შეხება


როგორი მწველი იყოს ზაფხულის ის დღე,როდესაც შენს თვალებს ჩემი 
ფიქრები შეხვდა.სიცხე კი შენი შექმნილი იყო ჩემთვის....გვალვიან სხეულს ვერტიკალურად დასდევს დუმილისა და წყენის ნაიარევი.ალბათ არ იცი,რომ ეს შევნიშნე.შენს სველ,მტვიან თმას მზე დაჰნათის,ეს გწვავს,გტანჯავს და გკბენს. შემიძლია მოვიდე,და მოგიტანო წყალი.რომლის სურვილიც ასე გძლევს,მაგრამ მე მინდა გიყურო,ვუყურო შენსა და მზის ვნებიან ურთიერთობას,როგორც ეჯიბრებით ერთმანეთს.შენი მაყვლისფერი,ელამი თვალები გიშრისფერი ელვარებით,ცდილობს ნაკვერჩხალი ააგიზგიზოს ჩემი სულის დასავლეთ ნაწილში....და ასეც ხდება.
    მზე ისევ განაბნევს სხივებს.სურს პაპანაქება კიდევ უფრო ,,გააჩაღოს'.
ჩვენ კი ახლა უფრო ახლოს ვართ.ვხედავ შენს ოფლიან,ნატანჯ სხეულს,ოდნავ თმიან გულ-მკერდს,მაღალ ყელს და ჯინიან მზერას,ისევ და ისევ ამაყი,ელამი თვალებით,რომელსაც სველი თმა ფარავს.არ ვსაუბრობთ,მაგრამ გვესმის.ირგვლივ ხრიოკი ,დასამუშავებელი მიწაა აქა-იქ კი სამუშაო იარაღებია მიმოფანტული....
    უკიდეგანოდ გრძელდება მაყვლისფერი, ელამი  და მზეზე მწვანედ მოკიაფე თვალთა ჭიდილი.თვალდაუხამხამებლად ვფხეკ მიწას და შენს სველ ყელს ორივე ხელით ვუსვამ,როგორც ქანდაკებას ჩემით შესაქმნელს.ოო, როგორ საოცარია შენი უდრტვინველი და მშვიდი სახე ჩემთვის.მაგრამ შენი გულის ზედაპირი ირხევა წამიერად და ვხედავ....გკოცნი იქ,სადაც გული ხმაურობს და ცდილობს მანიშნოს,რომ მიგრძნო. ახლა მეც მიწიანი ვარ და ჩემი ხორცისფერი კაბაც შენი თეთრი პერანგივით ყავისფერია და ორივეს ყაყაჩოს სურნელი გვაქვს. ვდგავართ უმნიშვნელო წერტილში და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება....
      გვალვას ქარი ემატება.მიწის ზედაპირიდან წვრილ-წვრილ ქვიშის მარცვლებს იტაცებს და სველ თმაში გვაყრის.ნელ-ნელა ქრება შენი ოფლიანი,ოდნავ მტვრიანი სხეული,ქრება ჩემი სულის დასავლეთ ნაწილიც.ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება,მაგრამ ჩვენთვის საუკუნედ გრძელდება....
    ვახელთ თვალებს.ჩემი სულის დასავლეთ ნაწილში ვარ,შენ კი სამხრეთით.
     ისევ ველით ქარიან გვალვას, რათა დაბრუნდეს ჩვენი თუნდაც წამიერი გაელვება დედამიწის უკიდურეს წერტილში, სადაც ჩვენეული თვალების ალისფერი ელვარება ვერასდროს შენიშნავს სამყაროსეული ამაოების დამანგრეველ ქარიშხალს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი