სიზმრებმა მითხრეს


არ შეეგუო, რაც მოხდა იმ დღეს,
იმ დღეს რაც მოხდა, სიზმრებმა მითხრეს…

ახლა ჩვენ შორის არის უფსკრული,
ჩვენ შორის კიდევ არს უზღვრო კიდე,
კიბე და კიბე, 
და კიდევ კიდე,
და შენი რიდე, 
მოფარებული,
მორიდებული, 
როგორც ზამბახი,
ჩამესმის, მესმის, როგორაც ბახი,
თითქო აროდეს მქონდეს ნანახი,
თითქო არ ვგრძნობდე, როგორ ბალახი
ავსებდა ჩვენში დარჩენილ სივრცეს.

ჩვენ შორის კიდევ გამუქდა ფონი,
და უფრო მკაცრად გადიქცა ტონი,
რომელიც გასდევს ამ განშორებას…

ჩვენ შორის დარჩა მხოლოდ მაგია,
მხოლოდ მისტიკა და ემპათია,
და მხოლოდ ფიქრი -
და მხოლოდ ფიქრი -
რომ ისევ აქ ხარ.

ჩვენ შორის მანძილს
მყისიერ ფარვით
მხოლოდ, ამშვენებს ახლა, ფიქრები,
და იქნებ,
იქნებ
სწორედ ამიტომ
ფიქრად დარჩი და ფიქრად იქნები.

და მხოლოდ ასე გაგვიგრძელდება,
ერთურთით ტკბობა,
ერთურთზე დარდი,
და დამარხულიც,
და დამარხულიც!
აღმოცენდება ჩვენივე ვარდი.

ჩვენ,
ჩვენ,
ორივემ!
ამპარტავნებას
მივეცით ნება,
ჩვენზე ემეფა.
და ეს მეფობა,
როგორც განგება,
ან განჩინება,
ანდაც… თავნება
აზრი, 
რომელიც არ ინამება,
აზრი, 
რომელიც არის წამება,
რომ თითქოს,
თითქოს, 
რაც გვსურს ორივეს,
არ გვსურს არც ერთს
ან
ერთს მეტად უნდა.

ჰოდა,
მე გეტყვი,
მე გეტყვი ისევ -
არ შეეგუო,
რაც მოხდა იმ დღეს.

და
აწ ჩვენ შორის
დარჩენილ გზიდან,
ერთადერთიდან,
როგორაც მოჩანს,
მე გეტყვი,
გეტყვი,
მე გეტყვი ისევ -
იმ დღეს რაც მოხდა,
სიზმრებმა მითხრეს.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი