დას
აბა, როგორ ხარ ჩემო დაო? ამბით მოვედი, ქალაქში ლანდად დადის კაცი და ჭორებს ჰყვება, და ხალხიც ამის გაცხადებას ისე მოელის, უნდა მოგიყვე თორემ გული დარდისგან სკდება. თურმე სამოთხის ციხე-კოშკებს, გოდოლზე მაღალს, გამოჰპარვია ერთი ქვეყნად ცის ანგელოზი, რა ეს გავიგე, მის მერე ვზი, და ველი ამბავს, Მაგრამ ტყუილად, სულ ტყუილად მე მოგელოდი. წამით მეგონა, შენ იყავი ის ანგელოზი, მერე ვიფიქრე, მას ხომ ქვეყნად არასდროს სურდა, ხოდა მის მერე ვიჯექი და არ მოგელოდი, და ეგ ლოდინი განშორების წამივით მძულდა. მძულდა მე მაშინ, ის სიკვდილიც, რომელმაც მოგკლა, მძულდა Მე ის დღეც, პირველი თუ უკანასკნელი, მძულდა ყოველი, რაც კი მერე შენს სიკვდილს მოჰყვა, ცრემლი ცხელი და დადენილი თვალთაგან ნელი. დედა კვლავ ტირის. უშენობა წამით არ ტოვებს, კვლავ იმედი აქვს ქვეყანაზე სადმე გიხილოს, Მე თუ მიკითხავ, ვერ ავუდი ჩადენილ ცოდვებს, ერთი სული მაქვს შენი სახით ღმერთი ვიხილო. მაინც რა არის ეს იმედი, ბოლოს რომ კვდება, კვლავაც მგონია, ერთხელ იქნებ გამოიპარო, შემხვდე ქუჩაში, როგორც ყველა სხვა კაცი მხვდება, და სამოთხიდან გადაგმალო, მე მოგიპარო. დაე, ამდენთან ჩემზე იყოს ეგ ერთი ცოდვაც, ოღონდ ქვეყანას შენი სახის ხილვის გზა ჰქონდეს, მე დამეწეროს ეგ სიკვდილად, შეცდომად, ბოდვად, ოღონდ შენს ყოფნას ქვეყანაზე ზღვარი არ ჰქონდეს. აბა... როგორ ხარ ჩემო დაო? ამბით მოვედი, აწი შენ იცი, აქ სათხრობი ამბავი წყდება, იცოდე მარად! და ყოველთვის მაინც მოგელი, გახსოვდეს! ქვეყნად სასწაული ბევრი რომ ხდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი