კლივინდიელი ინდიელები


კოკისპირული წვიმა მონელდა...
შენი ნიკაპის სამ რბილ ნაკეცზე
არშიასავით შემოვლებოდა
ცვარი, სიმღერით რომ წააქეზე.

ნეტავ ოდესმე ისევ მაჩვენა
ზღვას მიდრეკილი მზერა მდუმარე.
მახსოვს მოხვედი, ვით გობელენი
შეშინებული, მახსოვს მწუხარედ...

კლივინდიელი ინდიელები
ყაყაჩოებით მოოქრულ ბაღში
ისე ცეკვავდნენ, როგორც მე და შენ
გვინდოდა ცეკვა ვნებებით აშლილს.

ჩემამდე მოდის, ისე ლოცულობ,
თითქოს რა ხმითაც ლოცულობს ქარი
და ამ ხმის სუნთქვა, ბოლომდე წმინდა,
ჩამესმის, როგორც სიმღერა წყნარი.

ნუ დაივიწყებ, რომ მე ვარ შენთან
უმცირეს, თუნდაც საწყის იმედად,
არ დაგთმობ შავი ბუნების მგოსნად,
არც სამუდამო ყინვის დილეგმად.

მწარეა, ვიცი, უიმედობით
და დარდით სავსე თეთრი ოთახი.
მოდი, ნუ წახვალ და თუკი წახვალ,
მეც გამოვყვები შენს გამოძახილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი