აფრიკელ გოგონას


ჩემს წარმოსახვაში გცივა, ზამთრის სუსხში გახვეული ხარ, ფეხშიშველი თოვლში დახმარების ხელს უწვდი გამვლელს და შენს პატარა თვალებს კვალი ეტყობა იმ ცრემლებისა რომელსაც გამეტებით ყელში ბურთებად იხრჩობ, მოგროვებული ხურდებით სასხლისკენ მიმავალს წარმოგიდგენ, დედის კალთასთან მიირბენ და სიხარულით ეტყვი რომ პურის ფული გაქვს, დედა რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა გულში ჩაგიკრავს და კიდევ ერთხელ მადლობას ეტყვის უფალს შენი თავისთვის, შენ კი გრძნობ დედის სიყვარულს და გავსებს გრძნობა რომელიც ასე გალამაზებს.  წარმოგიდგენ როგორ მიდიხარ სკოლაში მეზობლის ნაჩუქარი ჩანთით და დედის გადაკეთებული ტანის სამოსით, ფეხზე დახეული ფეხსაცმელი გაცვია, ისე გრძნობ წვიმის წვეთებს როგორც ლეკვი, რომელიც ვერასდროს ჩაიცვამს ფეხსაცმელს, მაგრამ უდარდელი გული სკოლისკენ მიგიწევს რომ დედის დანაპირები შეასრულო და კარგად ისწავლო. წარმოგიდგენ უკვე მოზრდილ გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს ქუჩაში  რკინის ნატეხებს, აგროვებს მათ და ლუკმა პურის საფასურს ელოდება. წარმოგიდგენ და ვიცი, რომ შენი თვალები კითხვებით სავსეა, მაგრამ თუ ჩემს წარმოსახვაში შენს თვალებს არა ცრემლის არამედ განათლების ელფერი დასტყობია, მაშინ ვიგრძნობ რომ შენ იმარჯვებ. და მაინც შენგან ღირსეულ ქალს ვქმნი ჩემს გონებაში, რადგან მგონია რომ ღირსება ახლა მხოლოდ მათ შერჩათ ვისაც არ უნახავს ბინძური დაუმსახურებელი ფულის ყადრი, შენგან ვქმნი გოგონას, რომელიც ფეხსაცმელს არა მარტო თავისთვის არამედ სხვისთვისაც იმეტებს, მე შენგან ვქმნი ადამიანს, რთულია იყო ადამიანი. მაგრამ უფრო რთულია დარჩე ადამიანად. 
თუ ახლა წარმოვიდგენ, რომ შენ უკვე წარმატებული შემდგარი ქალი ხარ, მინდა გახსოვდეს ის რასაც ახლა შენთვის ვწერ.
ცხოვრება ყველაფერს განახებს, არ უნდა ეცადო დაყარო ფარხმალი და გაექცე საკუთარ თავს, ყველაზე დიდი დრო რომელიც უნდა დათმო ეს დროა მხოლოდ საკუუთარი თავისთვის, საკუთარ თავთან ხშირად მარტო დარჩები, ვერასდროს წაშლი იმას რაც იყო ამის უფლება არ გაქვს, თუ მოგინდება მოგონებები წაშალო გახსოვდეს, რომ არა წარსული დღეს ვერ იქნებოდი ის ვინც ხარ,  ყველა ტკივილი, რომელიც გეგონა ბავშვობას გიმახინჯებდა აღმოჩნდა, რომ ეს შენი ძალა იყო და არა სისუსტე ამას ადამიანები ძალიან გვიან მაგრამ როგორღაც ვხვდებით, ვხვდებით რომ ის რაც ჩვენს სისუსტედ მიგვაჩნია, იქცევა ჩვენს ძალად. 
თუ როდესმე ადამიანები იმედს გაგიცრუებენ, გახსოვდეს, რომ ცხოვრების ყოველ ახალ ბილიკზე ღმერთი შენთან გამოცდით მოდის, არა საკუთარი სათნო სახით არამედ ადამიანის, ზოგჯერ სათნოება მოგხიბლავს და მეგობრად ჩათვლი ვინმეს ვისაც შენთის კარგი არ ემეტება, მაგრამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები, რომ ერთხელ ეშმაკი ყველას ცხოვრებაში მოდის სათნო სახით. 
ღირსება, ის გაცხოვრებს, სულის სისუფთავე დაგაბერებს და არ განანებს სიცოცხლეს, ღირსეული იყავი და ნახავ შენი შვილების თვალებში ანთებულ სიკაშკაშეს როცა იგრძნობ, რომ მათი კარგი დედა დაფასებულია, რომ კარგი დედის შვილი ყველასთვის კარგი შვილია.
თუ მამაკაცი გულს გატკენს ამას გულში ნუ ჩაიდებ, ეს ცხოვრებაა, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ამაზე მეტად ვეღარ გადავრჩებით, რომ გულის ტკივილი გადაგვიტანს, მაგრამ ძლიერი ქალები გონებაზე წინ გულის ახირებებს არ აყენებენ, ღირსეული მამაკაცი არასდროს მიატოვებს ქალს რომელშიდაც სულის სისუფთავე სუფევს და დღეს რთულია ასეთის პოვნა, ერთადერთი რამ რასაც ასეთ ქალს შეიძლება მამაკაცი წაართვას გარდაცვალებაა.
ნუ შეგეშინდება გარდაცვალების, გახსოვდეს რომ საშიში უფლის წინაში წარსდგომაა და არა სხეულიდან სულის გამოთხოვება, ისე იცხოვრე, რომ არ შეგრცხვეს უკან მოხედვის, ყოველ დღე დაღამებისას უთხარი დედას როგორ გიყვარს და მადლობა შეწირე უფალს მისი თავისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი