ჩვენებური


შენებური სილამაზით, 
შენებურად მომხიბვლელი 
მიუყვები ჩემ სახლის წინ გზას... 
ჩემებური აივნიდან, 
ჩემებურად მომღიმარი 
შემოგხედავ, გაგაყოლებ თვალს... 
ჩვენებური წარსულიდან, 
ჩვენებური მონატრება 
დაგიკოცნის ეშმაკურად თვალს... 
ჩემებურად ხმამაღალი, 
შენებურად გარითმული 
ხმით მოგიძღვნი რამდენიმე სტროფს... 
ჩემებურად უდარდელი, 
შენებური გულგრილობით 
გავაფუტებ სიგარეტის ბოლს... 
შენებური ფინჯანიდან, 
ჩემებურად დაშაქრული 
შევისუნთქავ შავი ყავის სუნს... 
შენებური სილამაზის, 
ჩემებური პოეზიით 
დაგიხატავ ცისარტყელის გულს... 
ჩემებური მზის სხივებით, 
შენებურად დაზაგრული 
დავამშვიდებ გაბრაზებულ ზღვას... 
შენებურად მოვიქცევი 
და ჩემებურ მონატრებას 
დავუხუჭავ სამუდამოდ თვალს...

15.08.12

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი