***


მთვარემ მოშავო ჩაიცვა ზეცა, 
დაზამთრებული შემოდგომის ბოლო წამებში 
მე და შენ ძველი, გაცრეცილი საბანი გვეცვა 
მობეზრებული სიყვარულით განაწამები... 
ტანში ღვინისგან გამაძღარი ბახუსი თვლემდა, 
წელში მოხრილი ცერა თითი მისრესდა თვალებს, 
გაორებული პიროვნება დაღლილ გულს მგლეჯდა, 
მხოლოდ ძილისგან, სამომავლოდ მოველი ალერსს... 
მოხუც ფანჯრიდან ნიკოტინის სურნელი ვღვარე, 
ეჭვიან ქუჩას წვიმის წვეთი ართმევდა გოგოს, 
დაპატიჟებულ სტუმარივით მიმიღო ღამემ, 
ვნებიან ქართან მოცეკვავეს მაჩვენებს ფოთოლს, 
წვიმა ჩურჩულით წაიკითხავს შექსპირის სონეტს, 
დაფლეთილ ღრუბელს მოაფარებს გაყინულ უბანს, 
ყველა ლამპიონს დაურიგებს სხვადასხვა როლებს 
და პრემიერას გამიმართავს სიცილით მსუქანს... 
სიამოვნებით შევისუნთქე ბოლო ნაფაზიც 
უცნაურია, როცა ზეცა, მიჭუტავს ვარსკვლავს 
დაძინებამდე მხოლოდ ერთი მრჩება აბზაცი 
ჩავიცვამ სიზმარს, შევიფერებ გაცრეცილ საბანს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი