შენით სიკვდილი


უკანასკნელად როცა შეკრთები, 
როცა დატოვებს სული შენს სხეულს,
გამოგიჩნდება ვინმე შემხები, 
შენს დაღალულ ხელს მძიმედ შერხეულს.
ვინ იცის რამდენმა იგემა ტყვია, 
ანდა რამდენმა შთაიცო ხმალი,
სხვების სინდისი დღეს ძირში გდია, 
გაქვავებული გაქვს მთელი ტანი. 
და მაგ ქვად ქცეულს ვინღა დასტირის, 
ვინ შეეხება ბოლოჯერ ნეტავ, 
ან ვინ გახდება გვამის მტვირთველი, 
არაფრად ღირხარ. უყურებ? ხედავ? 
ათასწლებს ქარი ქროლვით წალეკავს, 
ხსოვნას გათელავს მღვრიე მდინარე, 
ომში დაღუპულს ტყვია მონათლავს, 
ტყვიას კი სისხლი გადმომდინარე. 
რამდენმა ხმალმა იელვა თავზე 
რამდენი სატრფო ლოდინს გადაჰყვა, 
დღესაც მოელის მას კარის თავზე, 
მის მოლოდინში სიკვდილს არ წაჰყვა. 
დღეს კი, ჩემს სხეულს მთვარე დანათის,
რითი მოვკვდები, ღმერთის ხვედრია, 
არ მინდა ტყვია, არ მინდა ხმალი, 
შენით სიკვდილი, ესღა მწადია. 
ოჰ, ძვირფასია ბოლო შეხება,
ვისი წაგყვება, ვის იგრძნობ ბოლოს, 
შენი სიკვდილის იარაღს ცივს თუ, 
შენს გადაღლილ და სევდიან გოგოს. 
ზოგს სულაც ბოლოს წყალი ეხება, 
ზოგს სატრფოს კურცხალი მძიმედ ეცემა, 
Მე კი ვერავინ და ვერაფერი, 
ამ მიწის მეტი ვერ შემეხება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი