ვინ ვარ?


ვინ ვარ? ვიღაცის დედა?
ზოგჯერ ვიღაცის შვილი..
ვიღაცის სატრფოც მერქვა,
მერე ვიღაცის ცოლიც,
კუთვნილებითი ბრუნვა,
როგორც ძლიერი ჯადო,
მხრებზე მეკიდა, მძულდა,
როგორც ჭირი და ქატო..
....
ყველაფერს ჰქონდა ახსნა-
განმარტება და წესი,
ინაწილებდნენ ჩემს დროს,
როგორც საკუთარ მარაგს..
მაგრამ ყველაფრის გარდა
იყო რაღაცა ჩემში,
რაზეც არ მეყო მუზა,
გულში ვმალავდი რასაც..
.....
ვინ ვარ? სიტყვები მხოლოდ,
და ერთი-ორი ლექსი?
სად ვარ? სტრიქონის ბოლოს,
თუ დასაწყისში ტექსტის?
ან იქნებ უკვე დროა,
რაღაც ახლისაც მწამდეს.
ვიღაც ლექსით თუ მომკლავს,
მერე ლექსითვე მარჩენს..
.....
რა მაგიური წრეა,
ვგავარ ვიღაცის იმედს.
იქნებ, ეს ლექსიც მზეა..
ვაქსოვ და ვაქსოვ სხივებს.
თავს დავტრიალებ სიტყვებს,
როგორც ახლობლის ნაწერს,
ზოგ სტრიქონს იქნებ ახლაც
ეყოს მაგია, ახდეს.
.....
დღეს უცნაური დღეა,
მღვიძავს ცნობიერს მიღმა,
იქნებ ეს მხოლოდ მდე-ა,
შემდეგ გამოჩნდეს, ვინ ვარ..
არა ვიღაცის დედა,
არც, მითუმეტეს, ცოლი,
ვიღაც ახალი - მე და
ჩემი სამყაროს სწორი.

/ Annabel Clause /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი