრთებო, ჩემგანაც რომ გამოიცლებით, გაბარებთ ჩემს ზამთარს, ქარს, წვიმას და ფიფქებს. დღეს დადგა ფოთოლთა სიკვდილის დროება, მაგრამ ჩემს აწმყოსთან ახლოა ზამთარი. ეს ჩემი სუნთქვაა მთლად ამაოება და თოვის წინაშე წლის შემონათვალი. წვიმს... თეთრი სიცოცხლე ქრება და წამდება, ჩემს ოცნებასავით ვკვდები და ვნებდები. და შემდეგ წელიწადს რომ გადამწვანდება, ფრთებს გავშლი, ფრთებს ახალს, ფრთებს მწვანე ფერდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი