7 წუთი
შუაღამის ქუჩას მიუყვება... სიგრილეს გრძნობს ყოველი ნიავის დაბერვისას... ფეხებს სცივა, წინდის ყელიდან მუხლებამდე, სადაც შორტი იწყება... ხელებსაც სცივა და ერთმანეთს ეხახუნება გასათბობად... მკლავებსაც სცივა აკეცილმკლავებიან მაისურის მკლავებამდე... ყელიც დაბურძგლულია სიცივით, წვერის დასაწყისამდე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ყურებს სცივა... ყურსასმენებით გამოტენილ ყურებს... აფრებგაშლილი იჭერს ნიავის ნაკადს... სცივა ყურებს მაგრამ არ იმჩნევს, არ აწუხებს... მთელი ყურადღება, ყურსასმენიდან წამოსული ბგერებისთვის აქვს მიპყრობილი.... დაბერილი ნიავისგან შეჟრჟოლებულს, ისე რითმულად აჯდება ამ 7 წუთიანი მუსიკის პირველი წუთი, რომ სიამოვნებისგან ხტის... მოძრაობს როგორც შეუძლია... ხვდება, რომ ყურებია და დიდად მოძრაობის "სქილს" ვერ ფლობს, მაგრამ შეშლილი მუსიკა ისე ურტყამს ძარღვებში, რომ "ტოკავს"... ტოკავს სიამოვნებით... ის პირველი მიმღებია ამ მუსიკის... ის პირველი განიცდის მას მთელს სხეულში... უნდა რომ იცეკვოს... და მისი სურვილი იმდენად დიდია, რომ მუსიკით გაბრუებული თავი, წრიულ მოძრაობას იწყებს... ყურები ბედნიერია... მთელი სხეულით მოშვებული მინდობია თავს და მის მოძრაობებს დაჰყვება... სრულ ნეტარებაში გაატარა ტრეკის მეორე წუთი... მერე მუსიკა მიჩუმდა... შენელდა... მხოლოდ ფონი დარჩა... წამებს ითვლის ყურსასმენგარჭობილი ყურები... ცქმუტავს... ახალი ენერგია ჭირდება... ახალი რიტმი... და აი ისიც... გამოცოცხლებული მუსიკა... ბუნდოვნად მოძრავ თავს, სიგარეტგაჩრილი თითები აჰყვა... ხან წრიულად... ხან წინ... ხან უკან... ათობით მოძრაობას აკეთებს სანამ ტუჩებამდე მიაღწევს... სიგარეტგაჩრილი თითები ტუჩებისკენ მიიწევს, რომ "ნაფაზი" გამოარტყმევინოს, თუმცა, ამას უჩვეულოდ აკეთებს... ცეკვავს... ცეკვავს მთლიანი მკლავი... ცეკვავს მხარი, იდაყვი, მაჯა... ცეკვავს სიგარეტგაჩრილი თითები... ცეკვაცეკვით მიაქვს სიგარეტის ფილტრი გახსნილი ტუჩებისკენ... ნაპასდარტყმული თავი, კიდევ უფრო მონდომებით ამოძრავებს მუსიკით დაექსტაზებულ ყურებს, რომელსაც მთელი სამყარო თავისი ჰგონია... ცეკვავს ყურები... ცეკვავს სხვისი დახმარებით, სხვასთან ერთად... ცეკვავს. და უფრო მეტი უნდა... უფრო მეტი უნდა და მისი სურვილი იმდენად დიდია, რომ მთელი სხეული მზადაა იცეკვოს ყურებისთვის... იცეკვოს მუსიკისთვის... იცეკვოს აქ და ახლა, ამ უკაცრიელ შუაღამის ქუჩაზე... დაღლილი ფეხებით მიმავალ პატარა ქუჩაზე, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ ისმის... მუსიკა მოულოდნელად მშვიდდება... ყურსასმენები ჩურჩულით იუწყებიან ახალი ენერგიის დასაწყისს... სიამოვნებისგან გათანგული ყურები "თვალდახუჭული" ელოდება დასასრულს, რომ სრულ სიჩუმეში გააანალიზოს მუსიკის ძალა... და მუსიკაც თითქოს ჩერდება... ერთწამიანი სრული სიჩუმე... და უეცარი მრავალხმიანი შეჯახება ყურის ბარაბნებთან... თავიდან აწყვეტილი მუსიკის ბოლო წუთი, თავგანწირვით ეხეთქება ყურებს... ხმაურით შეშინებული ტვინი აზრზე მოსვლას ცდილობს... "თვალებს ახელს" და მარტოსულ ქუჩაზე მიმავალ ფეხებს ხედავს... ახალმოკიდებული, ღერგაჩრილი თითები ისევ თავდავიწყებით ცეკვავს... რიტმში მოძრავი თავით "თავბრუდახვეული" ტვინი სიმშვიდეს მოითხოვს... მუსიკის გათიშვა უნდა... მაგრამ მუსიკაში ჩაძირული, მოცეკვავე და შეციებული ყურების სურვილი იმდენად დიდია... რომ ტვინი უბრალოდ ნებდება და "გაღიმებული ტუჩებით" შეიგრძნობს ყურების ბედნიერებას.... ყურების, რომელმაც იცის, რომ ეს დაუვიწყარი მუსიკა პირველმა მიიღო... ის არის ამ მუსიკის პირველი მიმღები და მისი გავლით ნაწილდება მუსიკა მთელს სხეულში... იცის, რომ პიველმა შეიყვარა ის მთელს სხეულში და ის განსაკუთრებულია... მერე რა, რომ მხოლოდ ყურებია... მას ცეკვა უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არ შეუქმნიათ... მოუხედავად იმისა, რომ მოძრაობა არ შეუძლია... და ყურების სურვილი იმდენად დიდია, რომ სხეულის სხვა ნაწილების დახმარებით შეუძლია იცეკვოს... ტვინი დაფიქრდა... თუ უმოძრაოდგაჩენილ, თავის ქალაზე მიკრულ ყურებს შეუძლია ცეკვა... თუ ამ უსუსურ სხეულის ნაწილს შეუძლია მუსიკით უდიდესი სიამოვნების მიღება... მაშინ, მე ყველაფერი შემიძლია... მე ვარ ის, ვინც ამ ხორცს ნაჭერს მართავს... მე შემიძლია ვიყო უკეთესი, ვიდრე გუშინ და ვიყო უფრო უკეთესი ხვალ... მე ვარ დომინანტი ამ სხეულში... მე შევქმენი ეს პიროვნება... მე ვარ პასუხისმგებელი მასზე... ჰოდა იცეკვოს ყურებმა... იგრძნოს მუსიკა... მოუკიდოს თითებმა და მოწიოს ტუჩებმა... ეს ყველაფერი ჩემი სურვილებია... მე ხომ ტვინი ვარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი