ჰმ, ადამიანი!


ისე, რა უცნაურია ადამიანის ბუნება... ყველაფერს ისე ეგუება და ერგება, რომ ვერც ხვდება... რამდენჯერ აღმომიჩენია, ესა თუ ის მოვლენა, წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი რომ გგონია... საკმარისია რამდენიმე თვე, კვირა ან შეიძლება დღეც გავიდეს და... უკვე ყოველდღიურობაა... 
აი მაგალითად, რის გამოც ეს საუბარი დავიწყე,- პირბადე ავიღოთ...  საჭესთან ვზივარ, გაჩერებულ მანქანაში, ჩემ გოგოს ველოდები, შეხვედრა აქვს, ცოტა ნერვიულობს, მთელი გზა პრეზენტაციას მიკითხავდა... დრო მაქვს... არ ვიცი რა ვაკეთო... მაგრამ სულ რომ არაფერს აკეთებ, მაინც აკეთებ რაღაცას.. ფიქრობ მაინც.. ამ შემთხვევაში აღმოვაჩინე, რომ არაფერის კეთების პროცესში,  ყურადღებით ვაკვირდებოდი ადამიანებს ჩემს სიახლოვეს... რაღაც საერთო აქვს ყველას... საერთო, რომელსაც მეგონა ვერ შევეგუებოდით... სიმართლე გითხრა არ ვიცი, ან ახლა შევეგუე თუ არაა, მაგრამ ფაქტი ფაქტია: სახეზე ნაჭერაფარებულ ხალხში ახლა უცნაურად ის უფრო ხვდება თვალს, ვინმეს თუ სახეზე ყველა ნაკვთი უჩანს და რამე ძონძი არ აქვს აფარებული... აქამდეც  მქონია მსგავსი უამრავი შემთხვევა: რომ ზიხარ შენთვის და უყურებ უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს... ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებით... რამდენი საინტერესო რამ იმალება ამ უამრავი ადამიანის თითო პატარა მიმიკის უკან... მაგრამ "პირბადემ" მიმიკებიც მოკლა უცნობი ადამიანების სახეზე... ბევრჯერ შემიმჩნევია უკიდეგანო სევდა ამა თუ იმ ადამიანის სუფთა ღიმილის უკან... შემთხვევით გამვლელს რომ გაუღიმა, იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზეა და ცხოვრება მშვენიერია... მის ქვეცნობიერს კი ძალიან დიდი სევდა ქონდა, იქ შიგნით, თავის სამყაროში... არ ვიცი რა, იქნებ, შვილი ყავს ცუდად, ან ფინანსური პრობლემები აქვს, ან თვითონ ებრძვის რაიმე საშინელ დაავადებას, რაც ისე  გახშირდა, უკვე მაგაზე ფიქრიც კი ჟრუანტელს მგვრის... განიცდის შიგნით, მაგრამ მაინც შერჩენია ძალა, რომ გაიღიმოს... თავის სევდა შემთხვევით გამვლელს არ გაატანოს..
 პირიქით, შეიძლება მოჩვენებით, მაგრამ მაინც პოზიტივს ატანს, თითქმის შეუმჩნეველს... ღიმილს... 
ჩემი აზრით ღიმილი, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და აუცილებელი თვისებაა რისთვისაც ადამიანებმა ძალა არ უნდა დაიშურონ... 
ახლა კი, ვზივარ გაჩერებულ მანქანაში, და ვუყურებ, ისედაც ღიმილმოკლებული ერის შვილებს, როგორ აუვლიან და ჩაუვლიან გვერდს ერმანეთს  თითქოს ყველა სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდეს.. თითქოს ყველა ერთი ჩვეულებრივი ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე არ დადიოდეს  და ერთმანეთს თითქმის ვერ ამჩნევენ... თვალები უჩანთ, მაგრამ თვალებში ერთმანეთს არავინ უყურებს... თუ მაინც მოხდა და შემთხვევით ორი უცნობი ადამიანის მზერა გადაიკვეთა, პოზიტივის, სიყვარულის, გამხნევების ემოციის ნაცვლად, სევდა, ტკივილი, გაურკვეველი დაძაბულობა ეტყობათ….
ვერ გაუგია რა ქნას, მკაცრი მზერა ქონდეს?  რას მიყურებო მიაძახოს? მოიცა ამას მგონი იცნობს.. შეიძლება იცნობს მაგრამ უკვე ჩაიარა და "კიდია"... 
იშვიათად, მაგრამ მაინც კარგია, ლამაზი გოგონები იმსახურებენ გულწრფელ ან მათი სილამაზით აღფრთოვანებულ გაუაზრებელ ღიმილს... 
ყველა განსხვავებულია, მაგრამ მაინც ყველას რაღაც საერთო აქვს.. რაღაც სულისშემხუთავი საერთო... და ეს საერთო "პირბადეა"... 
პ ი რ ბ ა დ ე ე ე ე... 
როგორ მძუულს...  პირბადე, რომელიც, ისედაც იშვითს ჩვენი "ერის ხალხში", ღიმილს ფარავს... აქრობს... კლავს....

მერე ჩემი პიროვნების მეორე ნაწილი მაწვეთებს აზრს რომ შესაძლოა უკეთესიც იყოს... რატომთქო რომ ვეკითხები, კითხვითვე მპასუხობს: 
შენი აზრით, პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი იღიმება დღეს თბილისში, თუ პირიქით??  თავისი გაწამებული თუ დაბოღმილი ცხოვრება აქვს სახეზე გამოხატული და სულ რომ არ გინდოდეს სახეში გახლის... ჩემი აზრით მეორე, ამიტომ ჯობს ისევ პირბადეაფარებულებმა იმოძრაონ...


ოჰოო... ბოლო რამდენიმე წინადადება გადავიკითხე, რომ გამეგო სად გავჩერდი და საერთოდ რაზე ვსაუბრობდი...  აღმოჩნდა ცოტა გაბრაზებული ვყოფილვარ, არადა როგორც მახსოვს სხვა შეგრძნებით  ვწერდი.. (იმის მერე რაც აქამდე დავწერე რამდენიმე საათი გავიდა და მაინტერესებდა სად ვიყავი :)))

წერა მაშინ შევწყვიტე, როცა ჩემი ლოდინის დრო ამოიწურა, აღფრთოვანებული დაბრუნდა, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და კმაყოფილი იყო... იღიმოდა, ოღონდ მართლა, იმიტომ არა რომ ჩემთვის პოზიტივი გადმოეცა... ეს რა თქმა უნდა უკეთესი შეგრძნებაა, ვიდრე ვინმეს სიამოვნებისთვის გაღიმება.. როცა ღიმილი რაიმე კარგის, სიყვარულის გამოხატვის ან წარმატების შეგეგია... ამას არაფერი ჯობს... თან პირბადის გარეშე... სრული კომპლექტია იმისთვის რომ ცხოვრება გიყვარდეს, როგორიც არის... 
ჰო მართლა, რაც აუცილებლად უნდა დავწერო ის არის რაც ამ რამდენიმე საათში მოხდა... რამაც ძალიან დამაფიქრა საკუთარ თავზე... მოკლედ რა მოხდა... საერთოდ ბედისწერის, რაღაც სიმბოლოების, სასწაულების და კიდევ უამრავი ღვთიური  თუ  აუხსნელი მოვლენების "არ მჯერა"... თუ ამას კითხულობ და ჩემი ბოლო წინადადება მკრეხელობად მიიღე, მაპატიე.. არ მინდოდა მეწყენინებინა... არასდროს ვამტკიცებ, რომ ესა თუ ის, არ არსებობს... უბრალოდ არ მჯერა იმის რისი დამტკიცებაც არ შემიძლია... და მიუხედავად იმისა მე ვცდები თუ სხვა მილიონობით მორწმუნე, არავის შევურაცყობ, პირიქით მომწონს, მიყვარს "ნამდვილი" მორწმუნე ადამიანები... არ მგონია ვცდებოდე, მაგრამ თუ ვცდები მაინც ვფიქრობ ჩემი ნებაა მჯეროდეს, ან არ მჯეროდეს ამა თუ იმ მოვლენის... 
ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, რეალურად იმის თქმა მინდა რომ ძალიან მიყვარს "დამთხვევები"..  მაკვირვებს...
აი მაგალითად: 
წერა პირბადეზე, ღიმილზე და მის აუცილებლობაზე დავიწყე, და თან მჯერა რომ აქტიურად ვიღებ მონაწილეობას პოზიტივის გაზიარებაში უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების მიმართ... ამის საპასუხოდ კი, ჩემმა 6 წლის შვილმა, როცა ძიძა თავის სახლში მივიყვანეთ და უკან ვბრუნდებოდით მითხრა: 
- მა, რატო აღარ იღიმი??? 
ცოტა გამიკვირდა, მერე რამდენიმე საათის წინ დაწერილი ტექსტი ამომიტივტივდა... მეწყინა... ან გავბრაზდი საკუთარ თავზე... უფრო ზუსტად რომ ავხსნა "დავიბენი".  პატარა პაუზის შემდეგ ვეუბნები:
- და, მართლა აღარ ვიღიმი მა?? როგორ არ ვიღიმი, მგონი რაღაცეებს იგონებ...
    - მაშინ იღიმი როცა სასაცილოა, ისე აღარ...
- ხოოო.. არადა მე გასწავლიდი, რომ უცხო ადამიანებსაც კი უნდა გაუღიმო, რომ კარგ განწყობაზე დააყენო, გახსოვს?? 
- კი მახსოვს, მარა.... მმმმ... არ ვიცი როგორ უნდა გავიღიმო თუ არ მეცინება.. ესე?? 
და იღიმის, ოღონდ ძალიან სასაცილოდ... 
- იცი არაა საჭირო წარმოიდგინო როგორ გამოიყურები როცა იღიმი... მთავარია გინდოდეს რომ ვინმეს გაუღიმო, თუ მართლა ეგ გინდა მაშინ, ის სხვა აუცილებლად მიხვდება ამას...
ჩაფიქრდა,  თავში რაღაც რაღაცეები დაალაგა ალბათ, მიყვარს ეგეთს რომ ვხედავ ხოლმე.. მერე სულ სხვა ისტორიას მოყვა და მხიარულად  მოვედით სახლამდე... 
თვითონ ალბათ დაავიწყდა, ან ყურადღება არ მიაქცია რა მითხრა, ან შეიძლება მე არ ვუპასუხე რატომ აღარ ვიღიმი ისე, თუ სასაცილო არაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ იმის მერე მის თავში უამრავი რამე მოხდა, ბერ რამეზე გადახტა ფიქრებით, მარტო მანქანაში მინიმუმ ოთხი განსხვავებული თემა განვიხილეთ, სახლშიც სტუმრები დაგვხვდა (რაც უფრო მეტი ხალხია, მით უფრო ბედნიერია.)  ერთი სიტყვით საერთოდ დაავიწყდა მამა და მისი ღიმილის ნაკლებობა.. რასაც საკუთარ თავზე ვერ ვიტყოდი... 
მართლა აღარ ვიღიმი??  
თან პირველი არაა ვინც ამას მეუბნება... მე კიდევ მეგონა, რომ ხშირად ვიღიმი... იქნებ იმაზე ფიქრით რომ ყველა უნდა უღიმიდეს ერთმანეთს, ის დამავიწყდა რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს უნდა გავუღიმო იმაზე მეტი ვიდრე ვუღიმი... იმათ ვისაც "პირბადის" გარეშე ვუყურებ... ვისთან ერთადაც ვცხოვრობ,  ვიღვიძებ... ვინც  უბრალოდ გულწრფელად მიყვარს...  რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ხვდება ცოტა გაღიმება, მაგრამ არასაკმარისი... 

წერა რომ დავიწყე დაუსრულებლად მინდოდა მესაუბრა ღიმილის აუცილებლობაზე და "პირბადეზე" - როგორც მის დაუძინებელ მტერზე... 
რა თმა უნდა აზრი არ შემიცვლია, უბრალოდ  შევაჯამებ...

მნიშვნელობა არ აქვს, "პირბადით" ხარ თუ მის გარეშე, თუ გინდა რომ სხვას გაუღიმო, თუ მართლა გინდა, გაუღიმე პირბადით, გულწრფელი ღიმილი შენი სხსულის ყველა უჯრედში იგრძნობა, ის სახეზე მეტად შენს თვალებშია  და იმ ენერგიაში რასაც იღებ ან გასცემ ნამდვილი ღიმილის შედეგად.... 

თუ ყოველ დღე, ერთი ადამიანის გაღიმების მიზეზი გახდები, გამოდის ტყუილად არ გაგიღვიძია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი