დიალოგები მე სთან


- თითი მტკივა...
- თითი??
- ჰო, თითი, თითი!
- ენის გასატეხივით გამოვიდა.. 
- კარგია, რომ ამ დროს ხუმრობის ხასიათზე ხარ...
- კარგი რა.. ეგრეც არ გტკივა რომ ამდენი იწუწუნო... აი წერაში კი მარათლა ხელს გიშლის...
- ეეე.. ნეტა მარტო თითის ტკივილი იყოს...
- კიდევ რა გტკივა?
- არა, ესე ფიზიკურად  არაფერი მტკივა, თითის გარდა, მაგრამ თითქოს უფრო ღრმად, სულში მტკივა რაღაც...
- სულში??
- ჰოო...
- დაა, სულიო რომ ამბობ რას გულისხმობ??
- სული ?...  ასე კონკრეტულად სულზე არ მიფიქრია.. მაგრამ საინტერესოა, რაღაც ჩემეული შინაგანი წარმოდგენა ალბათ მაქვს სულზე, რადგან ვახსენე, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როგორ აღიქმება ჩემთვის სული.. როგორც ზოგადად სულის არსებობა, რომელიც იმ ქვეყნიურ სამყაროში მიემგზავრება გარდაცვალების შემდეგ და სამოთხე, ედემის ბაღი და ჯოჯოხეთი,  ცეცხლის წვიმები… ამ ყველაფრის არ მჯერა, თუ არ მწამს...  სწორი როგორ იქნება?  თუმცა რა მნიშვნელობა აქვს... მიუხედავად ამისა ხშირად მიხსენებია რომ სული მტკივა.. ან სულიერად კარგად არ ვარ.. ან ჩემი სულიერი სამყარო დამშვიდდა... ესეიგი სულზე გარკვეული შეხედულებები მაქვს...
- ჰო და ეცადე მიპასუხო რას გულისხმობ სულში...?
- ჩემი აზრით სული ადამიანის პირადი სივრცეა.. ხელშეუხებელი სიმართლე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის ... სული იმ ყველაფრის ერთობლიობაა, რასაც განიცდი, გრძნობ.. სული ის ენერგიაა, რომელიც სხეულს სიცოცხლის სურვილით ავსებს...  აი  მაგალითად, გული, ფიზიკური სხეულის ნაწილია რომელიც ხორცის გროვას მოძრავს ხდის, სული კი ამ მექანიზმისთვის პიროვნების შექმნაზეა ორიენტირებული... სული უფრო ტვინის შემადგენელი ნაწილი მგონია... 
- ანუ რომ ამბობ სული მტკივაო, გულისხმობ რომ ტვინი გტკივა?? 
- ტვინი არ ვიცი და თითი ძალიან მტკივა, ტვინი წაიღო უკვე... 
- აჰა, ისევ ტვინი...
- როგორ უნდა ავხსნა არ ვიცი, ტვინი არა, უფრო გრძნობების ტკივილია... ანუ რაღაც არაფიზიკური.. უხილავი.. ძლიერი ტკივილის შეგრძნებაა, მაგრამ ზუსტად სხეულის რა ნაწილში ვერ ვხვდები... 
- ანუ სული გრძნობაა??
- არ ვიცი.. სული ალბათ, საკუთარ თავში შექმნილი, შენივე პიროვნებაა, რომელიც ცხოვრების მანძილზე მიღებული გამოცდილების, დაშვებული შეცდომების, დაწესებული ჩარჩოების და ჩამოყალიბებული პრინციპების შედეგად შეიკრა და რაღაც არაფიზიკური სახე მიიღო.. შენი "პიროვნება"... რომელსაც ყოველდღიურად ამახინჯებ ან პირიქით... სული მაშინ გტკივა, როცა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი... ხვდები რომ ასე არ უნდა მოქცეულიყავი და გტკივა, რადგან გამოსწორება აღარ შეგიძლია, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში ფიქრობ რომ არ შეგიძლია... მაშინ გტკივა როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, აცნობიერებ, რომ მორჩა, ვერაფერს გახდები... გტკივა იმიტომ რომ უძლური ხარ... კიდევ იმ დროს განიცდი სულის ტკივილს,  როცა მარტო ხარ.. მარტო ფიზიკურად კი არა, არამედ სულიერად, როცა სხვა პიროვნებების გარემოცვაში ხარ და ხვდები, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ადამიანებს რას განიცდი.. შენს სულთან, ანუ შენს ნამდვილ პიროვნებასთან იმდენად შორს არიან რომ ვერ გაიგებენ რას გრძნობ სინამდვილეში...
- ანუ ვერ გაიგებენ რა ხდება შენს ტვინში? .... ფიქრებში?გრძნობებში? თუ?
- ჰოო.. ზუსტად... 
- გამოდის სული მაინც ტვინშია...
- სული კი არ არის ტვინში, ტვინია სულის შემქმნელი შენს გონებაში.. სული შენი წარმოსახვითი პიროვნებაა, შენ ხარ მაგრამ,  არა ფიზიკურად, შენი თავის საუკეთესო ვერსია, წმინდა, ყველაფერი იმის გარეშე რაც საკუთარ თავში არ მოგწონს... ჰოდა როცა ისეთ რამეს აკეთებ რაც შენს პიროვნებას ეწინააღმდეგება, სული გტკივა... როცა მარტო ხარ შენი პიროვნება გეცოდება და სული გტკივა..  სულიერად მშვიდი მაშინ ხარ როცა ირგვლივ ყველაფერი რიგზეა და საკუთარი თავის მიმართაც არ ხარ მტრულად განწყობილი.. როცა საკუთარ ცხოვრებას ამართლებ... როცა საკუთარი თავის გწამს... როცა უბრალოდ შეგიძლია არაფერი აკეთო, უბრალოდ იყო და არ ნერვიულობდე, არ გეჩქარებოდეს, არ შფოთავდე.... როცა არ ნერვიულობ, რომ ცოდვილი ხარ.. ცოდვაც შენი პიროვნებიდან გამომდინარეობს... ყველასთვის ინდივიდუალურია... 
- "ცოდვა"... ისე უცნაურად მხვდება ყურში.. მაინც რელიგიურ ცოდვასთან ასოცირდება, სინამდვილეში რელიგიური არ ხარ, ცოდვაში იმას გულისხმობ რის გაკეთებასაც ნანობ, მაგრამ არა გაფიქრებას... ცუდი ფიქრები საჭიროა, რომ კარგის და ცუდის გარჩევა შეძლო... გააანალიზო ცუდი ადამიანი ხარ თუ კარგი, შენი სული, თუ პიროვნება დაბინძურებულია თუ სუფთა... 
- დაახლოებით.
-   ერთი სიტყვით სულის თაობაზე ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს ყველაფერია რასაც მე ვფიქრობ სულზე, და სინამდვილეში რა არის?? 
-  სინამდვილეც ისაა რასაც ფიქრობ...
- და რას ფიქრობ?? 
- ააააააა... დამღალეთ უკვე შენც და შენმა კითხვებმაც... ამ თითმაც  "მოტყნა ტვინი"...

***
ერთი კვირა გავიდა რაც მარცხენა ხელის ცერა თითი მტკივა... უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ თითი სულ ორი დღე მაწუხებდა, მერე ტკივილი გაიზარდა და ცერის ტკივილი, მთლიანად მარცხენა ხელის ტკივილად იქცა...
თითქოს დაბუჟებული მაქვს, შიგნიდან მტკივა, ყრუდ... ხან არის რომ თითქოს გამიარა... მორჩა, მაგრამ უცებ წამოყოფს თავს, ან თითით იწყება, ან მხრით და ტკივილი მთელ ხელს ედება... ნახევრად ცაცია ვარ... 
უმეტეს საქმეს ცაციათი ვაკეთებ და ვიფიქრე გადამეღალათქო, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდე, მაგდენსაც არაფერს ვაკეთებ დაღლილიბით  ესეთ ტკივილს განვიცდიდე, თუმცა ექიმთან მისვლაზე ფეხს მაინც იმიტომ ვითრევ, რომ შინაგანად მგონია ისეთ მიზეზს მეტყვის, რასაც ვერ გავიგებ, ან გავიგებ მაგრამ არ  დავიჯერებ. 
იმას ვგულისხმობ, რომ ამ რამდენიმე წლის წინ, როცა მარცხენა ფეხი ამტკივდა და ორი კვირის მერე ხელიც მიყვა, ბოლოს და ბოლოს ჩავეწერე და ოჯახის ექიმს მივაკითხე..
როგორც ხდება ხოლმე, ბიუროკრატია, ქაღალდები და ყველგან რიგში დგომა.
 სანამ იმ ექიმს ნახავ ვისთანაც ჩაწერილი ხარ, ჯერ რეგისტრატურის რიგში უნდა ჩადგე 15 წუთით ადრე და როცა ფინანსურად, თუ  იურიდიულად გასწორდები და უკვე დარეგისტრირებული ხარ, ხვდები,  რომ 15 წუთი დაიგვიანე ექიმთან ვიზიტზე, არადა სულ 20 წუთი აქვთ გაწერილი პაციენტის მისაღებად...  მაგრამ ეგ სანერვიულოდ არ ღირს, უკვე დაგვიანებული გაქვს, თუმცა იმას მაინც წინა პაციენტი ყავს ან ვინმე "შინაური" უნდა შევიდეს ჯერ "გადაუდებელია"... ოღონდ ექიმი იღიმის და ისე გეუბნება, - დამელოდეთ, თქვენც მალე მიგიღებთ... 
როგორც იქნა შევედი და ჩემი გასაჭირი მოვუყევი... 
- აი ექიმო, როგორ გითხრათ, მარცხენა ფეხი მაწუხებს და ბოლო დროს ხელიც... თითქოს დაბუჟებული გქონდა ძალიან და დაბუჟება რომ გაივლის და ტკივილი რჩება, დაახლოებით მაგ შეგრძნებით მტკივა... - გასაგებია... და რამდენი ხანია გაწუხებთ? 
- დაახლოებით ორი კვირა იქნება...
- რამეს უკავშირებთ?? ხომ არ წაიქეცით? ან მარცხენა მხარეს ხომ არ გეძინათ? 
ჯერ რა კითხვაა ხომ არ წაიქეცით?? რომ წავქცეულიყავი და რამე მომეტეხა ხომ მაგით დავიწყებდი.. ან რამეს რომ ვუკავშირებდე ხომ ვიტყოდი.. პრინციპში იმანაც რამით ხომ უნდა გაარკვიოს რა დამემართა და ვპასუხობ:
- არა, არ წავქცეულვარ და არაფერი მომხვედრია.. მარცხენა მხარეს წესით მეძინებოდა ორი კვირის მანძილზე , მაგრამ არ ვიცი, ისე მძინავს როგორც ამას მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ... ძილის პოზა არ შემიცვლია თუ ამას გულისხმობთ... 
- და გამაყუჩებელს თუ სვამთ? და თუ კი, გეხმარებათ თუ არა?? 
- ვცადე კი რამდენჯერმე, მაგრამ დიდი ვერაფერი შეღავათი.. 
ერთი სიტყვით რაღაც კითხვები კიდევ დამისვა, ისე სასხვათაშორისო და მიმართვა მომცა ფსიქოთერაპევტთან... 

ვიფიქრე... 

მერე უფრო მეტი ვიფიქრე... 

იმაზე ვფიქრობდი, რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფსიქოლოგი მჭირდებოდა და არა თერაპევტი.. 
ხან მის კითხვებში ვეძებდი რამე საეჭვოს და ხან ჩემს პასუხებში, რომ გამეაზრებინა ეს გაუსაძლისი ტკივილი ჩემი ფსიქოლოგიური არამდგრადობით იყო გამოწვეული თუ....?
მაგრამ უშედეგოდ...
რას ვიზამდი, ავდექი და ჩავეწერე "ტვინის" ექიმთან... 
რომ გითხრათ რამე განსხვავებული მკითხათქო, ისეთი არაფერი, იგივე კითხვები რაც ოჯახის ექიმმა დამისვა და იყო რამდენიმე, აი მაგალითად:
- გაქვთ ისეთი შეგრძნება, თითქოს არაფერი გაწუხებთ, მაგრამ მაინც ცუდ ხასიათზე ხართ, ან გაბრაზებული.. 
- დიახ, ასეც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ტკივილი მაწუხებს და არა გაბრაზება.. შეიძლება, რომ სინამდვილეში მე ვაჯერებდე ჩემ თავს რომ მტკივა?? 
- დიახ ყველაფერი შესაძლებელია. - და უძილობა გაწუხებთ?? 
- შეიძლება ასეც ითქვას. - კი მაგრამ მე მაინტერესებს ფეხის და ხელის ტკივილი რა კავშირშია ამ ყველაფერთან?
- მეც მაგის გარკვევას ვცდილობ. (იღიმის)
- ვერ ვხვდები ხელის ტკივილს ფსიქოთერაპევტი რატომ უნდა იძიებდეს... მგონი მართლა გიჟი ვარ, აქ რა მინდა საერთოდ.. (არ მეღიმება)
- სექსი ბოლოს როდის გქონდათ?
აი მე სად ვარ, რეებზე ვფიქრობ და ამან სექსიო.. ეგ პრობლემა რომ მქონდეს შენთან მოვიდოდი?? მინდოდა მეთქვა შენ ფსიქოთერაპევტის არაფერი გეტყობათქო, მაგრამ თავი შევიკავე და ამის სანაცვლოდ ვუპასუხე - დღეს დილით.. დიახ დილით სექსი მქონდა და მერე თქვენთან ვიზიტზე წამოვედითქო... (იღიმის) ეტყობა ისეთი სახით ვეუბნებოდი ამ ყველაფერს ვითომ დიდი გმირობა ჩამედინა, მე კიდე იმის დამტკიცებას ვცდილობდი, რომ აზრზე არ იყო რა მმჭირდა და ტყუილად დროს მაკარგვინებდა.. მერე კიდევ რაღაცეებს ჩამეკითხა და საბოლოოდ დაასკვნა რომ რაღაცა სახეობის ნერვოზი მაქვს...
ვერაფერი გავიგე.. ჯამში, მისგან რომ გამოვედი, ისეთ გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი მე გავგიჟდი თუ მთელი დანარჩენი სამყარო, აქამდე თუ ის მაფიქრებდა, რომ ადამიანების აღარ მესმის, ახლა საკუთარი თავისაც აღარ მესმოდა... როგორ შეიძლება ნერვოზი გქონდეს და ამის გამო კიდურები გტკიოდეს?! 
ან ეს ნერვოზი საიდან ავიკიდე??
საერთოდაც ჩემს წარმოდგენაში 
ნერვოზი რაღაც ისეთი ნერვული აშლილობა იყო იმ დღემდე, როცა სულ გაღიზიანებული და ფეთქებადი ხარ, ყველაფერი ნერვებს გიშლის და ჩხუბობ..  ეგ კი არა ბოლოს როდის გავბრაზდი  ისე როგორც ახლა ამ ფსიქოთერაპევტზე აღარც მახსოვდა... მარტო გაბრაზებას კი არა საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი იმ პერიოდში..
როგორ გითხრა... აი ამაგალითად რამე სასიხარულო ამბავი გავიგე,
ვიცი რომ ძალიან მიხარია.. იმდენად მიხარია, რომ ახლა ცრემლები უნდა მომდიოდეს და თავს ვერ ვიკავებდე, სიხარულის ხმებს უნდა გამოვცემდე, მაგრამ...
იგივეს ვერ ვგრძნობ.. უბრალოდ ვიცი რომ გამიხარდა და მორჩა...
ისევე როგორც რაიმე ტრაგედია.. 
რომ ხვდები როგორი შემზარავი რამ მოხდა, მაგრამ თან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ემოციური თვალსაზრისით...
ემოციები დავკარგე....
თითქოს ყველაფერი ერთნაირი გახდა... 
თითქოს ცხოვრების ხიდზე მივდივარ, რომელსაც ბოლო არ უჩანს, ადამიანური შეგრძნებების გარეშე და ვუყურებ, ჩემი ემოციები როგორ მიაქვს მდინარეს, ხიდის კიდესთან მივდივარ და ვხედავ როგორ იკარგება ჩქერში ჩემი პიროვნება, მაგრამ არ მადარდებს... არც ის მიხარია ჯერ კიდევ ხიდზე რომ ვდგავარ და მეც მდინარეს არ მივყვები...

ერთი სიტყვით შევეგუე იმ აზრს, რომ რაღაც რიგზე არ იყო ჩემს თავს და ექიმის დანიშნული  პაწაწინა აბები ვიყიდე, რომელიც დღეში ერთი ცალი უნდა მიმეღო ძილის წინ.. 
სამი აბი დავლიე... 
ანუ სამი დღე გაგრძელდა ჩემი მკურნალობა... 
და შედეგი არ  გაინტერესებს?? 
მთელი დღე მეძინებოდა, თან ისე ვერც ვხვდებოდი... რამდენჯერმე ბავშვთან თამაშის დროს ჩამეძინა ხალიჩაზე...
ასე რომ აბების მიღება შევწყვიტე... 
ზუსტდ არ მახსოვს რა დროის გასვლის შემდეგ შეწყდა ტკივილი ხელის და ფეხის მიდამოებში, მაგრამ ფაქტია რომ შეწყდა... 
ნელნელა შეგრძნებებიც დამიბრუნდა და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს  აჰყვა...

ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა ვატყობ თითქმის ერთი თვეა, შეიძლება მეტიც, მდორე და ერთფეროვანი გავხდი.. ტკივილები დამეწყო, ფიზიკური და არაფიზიკური... გრძნობები და შეგრძნებიც გამიხუნდა და ვერ ვხვდები რატომ... წესით ყველაფერი რიგზეა და არც არაფერი უნდა მაწუხებდეს, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცამ შემცვალა და უემოციო გამხადა, ზუსტად ისე როგორც ამ რამდენიმე წლის წინ...
მაგრამ იმასაც ვფიქრობ, იქნებ მართლა რამე ფიზიკური მაწუხებს?... ვერ გამიგია...
ჰო და ახლა, ისევ ჩემ თავს ვეკითხები მივიდე თუ არა ექიმთან?!
იქნებ საკუთარი თავის ექიმი უნდა ვიყო?!
ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს...
ამიტომ სანამ გასაძლებია ყველაფერს ისე დავტოვებ როგორც არის... 

პ.ს. საერთოდ როცა რამე გაწუხებს, ვფიქრობ სპეციალისტს  უნდა მიმართო, შემდეგ დაეთანხმები თუ არა მას, შენი გადასაწყვეტია, თავს მაინც გაითავისუფლებ იმაზე ფიქრისგან, გულის პრობლემაა, თირკმელის თუ უბრალოდ შენი შინაგანი პანიკა არ გაძლევს მოსვენებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი