რა მიზეზია?


ცარიელდება მუზა დღითიდღე 
აღარ ბიბინებს რითმების ველი
რა  მიზეზია? ალბათ სიფხიზლე,
სამაგიეროდ, ღვიძლია მთელი!

გამორთულია გრძნობები ყველა 
უბრალოდ მესმის, უბრალოდ ვხედავ,
რისი ბრალია? ალბათ სიფხიზლის,
სამაგიეროდ სისხლი კვლავ ფეთქავს!

რა სიმძიმეა!  გარდაცვალება 
ვდგავარ, ვუყურებ, ცრემლი კი არ ჩანს 
რა მიზეზია? ალბათ სიფხიზლე,
სამაგიეროდ, გული ჯერ ქაჩავს! 

არც მარტოობას მოაქვს სიმშვიდე, 
თავს კარგად არ  ვგრძნობ, არც გარეთ, ხალხში,
რისი ბრალია? ალბათ სიფხიზლის,
სამაგიეროდ ვიღვიძებ სახლში! 

დაკარგულია ყველა კავშირი,
გამიუცხოვდა შვილიც და დედაც 
რისი ბრალია? მგონი სიფხიზლის,
ჰო და, დამისხით მე მაგის დედაც!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი