ბნ. გიორგი
არ ვიცი რატომ. საკმაოდ დიდხანს... ღმერთზე ვფიქრობდი... ღამის 03:09 წუთია 7 დეკემბერი საკმაოდ გრძელი, ხმაურიანი დღე გამოვიდა... ერთ წამში, რომ გაიხსენებ ყველაფერს და ზუსტად რომელ მომენტზე იფიქრო ვერ ხვდები, აი ისეთი... ბევრი ადამიანით სავსე... და ახლა, ამ წუთას გავაცნობიერე, რომ ღმერთზე ვფიქრობდი... - აიღე რა ტელეფონი, ერთხელ გადადე ძილი და ვილაპარაკოთ... ისეთი მთვრალი ღილიმით ვუთხარი საკუთარ თავს, ხათრი ვეღარ გავუტეხე და ტელეფონს დავწვდი... ყოველი წინადადების მერე მეღიმება და საკუთარ თავს ვაბულინგებ, რომ ფიქრებს რაღაც ფარულად მხატვრული ხმით წერს... ისეთით, როგორი ხმითაც სინამდვილეში არ ილაპარაკებდა... თუმცა მნიშვნელობა არ აქვს! - მიხარია, რომ აქ ხარ... დღეს ბევრ თემაზე ლაპარაკი მომიწია, ბავშვებთან, უცნობებთან, სხვა ოჯახისწევრებთან თუ საკუთარ თავთან... - ხო და აქვე, საკუთარი თავი ჩამეკითხა: - ღმერთზე რას ფიქრობ მეგობარო? ჰო და მეც ავყევი და ასე გამოვლიეთ ძილისთვის განკუთვნილი ორი საათი! არ მახსოვს ზუსტად როდის, ალბათ, ასე კონკრეტული დღე არ ყოფილა... უფრო ვიტყოდი, ყველაფერმა ერთად: ვიღაცაზე ბრაზმა, მარხვამ, გაუცნობიერებელმა ლოცვამ, რაღაცეების გაცნობიერებამ, ცხოვრების სურთულემ, წერამ, კითხვამ, ყურებამ, შვილმა, მზემ თუ რამ, მაგრამ რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ "ღმერთი" რაიმე კონკრეტული კიარა, ყველაფერია... ჩემი აღმოჩენილი ყველაფერი, იმდენად მშვიდი... იმდენად კეთილი.. იმდენად ზოგადი და უწყინარი იყო, რომ ისიც აღმოვაჩინე, რომ ყოვლისშემძლე ძალა დაკარგა... ძალადაკარგული ღმერთი, გააზრებისთანავე "მკრეხელობად" აღვიქვი... თუმცა ღმერთის ყოვლისშემძლეობაში ეჭვის შეტანა, უფრო მისი გაგება იყო, ვიდრე უარყოფა... რაც უფრო მეტი, "უსამართლო სიკვდილი" გადამეყარა ცხოვრებაში... რაც უფრო მეტი გამოუსწორებელი შეცდომა, მით უფრო გაბრაზებული ვიყავი ღმერთზე... მით უფრო ვადანაშაულებდი "ყოვლისშემძლეს" ..... მიტ უფრო მეტად ვსაყვედურობდი იმის გამო, რომ სულ პატარა ჩარევაც არ გარისკა, ჩემს თუ სხვის ცხოვრებაში, რაც რადიკალურად შეცვლიდა ყველაფერს... რაც უფრო მეტად ვბრაზდებოდი ღმერთზე, მით უფრო მეტად მეშინოდა მისი... რაც უფრო ხშირად გავივლებდი საკუთარ თავში, როგორ ვთავხედობდი მის წინაშე ჩემი ბრაზით, მით უფრო მეტად ვიკარგებოდი საკუთარ ბრაზში... იმაზეც კი ვბრაზობდი, რომ ღმერთზე გაბრაზების უფლება არ მქონდა... და ერთხელაც.... კი არ გავბრაზდი.... მეწყინა... ვიგრძენი, რომ მეწყინა... არ მახსოვს, უბრალოდ გაბრაზების თავი არ მქონდა, თუ უბრალოდ ბრაზმა დამღალა... თუმცა ვიგრძენი, რომ მეწყინა... ვიგრძენი, რომ გულს ვეღარ ვიჯერებდი იმის ძახილით, აი მაგალითად: "ღმერთო რატოო???" "რატო გამწირე ღმერთო..." "რატომ არ მიეცი შანსი ღმერთო..." "სულ რაღაც ორი წუთი ღმერთო..." "ამ ერთხელაც ღმერთო..." "ხომ გთხოვე ღმერთო..." გავაცნობიერე, რომ არავის ბრალი არ იყო, ან ყველაფრის ბრალი ერთად იყო... გავიაზრე, რომ "ბრალი" არაფერს ცვლიდა.... ვიგრძენი, რომ ისევე ტკიოდა ჩემ ღმერთს, როგორც მე იმ მომენტში... ისევე ვბრაზდებოდი მასზე, როგორც საკუთარ თავზე... და ისეთივე უძლური ვიყავი მე, წარსულთან, როგორც ის იყო! მივხვდი, რომ მიყვარდა ჩემი ღმერთი... თანავუგრძნობდი მას, ყველა იმ ტკივილს, რაც მე ან რომელიმე ადამიანს გაუვლია... მესმოდა მისი და ვგრძნობდი მას... პირველად ცხოვრებაში მისი არ მეშინოდა... მერე არ ვიცი როდის, თუმცა მახსოვს, "ნოდარ დუმბაძის" პატარა მოთხრობები "საუბრები ღმერთთან"... ისეთი უშუალო, მეგობრული და ადამიანურია ღმერთთან მიმართებაში... "ბატონი გიორგი" ყველაზე ჩემიანი სახელი იყო ღმერთთან საუბარში... მანამდე, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა, ღმერთის იმედი სულ მქონდა, თუმცა, თუთქოს მეც სათანადოდ უნდა მოვქცეულიყავი... ისეთი შეგრძნება იყო, რომ ღმერთი სულ ჩემთან იქნებოდა, თუ ბევრს ვილოცებდი... თუ კარგი ადამიანი ვიქნებოდი... თუ რელიგიურად ვიცხოვრებდი... თუ არ ვმტრობდი... თუ სხვას ზიანს არ მივაყენებდი... და კიდევ ბევრი "თუ".... თუმცა, "ბატონი გიორგი", როგორც ღმერთი, იმდენად ჩემიანი გახდა, რომ ყველანაირი "თუ" დაიკარგა... ჩემი ღმერთი, ვინც არ უნდა იყოს ის, ხილული თუ უხილავი, ის ჩემიანია, ყოველგვარი "თუ"_ს გარეშე... კეთილია, როგორც ყველა ღმერთი... ყველგან და ყველაფერშია, როგორც ყველა ღმერთი... ჩემი ღმერთი სიყვარულია!!! ჩემი ღმერთი ბედნიერია, თუ მე ან ვინმე სხვა, ნებისმიერი ადამიანი ბედნიერია... ჩემი ღმერთი ბოროტების, ძალადობის, ჩაგვრის წინააღმდეგია... ჩემი ღმერთი ყველაფერია, თუმცა ის ყოვლისშემძლე არაა... ჩემი ღმერთი არ მოითხოვს თაყვანისცემას, მე მას თავხედიც ვუყვარვარ... ჩემი ღმერთი არ ბრაზობს ჩემზე.... ის საერთოდ არ ბრაზობს... ჩემ ღმერთს, სტკივა, თუ მე ცუდად ვიქცევი... მას სტკივა თუ ბოროტებას ჩავდივარ, თუმცა პირდაპირ ჩარევა არ შეუძლია... ჩემ ღმერთს, სიმსივნის განკურნება არ შეუძლია... არც ის შეუძლია ვინმეს დამართოს მსგავსი, თუმცა ბედნიერია თუ სასწაულით მას დაამარცხებ... ჩემ ღმერთს, სასწაულების მოხდენა არ შეუძლია, თუმცა ბედნიერია მისი არსებობით... ჩემი ღმერთი, რთულ დღეებში, პოზიტიურ ფიქრებს მაწვდის... ჩემი ღმერთი, ბრაზზე, სიყვარულით მპასუხობს... ჩემი ღმერთი, ბედნიერია თუ მიყვარს და სტკივა თუ მძულს... ჩემ ღმერთს, ჩემი სიკეთეები უხარია, და ჩემი ბოროტება თრგუნავს... ჩემი ღმერთი, არც ეჯიბრება შენსას და არც შურს მისი... ჩემი ღმერთი, ჩემია და შენიც არი... ჩემ ღმერთს, ისევე უყვარხარ შენ, როგორც მე ვუყვარვარ და ისევე ვერაფერს დაგიშავებს ჩემი მტრობისთვის, როგორც მე ვერ დამეხმარება იმაში, რომ შენ გიმტრო... ჩემი ღმერთი, უბრალოდ სიყვარულის მოყვარული ღმერთია... ის მკრეხელობად არ ჩამითვლის თუ მისი არ მწამს... ის სამოთხეს არ მპირდება, თუმცა არც ჯოკოხეთით მაშინებს... ჩემი ღმერთი, თანასწორივით გულღია საუბარს არ ერიდება ჩემთან... ის იუმორით სავსეა, მშვიდია და კეთილი... ის უბრალოდ ღმერთია... სიყვარულით მდიდარი, ღარიბი ღმერთი.... დუმბაძისეული... 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი